დეზინფორმაცია: 2019 წელს, ბორის ჯონსონის გამოსვლის თანახმად, მსოფლიო ლიდერებს პანდემიის სცენარი დაგეგმილი ჰქონდათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიენები“ , გაეროს 74-ე სესიაზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის გამოსვლის ვიდეოს შინაარსს არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ნათარგმნ ვიდეოში ყველაფერი ორიგინალის შესაბამისად არის თარგმნილი და ქართული გახმოვანება გამოსვლის შინაარსს არ ამახინჯებს, სათაური, რომელიც „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებმა“ ვიდეოს დაურთო, ყალბია და გამოსვლის რეალურ შინაარსს არ გადმოსცემს. სათაურის თანახმად, „მათ [იგულისხმება გაეროს ასამბლეაზე გამომსვლელი მსოფლიო ლიდერები] წინასწარ იცოდნენ ყალბი პანდემიის შესახებ“. Facebook-გვერდის თანახმად, ყალბი პანდემია ვაქცინაციის ჩასატარებლად მოიგონეს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის შემცირებასა და გენეტიკის გარდაქმნას, სინთეთიკური დნმ-ის გამოყენებას გულისხმობს. „მრავალი აცრის მეშვეობით, ადამიანებს სხეულში შეუყვანონ საკმარისი რაოდენობის ნანოტექნოლოგიური რობოტები, მათ დასამონებლად, მათი გონების ხელოვნურ ინტელექტზე მიერთების მიზნით“,- ნათქვამია „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ პოსტში.

რეალურად, გამოსვლაში ბორის ჯონსონი ტექნოლოგიის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. გამოსვლის დასაწყისში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას მის წარმოდგენებში არსებულ მომავალზე ამახვილებს, რომელიც ტექნოლოგიის არასწორ გამოყენებას შეიძლება, მოჰყვეს. მისი თქმით, ინტერნეტი საბეჭდი დანადგარების შემდეგ კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონებაა, თუმცა კაცობრიობამ უნდა მოახერხოს, რომ მომავალი ტექნოლოგიები თავისუფლებისთვის, ღიაობისა და პლურალიზმისთვის გამოიყენოს.

ამასთან ერთად, გამოსვლის მეორე ნაწილში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, მეცნიერების განვითარებამ მსოფლიოს თუ რა დადებითი შედეგები მოუტანა და ყველანაირი ანტი-სამეცნიერო მტკიცება საჯაროდ დაგმო. ტექნოლოგიის განვითარების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების განხილვის ფონზე, მან ახსენა ადამიანის ისტორიული უნდობლობა ტექნოლოგიების მიმართ და სწორედ ამის საილუსტრაციოდ ანტივაქსერების მაგალითი მოიყვანა, რომლებიც ვაქცინას არ აღიარებენ და საკუთარი ქმედებებით შვილების ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ.

ამასთან ერთად, მან ყურადღება, სხვა ისეთ სამეცნიერო ტექნოლოგიურ მიღწევებზე, გაამახვილა, რომელთა საშუალებითაც „უსინათლოებს დანახვა შეუძლიათ, სმენის არ მქონეებს კი გაგება“.

გამოსვლის დასასრულს, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კაცობრიობის მომავალს განსაზღვრავს ის, თუ საზოგადოება ახალ ტექნოლოგიებს რისკენ მიმართავს და როგორ გამოიყენებს მას, რადგან ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ: ორუელისეულ სამყაროში* (რომელზეც თავისი წარმოდგენები გამოსვლის დასაწყისში გაუზიარა ასამბლეის დამსწრეებს), თუ სამყაროში, რომელიც შეძლებს შიმშილისა და დაავადებების და არა - თავისუფლების მოსპობას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი პანდემიის ან მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმაზე არ უსაუბრია. მან ანტივაქსერების მოძრაობა, სასარგებლო სამეცნიერო მიღწევების მიმართ უნდობლად განწყობილი მოსახლეობის საილუსტრაციოდ ახსენა. შესაბამისად, მტკიცება, რომ პანდემიის სცენარი მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, გენეტიკის შეცვლისთვისა და ნანოტექნოლოგიური რობოტებით მოსახლეობის დასამონებლად შეიქმნა, Facebook-გვერდის მიერ გამოგონილი ყალბი ამბავია და მას ბორის ჯონსონის გამოსვლასთან საერთო არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია თითქოს ვაქცინა გენეტიკას ცვლის აქამდეც გავრცელებულა. სინამდვილეში, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს (ამავე თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მსოფლიო ლიდერები გამოსვლის დროს მათთვის პრიორიტეტულ და პრობლემატურ თემებს ეხებიან. ბორის ჯონსონის მიერ ტექნოლოგიების შესახებ თემის წინ წამოწევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ბრიტანეთი ტექნიკური ინდუსტრიის განვითარების მხრივ, მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს. ეს ბორის ჯონსონმა თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა, გამოსვლის ბოლოს კი, კონკრეტულ თემებზე სამსჯელოდ, ასამბლეაზე დამსწრეები 2020 წლის ტექნოლოგიების სამიტზე ლონდონში მიიწვია.

*ორუელისეული სამყარო - ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებიდან წარმოშობილი ზედსართავი სახელი ინგლისურ ენაში. ასახავს ღია და თავისუფალი საზოგადოების საპირისპირო, დესტრუქციულ, რეპრესიულ, პროპაგანდითა და სიმართლის უგულებელყოფით მართულ სამყაროს.

ყალბი ამბები, რომ პანდემია დაგეგმილი იყო, აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3;)

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი