დეზინფორმაცია: შვეიცარიაში სარკინიგზო გვირაბის გახსნის დროს სატანისტური რიტუალი გაიმართა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში შვეიცარიის სარკინიგზო გვირაბის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოტარდის სარკინიგზო გვირაბის გახსნისას, რომელსაც შვეიცარიის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ესწრებოდნენ, სატანისტური რიტუალი ჩატარდა. ყალბი ამბავი არაერთ დეზინფორმაციულ Facebook-ჯგუფში გავრცელდა: „ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, „შევაჩეროთ 5G საქართველოში“. აღნიშნულ ინფორმაციაზე წერდნენ პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ და ვებგვერდი „აპოკალიფსი“.

2016 წელს შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა სარკინიგზო გვირაბი - გოტარდის გვირაბი - ოფიციალურად გაიხსნა. ის შვეიცარიის ალპების ქვემოთ გადის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტის მნიშვნელობისა და მასშტაბურობიდან გამომდინარე, გახსნის ცერემონიალს სხვადასხვა ტიპის შოუ აფორმებდა. მათი ელემენტები ალპურ კულტურასა და ისტორიას გამოხატავდნენ. ერთ-ერთი დადგმა, რომელსაც დეზინფორმატორები სატანისტურ რიტუალად მოიხსენიებენ, „გოტარდის მითის“ და ლეგენდის გაცოცხლებაა. დადგმის მონაწილეები ალპური კულტურისთვის დამახასიათებელ ფიგურებს და კოსტიუმებს იყენებდნენ.

კონკრეტულად, ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი მსახიობები, რომელთაც „აპოკალიფსის“ სტატიაში ზომბებად და სატანისთვის მსხვერპლად შეწირულებად მოიხსენიებენ, იმ 9 მუშას გამოხატავს, რომლებიც გვირაბის მშენებლობისას დაიღუპნენ. მსახიობი კი, რომელსაც „ადამიან-თხად", იგივე ეშმაკის სახედ - ბაფომეტად - მოიხსენიებენ, ალპური ჯიხვის განსახიერებაა.

შესაბამისად, მტკიცება, რომ გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონიალზე სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, ყალბი ამბავია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცერემონიალს სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომელთაც გვირაბი აკურთხეს და მისი მშენებლობისას დაღუპული მუშების პატივსაცემად წმინდა ბარბარას ქანდაკებაც დადგეს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი