ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელს აგროსურსათის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 753 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 55%-ითაა შემცირებული და 2019 წელს 356 მლნ დოლარი შეადგინა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (დეფიციტი), ნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში უფრო მეტი გადავიხადეთ, ვიდრე უცხოელებმა საქართველოდან გატანილ პროდუქციაში გადაიხადეს. ასევე, ვაჭრობიდან ნაკლები ვალუტა შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება, თუ მისი დაბალანსება სხვა წყაროებიდან არ მოხდება.

2019 წელს აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 281 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.7%-იანი გაუმჯობესებაა (2018 წელს 394 მლნ აშშ დოლარი იყო), ხოლო 2012 წელთან შედარებით ( 753 მლნ აშშ დოლარი), 62.7%-იანი კლება ფიქსირდება, რაც 7.2 პროცენტული პუნქტით აღემატება დასახელებულ 55%-იან ნიშნულს.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელი შეაჯამა. წერილს თან დანართი ერთვის, სადაც ქართული ოცნების საქმიანობა უფრო დაწვრილებით არის შეფასებული. „2012 წლისთვის აგროსურსათის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 753 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 55 პროცენტითაა შემცირებული და 2019 წლისთვის 356 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა“ - აღნიშნულია დანართში.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სავაჭრო დეფიციტი) ნიშნავს, რომ საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება, ე.ი. ცალკეული ქვეყანა საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე უცხოელები ამავე ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის შესაძენად იხდიან. მსგავს შემთხვევაში საქონლით ვაჭრობიდან ნაკლები ვალუტა შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან გადის, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება, თუ მისი დაბალანსება სხვა წყაროებიდან არ მოხდება. როცა უარყოფით სალდოს შემცირების ტენდენცია აქვს ე.ი. მცირდება ვალუტის ის დანაკლისი, რისი დაბალანსებაც ქვეყანას სხვა წყაროებიდან უწევს, რაც დადებითი ტენდენციაა. წყაროები, საიდანაც ხდება დეფიციტის დაბალანსება, შესაძლებელია იყოს მომსახურების ექსპორტი (ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება) და უცხოური კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის საგარეო ვალის აღება. საგარეო ვალის ხარჯზე დეფიციტის დაბალანსება ყველაზე ნაკლებად სასურველი ალტერნატივაა.

2019 წლის მონაცემით, საქართველოში 844.3 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2018 წელთან შედარებით 12%-ით არის შემცირებული. 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი 39.5%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი და უარყოფითი სავაჭრო სალდო (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წელს, აგროსასურსათო პროდუქტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 22%-ს შეადგენდა, წინა წელს იგივე მონაცემი 29% იყო. 2019 წელს ძირითადად ექსპორტირებული იყო: ღვინო, სიგარეტი, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, თხილი და სხვა. ღვინის ექსპორტმა 222 849 360 აშშ დოლარი შეადგინა, აგროსასურსათო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის 26.4%, 2019 წელს 66 696 770 აშშ დოლარის ღირებულების თხილი იქნა ექსპორტირებული - მთლიანი ექსპორტის 7.8%, სიგარეტის ექსპორტმა 53 603 800 აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 6.3%. 2019 წელს აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 291 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.7%-იანი კლებაა (2018 წელს 394 მლნ ლარი იყო), ხოლო 2012 წელთან შედარებით, 62.7%-იანი კლება და არა 55%-იანი, როგორც განცხადებაშია აღნიშნული.

2018 წელს, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი საქართველოდან 96 ქვეყანაში განხორციელდა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას უწყობს ხელს. 2018 წელს ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (25%), აზერბაიჯანი (16%), ევროკავშირი (15%), უკრაინა (9%), ყაზახეთი (7%) და ა.შ.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2019 წელს 1 124 740 720 აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია არის იმპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16.9 %-ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 11.8%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: სიგარეტი (9.3%), ხორბალი (9.6%), შინაური ფრინველის ხორცი (5.7%), შაქარი (4.4%), შოკოლადის ნაწარმი ( 4.8%) და სხვა. 2019 წელს, საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი 111 ქვეყნიდან განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (23%), ევროკავშირი (22%), უკრაინა (15%), თურქეთი (10%), აზერბაიჯანი (3%) და ა.შ. როგორც მონაცემებიდან ჩანს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ყველაზე დიდ ბაზრად კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება.

2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამიტომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მატება ყოველთვის სარისკოა. მეორე მხრივ, 2015-2016 წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) ხელს უწყობდა იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას. ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად უცხოელთათვის ქართულ პროდუქციას აიაფებს, კურსის ეფექტიც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყო.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი