აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები, 2020 წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, შემცირებულად არის დაგეგმილი. ნაკლებია იმ 3 334 მომუშავის შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ხარჯიც, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.

თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, დაგეგმილი შრომის ანაზღაურების ხარჯი მთლიანი ასიგნებების 11,73%-ს შეადგენს, რაც 2020 წლის საბოლოო გეგმის ანალოგიურ მონაცემს აღემატება, როცა შრომის ანაზღაურებისთვის მთლიანი ასიგნებების 11,46% იყო გათვალისწინებული.

ხელფასების მატება რამდენიმე პროგრამით არის გათვალისწინებული.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2021 წლით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ხარჯი მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში დასაქმებულებისთვის

წყარო: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

შეგახსენებთ, რომ შრომის ანაზღაურების პარამეტრი შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა ხელფასებისთვის განკუთვნილ მონაცემებს არ მოიცავს, რომელიც მუხლ „საქონელი და მომსახურებაშია“ გათვალისწინებული. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ხარჯი შემცირებულია. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შრომის ანაზღაურების ზრდა დაგეგმილია „სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამით. კიდევ ერთი ქვეპროგრამა, რომლითაც დასაქმებულების ხელფასების ზრდა დაიგეგმა, არის „სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეპროგრამით, ანაზღაურება იზრდება როგორც 2020 წლის გეგმის პირვანდელ, ისე - საბოლოო ვარიანტთან მიმართებით.

ცხრილი 2. შრომის ანაზღაურება „სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობისა“ და „სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში, აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები შემცირებულია, ორივე ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ზრდა. „სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა 206 მომუშავის ხელფასს ითვალისწინებს, ხოლო „სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამიდან 779 მომუშავის შრომა ანაზღაურდება. გამოდის, რომ ერთი დასაქმებულის ანაზღაურება, პირველ შემთხვევაში, საშუალოდ, 480 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 700 ლარს აღემატება.

ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, „სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, არაერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ფინანსდება.

ცხრილი 3. „სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციები (სსიპ), რომლებიც აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

წყარო: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „არსიანსა“ და „ხორუმზე“ საუბარია სახელმწიფო აუდიტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებულ პერიოდს მოიცავს. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, „არსიანში“ გამოვლინდა გარემოება, რომ იურისტი იმავე ორგანიზაციის შესყიდვების კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა. ასევე, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემთხვევაში, მივლინების თანხის ზედმეტად ანაზღაურების ფაქტი და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზები, გამოიკვეთა. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ ანსამბლ „ხორუმის“ ქონებას საინვენტარო ნომრები მინიჭებული არ აქვს, ან ქონების ბრენდი და მოდელი მითითებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის სამინისტროს რეკომენდაციები მიეცა.

ფოტო: https://www.facebook.com/117682535091919/photos/a.117686595091513/1388608877999272

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი