დეზინფორმაცია: გიორგი გახარია თითოეულ ოჯახს 10 ათას ლარს დაჰპირდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სპორტულმა clickbait ვებგვერდმა (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) – sport365.ge – 9 იანვარს მანიპულაციური ხასიათის ინფორმაცია გაავრცელა. გამოქვეყნებული სტატიის სათაურში ვკითხულობთ - „თითოეულ ოჯახს 10 000 ლარი - ახლახანს გახარიამ ძალიან მაგარი განცხადება გააკეთა“.

თუმცა შემდგომ სტატიის ტექსტში მოცემული ინფორმაცია სათაურს არ შეესაბამება. მის მიხედვით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია სურვილი ჰქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს 10 ათასი ლარი მისცეს, რაც მოსახლეობას სჭირდება, თუმცა ეს საქართველოს ეკონომიკას არ შეუძლია.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის მაისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: „ეს არ იყო რაღაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომ ამდენს მოგცემთ, 1000 ლარი ოჯახს, 5000 ლარი პეტრეს და მერე კიდევ პავლეს რაღაცები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა: საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია, გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ყველას ეს სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება, თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენი კონკრეტული, გრძელვადიანი ღონისძიებები დავაანონსეთ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული უკვე ვიცოდით გეგმით, სად მივდიოდით და შესაბამისად შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან. სწორედ ამის შემდგომ გამოცხადდა ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და ოფიციალური შემოსავალი, 1200 ლარის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში მსგავსი მუხლით ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი“.

შესაბამისად, sport365.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური მანიპულაციურია ორი მიზეზის გამო - 1) მას მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, თითქოს გიორგი გახარია თითოეული ოჯახისთვის 10 ათასი ლარის დახმარების გაცემას აპირებს. რეალურად კი, როგორც სტატიის ტექსტშიცაა აღნიშნული, გახარიამ განაცხადა, რომ „საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“ და მან განცხადებაში 10 ათასი ლარი მხოლოდ ჰიპოთეტურად სურვილის სახით ახსენა და მის არარეალურობაზე ისაუბრა. 2) გიორგი გახარიამ განცხადება 2020 წლის 27 მაისს გააკეთა, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მასშტაბური შეზღუდვები პირველად იყო დაწესებული. აქედან გამომდინარე, მისი 2021 წლის 9 იანვარს გავრცელება, როდესაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, პანდემიის გავრცელების მეორე ტალღა და შეზღუდვები მეორედ დაწესდა, ასევე მანიპულაციურია. დახმარების პაკეტებიც გაზაფხულზე და მეორე ტალღის დროს ცალ-ცალკე დაანონსდა. შესაბამისად, 2020 წლის მაისის განცხადების 2021 წლის იანვარში გავრცელება, აღნიშნულის დაკონკრეტების გარეშე, მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი