დეზინფორმაცია: ბერლინში გამოსვლები კოვიდ აკრძალვების წინააღმდეგ არ წყდება

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ანალიზი

Facebook-გევრდი „ყოველდღიური მოვლენები“ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც პოსტის თანახმად, ბერლინის გამოსვლებს ასახავს, შემდეგი წარწერა აქვს დართული: „ბერლინში აქციები და გამოსვლები კოვიდ აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ არ წყდება“. პოსტს დღემდე 317 გაზიარება და 106 კომენტარი აქვს.

დეზინფორმაცია, თითქოს ფოტო ბერლინში 1 აგვისტოს, კორონავირუსის აკრძალვების საწინააღმდეგო აქციაზეა გადაღებული, „ნიუსფრონტმაც“ გაავრცელა.

რეალურად, ფოტო 2019 წელს, ციურიხში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „Street Parade“-ზეა გადაღებული. ფესტივალი 2019 წელს, ციურიხის ტბის სანაპიროზე, 2.4 კილომეტრიან მონაკვეთში, პარადის სახით, ზეეფელდის უბანში გაიმართა. ფესტივალის ისტორია 1992 წლიდან იწყება და მას შემდეგ ყოველ წელს იმართება. ფესტივალს ყოველწლიურად ერთ მილიონამდე ადამიანი ესწრება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ფესტივალი პანდემიის გამო არ გამართულა.

ბერლინში კორონავირუსის აკრძალვების საწინააღმდეგო აქცია მართლაც გაიმართა 1 აგვისტოს. ბერლინში ერთ დღიან საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან, 17 ივნისის ქუჩაზე გაიმართა, სხვადასხვა სანდო წყაროს ცნობით, „MapChecking“-ის ხელსაწყოს გამოყენებით, რომელსაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანების რაოდენობის გამოთვლის ფუნქცია აქვს, დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრაციის მონაწილეები გერმანიის მთავრობის ზომებს აპროტესტებდნენ, რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის ტარებას და ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულთათვის სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებდა.

წყარო: Reuters

ამრიგად, Newsfront-ისა და „ყოველდღიური მოვლენები“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიახლეში სიმართლის ელემენტები არის, იმ მხრივ, რომ ბერლინში, პანდემიის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაცია მართლაც გაიმართა, თუმცა პოსტებში, დემონსტრაციების საილუსტრაციოდ მოყვანილი სურათი, ბერლინში 1 აგვისტოს მოვლენებს არ ასახავს და ის 2019 წელს შვეიცარიაში, Street Parade-ს ელექტრონული მუსიკის ფესტივალზეა გადაღებული.

Facebook-გვერდ „ყოველდღიურ მოვლენებს“, დეზინფორმაციის შემცველი პოსტები აქამდეც გაუვრცელებია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი