დეზინფორმაცია: FBI: კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიში საფრანგეთიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი ყოველდღიური მოვლენები კაპიტოლიუმში შეჭრის მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „FBI - ივანიშვილი სკანდალში ეხვავა. კაპიტოლიუმზე მიტანილ იერიშს საფრანგეთიდან აფინანსებდნენ, გადარიცხულია 500,000$-ის ბიტკოინები. ეჭვი ივანიშვილის პირად ბუღალტერზეა“.

აღნიშნულ საკითხზე FBI-ის წარმომადგენელმა განცხადება NBC-სთვის გააკეთა. განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს ტრანზაქციაზე, რომელიც 8 დეკემბერს ფრანგმა პროგრამისტმა განახორციელა. გადარიცხვის განხორციელების მომენტში 522,000 $-ის ღირებულების ბიტკოინი (28.15 BTC), პროგრამისტმა 22 სხვადასხვა ანგარიშზე გადარიცხა. FBI-ის განცხადების თანახმად, გამოძიება გრძელდება იმ საკითხზე, ჩართული იყო, თუ - არა, სხვადასხვა მთავრობა, ორგანიზაცია ან ინდივიდი კაპიტოლიუმის მოვლენებში და არის, თუ - არა, კავშირი ზემოთ ხსენებულ ტრანზაქციასა და 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შორის. 17 იანვრის მონაცემებით, ჯერ არც ერთი ქვეყნის ან პოლიტიკოსის მონაწილეობა, ბიტკოინების გადარიცხვის საქმეში არ გამოკვეთილა.

კომპანია chainalysis-მა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს ბლოკჩეინის (3) ანალიზისა და კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება, გადარიცხვის სქემა საჯაროდ გამოაქვეყნა, სადაც დასტურდება, რომ ტრანზაქცია საფრანგეთიდან განხორციელდა. ასევე, კომპანიამ ტრანზაქციის მიმღები პირებისა და ორგანიზაციების სია საჯაროდ გამოაქვეყნა.

ანგარიშის მფლობელების უმეტესობა ისეთ რადიკალ მემარჯვენე აქტივისტებს წარმოადგენდნენ, როგორიცაა: ნიკ ფუენტე - ამერიკელი მემარჯვენე ნაციონალისტი და პალეოკონსერვატორი, (2) რომელმაც მთლიანი ტრანზაქციიდან ყველაზე მეტი, 250,000$-ის ღირებულების ბიტკოინი მიიღო. ამასთან ერთად, თანხა ჩაერიცხათ ანტი-იმიგრაციულ ორგანიზაცია VDARE-ს, კონსპირაციული თეორიებით განთქმულ საიტ BITCHUTE-ს და ა.შ.

ასევე, Chainalysis-ის ანალიზზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ადამიანი, რომელმაც ბიტკოინების ტრანზაქცია განახორციელა, 35 წლის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იყო, რომელმაც ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, იმავე დღეს სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

FBI-ის გამოძიება აღნიშნულ საკითხზე დასრულებული არაა. შესაბამისად, ჯერ არ არსებობს საბოლოო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო, თუ - არა, კაპიტოლიუმში შეჭრა წინასწარ დაგეგმილი ან არის, თუ - არა, კავშირი კონკრეტულ ტრანზაქციასა და 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს შორის. დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაცია, რომ FBI-ს თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ან მისი პირადი ბუღალტერი რაიმე ფორმით 6 იანვრის მოვლენებში არიან გარეული, ტყუილია.

6 იანვარს, კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

(1) ბიტკოინი - მსოფლიოში პირველი, სრულიად დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება.

(2) პალეოკონსერვატიზმი - პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ფოკუსირდება ამერიკულ ნაციონალიზმზე, ქრისტიანულ ეთიკაზე, რეგიონალიზმსა და ტრადიციულ კონსერვატიზმზე. მრავალი ონლაინ გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპის კამპანია პალეოკონსერვატორულ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.

(3) ბლოკჩეინი - კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკების ჯაჭვი, რაც ტრანზაქციების მიდევნების საშუალებას იძლევა. აღნიშნულ ჯაჭვში ერთხელ განხორციელებული ტრანზაქციის ჩანაწერის შეცვლა, ყველა მომდევნო ტრანზაქციის ბლოკის შეცვლის გარეშე, შეუძლებელია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი