დეზინფორმაცია: კორონავირუსის პანდემია მსოფლიო მოსახლეობის შემცირებისკენ და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

5 იანვარს, Facebook-ანგარიშმა, ქართველი ტიკ-ტოკერები (Georgian Tik-Tokers), გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიას რამდენიმე მიმართულებით ავრცელებს. ვიდეოში გავრცელებული ნარატივი კორონავირუსის ვაქცინის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კორონავირუსის პანდემიას ხელოვნურად შექმნილად აცხადებს და აღნიშნულის მიზნად, მსოფლიო წესრიგის ცვლილებასა და მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას ასახელებს.

მტკიცება 1: [ვაქცინის] ინექცია ადამიანის ორგანოებისა და სისტემების განადგურებას ექვსი თვიდან ერთი წლის ვადაში იწვევს, რის შედეგადაც უტილიზაციის ფაზა დგება. მთელ მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი კვდება, რომელსაც თითქოსდა ერთ წელიწადში მუტირებული ვირუსის აფეთქებად აცხადებენ და ამით მსოფლიო მოსახლეობის განადგურების ლეგალიზებას ახდენენ.

2020 წლის ბოლოს, COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცების პარალელურად, კორონავირუსის მუტაციის და ახალი შტამების გამოჩენის შესახებ შემაშფოთებელი ცნობები გავრცელდა. ასევე დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების ცირკულაცია სოციალურ სივრცეში გაგრძელდა.

ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან, ვირუსის გენეტიკურ მასალაში ცვლილებები ხდება და ვირუსის მახასიათებლებიც იცვლება. დეკემბრის შუა რიცხვებში მსოფლიოს ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.

კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში სექტემბერში აღმოაჩინეს, რასაც ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, ლონდონში ინფიცირებულთა ორი მესამედი ახალი შტამით იყო დაავადებული. არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი დაახლოებით 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ამ ეტაპზე იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია ან ჯანმრთელობის უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, არ არსებობს.

მტკიცება 2: პანდემია მსოფლიო მოსახლეობის შემცირების გეგმის ნაწილია

მტკიცება, რომ კორონავირუსი მიზანმიმართულად შექმნილი პანდემიაა, მცდარია. 2021 წლის 10 იანვრის მონაცემებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბებით 88,383,771 აქტიური და 1,919,126 სიკვდილის შემთხვევა არის დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირველწყარო ქალაქ ვუჰანის ჰუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობაა, სადაც ზღვის პროდუქტებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად გარეული ცხოველებითაც ვაჭრობდნენ. ცნობილია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე, MERS და SARS ინფექციების პრინციპით მოხდა.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

მტკიცება 3: როდესაც მსოფლიო მოსახლეობის „მკა“ დასრულდება და დედამიწაზე ადამიანების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდამდე ან შედარებით ნაკლებ რიცხვამდე შემცირდება, ახალ ვაქცინას შეიმუშავებენ, რომელიც ამჯერად ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ვიდეოში აღნიშნული მტკიცება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დღეს არსებული ვაქცინები ეფექტური არ არის, ხოლო მომავალში, მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შემდეგ, ახალი, მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინა გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება. სინამდვილეში, ეს ფაქტი რეალობას არ შეესაბამება.

დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობა საკმაოდ მაღალი არის. BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა 95%-ის ფარგლებშია. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ის ვაქცინას ეფექტურობა კი დაახლოებით 70%-ია. აღსანიშნავია, რომ თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალი, ის ეფექტურად მიიჩნევა.

ვაქცინას, კვლევების საფუძველზე, რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დგინდება, ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში შესაბამისი სააგენტოები ამტკიცებენ. მაგალითად, ვაქცინებს და სხვა მედიკამენტებს აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროკავშირში კი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამტკიცებს. ჯერ კიდევ ნოემბერში, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, COVID-19-ის ვაქცინის კვლევის კლინიკური ეტაპი, წარმატებით სამმა მწარმოებელმა დაასრულა, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო, შემდგომ კი ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა. Pfizer-BioNtech-ის ვაქცინას შესანახად სჭირდება -70°C და მეტი ტემპერატურა, Moderna-ს ვაქცინა კი 20°C ტემპერატურაზე ინახება, ამასთან მისი ტრანსპორტირებაც უფრო მარტივია.

ვაქცინები კორონავირუსის ახალი მუტირებული შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება. Pfizer-BioNTech-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ვაქცინა ანტისხეულებს ავლენს, რომლებიც ეფექტურია კორონავირუსის ახალ შტამთან მიმართებით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, ვირუსმა მრავალი მუტაცია უნდა განიცადოს, რათა ვირუსის გენეტიკური კოდი შეიცვალოს და ვაქცინის ეფექტიანობა შემცირდეს. შესაბამისად, ვაქცინა ეფექტური იქნება ახალი შტამების მიმართაც, რადგან ვირუსის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ იცვლება.

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცების მოლოდინშია, კორონავირუსის ახალ შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. მათი ინფორმაციით, ახალი შტამი SARS-CoV-2-ის ვირუსის ცილების სტრუქტურას ვერ ცვლის.

კორონავირუსის ახალი შტამები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა ამ ეტაპზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ახალ შტამებს ვაქცინა გაუმკლავდება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსი, ისევე როგორც მისი ახალი შტამი, და მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები მსოფლიო მოსახლეობის მიზანმიმართული შემცირებისკენაა მიმართული, უსაფუძვლოა. უსაფუძვლოა მტკიცებაც, რომ დღეს არსებული ვაქცინები არაეფექტური/მომაკვდინებელია. აღნიშნულ ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები კორონავირუსზე მანამდე გავრცელებული ყალბი და კონსპირაციული თეორიების ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

„ფაქტ-მეტრი“ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი