დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინა, გვერდითი ეფექტის სახით, სხეულის ძლიერ კანკალს იწვევს

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

Facebook-ზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ნათქვამია, რომ ორ სხვადასხვა ქალს COVID-19-ის ვაქცინის შემდგომ, კანკალის სიმპტომი აღენიშნებათ. ორივე პიროვნება, შაუნ სკელტონი და ანჯელა გიპსონ დეზელი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში აღნიშნავს, რომ მათ კონკრეტული სიმპტომი ვაქცინის მიღების შემდეგ გამოუვლინდათ. ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ, მათ შორის ქართული Facebook გვერდებისა და პირადი პროფილების საშუალებით. ვიდეოებს გამოეხმაურნენ კონსპირაციული თეორიებითა და რადიკალური იდეოლოგიების მიმდევრებისთვის პოპულარულ ვებ-გვერდ Bitchute.com-ზეც.

აღსანიშნავია რომ „დაავადებისა და პრევენციის ცენტრის“ ოფიციალურ გვერდზე, არც Moderna-ს და არც Pfizer-ის ვაქცინის გვერდით მოვლენებში, იდენტური ან მსგავსი სიმპტომი, რომელიც მთლიანი სხეულის ან სხეულის რომელიმე კიდურის კანკალს იწვევს, არ ფიგურირებს.

ამასთან ერთად, ორივე შემთხვევაში იკვეთება გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მტკიცებას, რომ კანკალი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

შაუნ სკელტონი ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, აცხადებს, რომ უკონტროლო კანკალი, 4 იანვარს, Moderna-ს ვაქცინის პირველი ინექციის შემდეგ დაეწყო.

სკელტონის საქმროს, რიჩ ვიდიელას თქმით, მას შემდეგ, რაც ძლიერი კანკალისა და ენის სპაზმის გამოვლენის შემდეგ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ვერ დაადასტურეს, თუ რა იყო მსგავსი ეფექტის გამომწვევი, Deaconess Orthopedic Neuroscience Hospital-ის ექიმებმა, სადაც სკელტონი მკურნალობდა, აღნიშნეს, რომ მსგავსი ეფექტი, სავარაუდოდ, სტრესს უკავშირდება.

რაც შეეხება, ვაქცინაციის შემდეგ, მეორე ძლიერი კანკალის გამოვლენის შემთხვევას, ვიდეო რომელიც ინტერნეტეში ვრცელდება, ლუიზიანას მკვიდრ ანჯელა გიპსონ დეზელს ეკუთვნის.

ფაქტების გადამოწმების ამერიკულ ორგანიზაცია Politifact-თან საუბრისას, დეზელის შვილმა, ბრანტ გრინერმა განაცხადა, რომ დედამისმა ფაიზერის (Pfizer-BioNTech) ვაქცინა 5 იანვარს მიიღო, ხოლო 8 იანვარს მარცხენა ფეხის კანკალი დაეწყო. გრინერს არ უპასუხია კითხვებზე, თუ რომელ ჰოსპიტალში მიიღო დედამისმა ვაქცინა ან რომელ ექიმს ესაუბრა ის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

Politifact-ის თანახმად, ამ დროისთვის წაშლილ ვიდეოში, სადაც დეზელი თავის მდგომარეობაზე საუბრობდა, მან აღნიშნა, რომ სისხლის ანალიზისა და თავის ქალის სკანირების შედეგები ნორმაში იყო. ამასთან ერთად, იმავე ვიდეოში დეზელი ასახელებს ვოლფ პარკინსონის თეთრ სინდრომს, რომელიც გულისცემის არასტაბილურობას იწვევს. თუმცა ვიდეოდან გაუგებარია, რატომ ახსენებს აღნიშნულ დაავადებას: ახსენებს იმიტომ, რომ მას პარკინსონი აქვს თუ იმიტომ, რომ ექიმები თვლიან, რომ შესაძლოა, მის კანკალს ეს დაავადება იწვევდეს.

ლუიზიანას ჯანმრთელობის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მათთან ვაქცინით გამოწვეული კრუნჩხვითი ან სხვა ნევროლოგიური გვერდითი ეფექტი, არ დაფიქსირებულა.

Politifact-თან საუბრისას, დარგის სხვადასხვა სპეციალისტი აცხადებს, რომ ვაქცინის მიერ გამოწვეული კანკალის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არსებობს.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ დამთხვევისა და მიზეზობრივი კავშირის საკითხი ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა, როდესაც ვაქცინები მასობრივად ტარდება. ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც, ძირითადად, ჯანმრთელები არიან, მოზრდილი ადამიანები მკურნალობენ მედიკამენტებით ან სხვადასხვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადება აქვთ, რაც ავტომატურად მათ ჯანმრთელობას მეტი რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როცა გართულებები არა ვაქცინის, არამედ კონკრეტულ შემთხვევებში, ადამიანის სამედიცინო ისტორიაში დაფიქსირებული დაავადებების ბრალია.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში როგორც შაუნ სკელტონის, ისე ანჯელა გიპსონ დეზელის ვიდეოები არასრული კონტექსტით ვრცელდება და ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს, რადგან მტკიცებულება, რომ ძლიერი კანკალი, ორიდან რომელიმე შემთხვევაში მაინც, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია, არ არსებობს.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი