სოციალურ ქსელში კორონავირუსთან და კაპიტოლიუმის მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12 იანვარს Facebook-გვერდმა „ფაქტები და მოსაზრებები“ კობა კუპრაშვილის Facebook მიმართვა გამოაქვეყნა. კობა კუპრაშვილი, რომელსაც სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდეოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიას ავრცელებს. ამასთან ერთად, იგი 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის ამბებსაც ეხმაურება და თვლის, რომ ვაშინგტონში მიმდინარე ქაოსი ანტიფასა და BLM-ის მოწყობილი იყო. კუპრაშვილის მტკიცებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება 1: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გენმოდიფიცირებული სუბსტანციაა, რომელიც ადამიანის გენეტიკას ცვლის. ადამიანები, რომლებმაც ვაქცინა ერთხელ გაიკეთეს, კორონავირუსით მაინც დაინფიცირდნენ. სწორედ ამიტომ, ვაქცინის ხელმეორედ გაკეთებისკენ, მოგვიწოდებენ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის, ვაქცინაზე მუშაობის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრიც“ არაერთხელ წერდა. სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არცერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ვაქცინის ხელმეორედ გაკეთება აუცილებელი გახდა, რადგან პირველი ინექცია უშედეგო აღმოჩნდა და ადამიანები COVID-19-ის ვირუსით მაინც დაინფიცირდნენ, ფაქტებით მანიპულირების წარმოადგენს. აშშ-ში ვაქცინაციის პირველი ფაზის ჩატარების შემდეგ ინფორმაცია ნამდვილად გავრცელდა, რომ კალიფორნიაში რამდენიმე სამედიცინო პერსონალი ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ COVID-19-ით მაინც დაინფიცირდა. თუმცა ექსპერტების თქმით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან ვაქცინის ეფექტურობა დროზე და მიღებულ დოზაზეა დამოკიდებული. ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს ერთიდან ორ კვირამდე დროის შუალედი სჭირდება, რათა იმუნიტეტი გამოიმუშაოს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სტრუქტურული ერთეული რნმ-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაში დასუსტებული ან ინაქტივირებული ვირუსის მიკრობები არ არის გამოყენებული. მას შემდეგ, რაც ორგანიზმში რნმ ვაქცინაციის შემდეგ მოხვდება, ადამიანის ორგანიზმი ცილის ან ცილის მცირე ფრაგმენტის წარმოქმნას იწყებს, რომელიც იმუნური პასუხის გამომწვევი ხდება. ეს იმუნური პასუხი ანტისხეულების გამომუშავებით ვლინდება, რომლებიც ორგანიზმში ნამდვილი ვირუსის მოხვედრისას მას მარტივად ამოიცნობენ და ადვილად უმკლავდებიან. იმუნიტეტის გამომუშავების პროცესი კი ერთიდან მაქსიმუმ ორ კვირამდე გრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, პირბადის ტარება და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, კვლავ მკაცრად სავალდებულოა.

ამასთან ერთად, Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის კლინიკური კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაქცინის პირველი დოზა 52%-ით ეფექტურია, შესაბამისად, ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის დონე არ არის სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, ორი ავტორიზებული ვაქცინის (იგულისხმება Pfizer/BioNtech-სა და Moderna-ს ვაქცინები) ეფექტური მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, რომ მომხმარებელმა ინექციის სრული კურსი ჩაიტაროს, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის შემთხვევაში 21, ხოლო Moderna-ს შემთხვევაში 28 დღე არის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირს ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, როგორიცაა მაგალითად, ანაფილაქსი, მაშინ მან ვაქცინის მეორე დოზა აღარ უნდა მიიღოს.

მტკიცება 2: ბილ გეითსი ღიად საუბრობს მსოფლიოში არსებული ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ შეაჩერებს ადამიანის მიერ გამოწვეულ გლობალურ დათბობას. სწორედ ამისთვის სჭირდებათ მათ ე.წ “პანდემია”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია სათავეს სავარაუდოდ, 2011 წლის თებერვალში ბილ გეითსის TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლიდან იღებს. კონფერენციაზე გეითსმა ისაუბრა გეგმაზე სახელწოდებით - “The Zero Carbon Solution!“, რაც ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანას გულისხმობს. მან 30 წუთიანი სიტყვით გამოსვლის შესავალ ნაწილში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების გამოგონება და მიწოდება, ისეთი ღარიბი მოსახლეობისთვის როგორიც აფრიკაშია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული ჯგუფისთვის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მათთვის კლიმატის ცვლილება, შესაბამისი საკვები პროდუქტის გაქრობას და შიმშილით გამოწვეულ სიკვდილიანობას გულისხმობს.

ბილ გეითსი განმარტავს, თუ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეს სამყაროში რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს. ეს ფაქტორებია: 1. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა; 2. იმ სხვადასხვა სახის მომსახურების ერთობლიობა, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება საშუალოდ ცხოვრების მანძილზე; 3. ენერგიის რაოდენობა, რაც ამა თუ იმ სახის მომსახურების გაწევაზე იხარჯება და 4. ამ დახარჯულ ენერგიაში ნახშირორჟანგის შემცველობა. გეითსი მიიჩნევს, რომ ამ 4 ფაქტორის რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება, საბოლოოდ, დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების წინაპირობა იქნება. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, იგი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდას 10-15 პროცენტით შევამცირებთ“.

ამ განცხადებაში ბილ გეითსი გულისხმობს არა ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობის სიკვდილიანობის გაზრდის ხარჯზე დეპოპულაციას, არამედ მომავალში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დარეგულირებას. დღეისათვის, მოსახლეობის ამჟამინდელი ზრდა იმის ხარჯზე ხდება, რომ ადამიანებს გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე და საჭირო რესურსებზე წვდომა არ აქვს, განსაკუთრებით კი ეს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ეხება. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებით აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა ხშირია, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით, კი ვაქცინების გამოგონება და მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ბილ გეითსის მიზანი ნახშირორჟანგის დონის დასარეგულირებლად მოსახლეობის ხელოვნური შემცირებაა, ყალბი ამბავია. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

მტკიცება 3: აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა დადგმული იყო ანტიფასა და BLM-ის წევრების მიერ, რომლებიც პოლიციამ კაპიტოლიუმში დაუბრკოლებლად შეუშვა, შემდეგ კი ამ არეულობის მოწყობა ტრამპის მხარდამჭერებს დააბრალეს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის მოვლენასთან დაკავშირებით გაჟღერებული სხვადასხვა დეზინფორმაციიდან ყველაზე ფართოდ გავრცელდა მტკიცება, რომ ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქცია მემარცხენე ანტიფას და მოძრაობა BLM-ის მოწყობილია და რეალურად ტრამპის მომხრეებს კანონი არ დაურღვევიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

რას გულისხმობს ანტიფა?

ანტიფა (ANTIFA) არის მემარცხენე იდეოლოგიის, „ანტიფაშისტური“ მოძრაობა, რომელიც ნეო-ნაცისტების, ფაშიზმის, რასიზმისა და მემარჯვენეების წინააღმდეგ სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით გამოდის. მოძრაობის მონაწილეების დიდი ნაწილი რასიზმს და სექსიზმს, ხოლო ამერიკაში ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ნაციონალისტურს და ანტიმუსულმანურს უწოდებენ. ანტიფას წარმომადგენლები თავს, ძირითადად, ანარქისტებს ან სოციალისტებს მიაკუთვნებენ და კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოდიან. არეულობის მოწყობის დროს მათ ხშირად შავი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. 25 მაისს აშშ-ში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციების მოწყობაში პრეზიდენტმა ტრამპმა მოძრაობა „ანტიფა“ და სხვა მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. მოგვიანებით კი ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „შეერთებული შტატები „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს“.

რას გულისხმობს BLM?

Black Lives Matter (BLM) არის გლობალური სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მოძრაობა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, შავკანიანთა დისკრიმინაციისა და თეთრკანიანთა უპირატესობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. მოძრაობის ბოლოდროინდელი აქტივობებიდან 6 ივნისს აშშ-ში მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციები მიიჩნევა, რომელშიც აშშ-ის მასშტაბით, 550 სხვადასხვა ადგილიდან მილიონამდე ადამიანი ჩაერთო.

თავდაპირველად, კაპიტოლიუმში შეჭრამდე 5-6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები „გადაარჩინე ამერიკის“ მარშისთვის შეიკრიბნენ. აქტივისტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების კონგრესისგან უარყოფას მოითხოვდნენ. მათ ტრამპის სიტყვით გამოსვლაც მოისმინეს, რომლის დროსაც ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები გაყალბდა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ და კონგრესს „დემოკრატიაზე ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა“. გამოსვლების დამთავრებამდე ტრამპის მომხრეები კონგრესის მიმართულებით დაიძრნენ და კაპიტოლიუმში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც კონგრესში სხდომა და დებატები მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებმა გაარღვიეს დაცვა, რათა კაპიტოლიუმის შენობაში შესულიყვნენ, მათ შორის ეროვნული ქანდაკების დარბაზში. მოგვიანებით, კაპიტოლიუმის კომპლექსის ყველა შენობა ჩაიკეტა.

კაპიტოლიუმში მოწყობილ ქაოსში, ძირითადად, შეთქმულების თეორიის QAnon-ის მიმდევრები და ტრამპის აქტიური მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ფაქტი და კაპიტოლიუმში შეჭრის მოტივისა და მიზეზის გათვალისწინება თავისთავად 6 იანვარის ამბოხის ანტიფას ან BLM-ის მოძრაობის წევრობის მიერ მოწყობის შანსებს გამორიცხავს.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ პოლიციამ აქტივისტები კაპიტოლიუმში დაუბრკოლებლად შეუშვა, რეალურ საფუძველს მოკლებულია. ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact აქტივისტების შეჭრას კაპიტოლიუმში დეტალურად აღწერს. მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის კიბეებამდე მიაღწიეს, მათ პოლიციის ოფიცრების მიმართულებით ქიმიური ნივთიერებების გაშვება და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს, რამაც კაპიტოლიუმის პოლიციას სწრაფი რეაგირების საშუალება შეუზღუდა, მომიტინგეებს კი შენობაში შეღწევა გაუადვილა. აქტივისტების დაუმორჩილებლობამ პოლიცია იძულებული გახადა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, პოლიციის ოფიცრები მომიტინგეებთან დალაპარაკებას თუ როგორ ცდილობდნენ, თუმცა ამ ტაქტიკის უშედეგობამ ოფიცრებს აჯანყებულების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისკენ უბიძგა, რასაც რამდენიმე აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა. მოცემული ფაქტები, ფოტო და ვიდეო-მასალები ცხადყოფს, რომ კაპიტოლიუმის პოლიცია ტრამპის მხარდამჭერების აგრესიული ქმედებების თავიდან არიდებას და შენობის დაცვას მაქსიმალურად ცდილობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აქტივისტებმა კაპიტოლიუმში შეჭრა მაინც მოახერხეს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი