აჭარის რეგიონი განსაკუთრებულად მოწყვლადია ისეთი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა წყალმოვარდნები, მეწყერები, ზვავები, ღვარცოფები. ამ პროცესების გააქტიურებას თან ახლავს ეკონიმიკური ზარალი და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. სახელმწიფოს ეკომიგრანტების დახმარების პროგრამები აქვს, მაგრამ სტიქიური მოვლენების პრევენციის, შეკავების, წინასწარი გაფრთხილების ერთიანი მიდგომა არ აქვს. ადამიანებს სტიქია მოულოდნელად ატყდებათ თავს. შედეგად სტიქიური მოვლენებით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების რიცხვს ახალი დაზარალებულები ემატებიან.

„ფაქტ-მეტრმა“ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. ამჯერად თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და გაგაცნობთ, შუახევის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 2012-2020 წლებში, რა ღონისძიებები განხორციელდა.

შუახევის მუნიციპალიტეტიდან „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების ან შენობის სხვა, გეოლოგიურად მდგრად ადგილებზე გადასატანად, ასევე, ხანძრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად არის მიმართული. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ჯამში, 1 641 451 ლარი არის დახარჯული. აქედან 405 937 ლარი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაღებული თანხაა, ხოლო 1 235 514 ლარი - აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან (სარეზერვო ფონი). მთლიანობაში, დახმარება შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 694 ოჯახს გაეწია.

ცხრილი 1. შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვი 2012-2020 წლებში გაწეული დახმარება

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 1, 2

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების ან შენობის სხვა, გეოლოგიურად მდგრად, ადგილებზე გადასატანად 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, მხოლოდ 9 250 ლარი გაიცა იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც დიდთოვლობამ და ქარბუქმა დამხმარე ნაგებობები დაუნგრია.

რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, ცხრილში შეტანილი მონაცემები, როგორც სახლის აღდგენა-გამაგრებას ან ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ, ისე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოიცავს და მათ, ვისაც სტიქიამ დამხმარე ნაგებობები გაუნადგურა. მთლიან რაოდენობაში, ხანძრით დაზარალებული 34 ოჯახია. აქედან 15 ოჯახს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 350 ლარის დახმარება გაეწია, ხოლო 19 ოჯახს აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან - 190 000 ლარის დახმარება.

მხოლოდ სახლის აღდგენა-გამაგრების, ადგილმონაცვლეობის ან მშენებლობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 120 ოჯახს დაეხმარა. აქედან 65 ოჯახისთვის 226 983 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ხოლო 55 ოჯახის საჭიროება რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა 557 759 ლარით დააფინანსა.

როგორც ცნობილია, 2016 წლიდან მუნიციპალიტეტებში „ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა“ ამოქმედდა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ სტატია რამდენიმე თვის წინაც გამოაქვეყნა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას 250 ოჯახი ექვემდებარება. გარდა ამისა, „შუახევჰესის“ მშენებლობის არეალში მოქცეული არაერთი ოჯახი ირწმუნება, რომ მათი საცხოვრებელი სახლები და მეურნეობა სწორედ ჰესის მშენებლობის პროცესში დაზიანდა. თუმცა ამ ოჯახების ნაწილის ბრალდებას კომპანია არ იზიარებს. მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვწერა, რომ 2015 წელს კომპანიამ, მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად - მერიის) თანადაფინანსებით, სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ 65 ოჯახს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია, სახლების აღდგენა-გამაგრების მიზნით. თანხის მოცულობამ 299 733 ლარი შეადგინა. იმავე მიზნით, 2016 წელს კომპანიამ კიდევ რამდენიმე ოჯახი დააფინანსა დაბა შუახევსა და სოფლებში: სხეფი, მახალაკიძეები, ნიგაზეული. საუბარი 100-მდე ოჯახზეა.

შუახევის სოფლებში მცხოვრები არაერთი ოჯახი კი დახმარებას ითხოვს და გეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გეოლოგებმა 2 500 ოჯახი შეისწავლეს.

შენიშვნა: 2020 წლის მაჩვენებლები მოცემულია 9 ოქტომბრის მდგომარეობით.

ფოტო: https://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=921654#.X_iNAfkzbIU

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი