2020 წელს მსოფლიო ახალი კორონავირსის პანდემიამ მოიცვა. დაახლოებით ერთ წელიწადში COVID-19-მა 82 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა და დაახლოებით 1.8 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წლის ბოლოს კი, COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცების პარალელურად, კორონავირუსის მუტაციის და ახალი შტამების გამოჩენის შესახებ შემაშფოთებელი ცნობები გავრცელდა. ახალი შტამის შესახებ გაჩნდა ორ მთავარი კითხვაც: არის, თუ - არა ის უფრო საშიში კორონავირუსის ფორმას და რამდენად შეძლებს ვაქცინა მასთან გამკლავებას?

ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან, ვირუსის გენეტიკურ მასალაში ცვლილებები ხდება და ვირუსის მახასიათებლებიც იცვლება. დეკემბრის შუა რიცხვებში მსოფლიოს ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.

კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში სექტემბერში აღმოაჩინეს, რასაც ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, ლონდონში ინფიცირებულთა ორი მესამედი ახალი შტამით იყო დაავადებული. არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი დაახლოებით 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ამ ეტაპზე იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია ან ჯანმრთელობის უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, არ არსებობს.

ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტში, დაახლოებით, 20 გენეტიკური ცვლილება აღმოაჩინეს, მათ შორის ე.წ. სპაიკ ცილის ცვლილებაც, რომელსაც ვირუსი უჯრედებზე მიმაგრებისთვის და დასაინფიცირებლად იყენებს. სპაიკ ცილის მუტაციის შედეგად ვირუსით დაინფიცირება უფრო მარტივი ხდება.

დიდმა ბრიტანეთმა, ვირუსის ახალი შტამით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნების დიდმა ნაწილმა ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერეს. რაც შეეხება საქართველოს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბრიტანეთიდან ბრუნდებიან, საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შტამი დაადასტურეს ევროპის ქვეყნებმა: დანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ. დეკემბრის ბოლო მონაცემებით, ახალი შტამი ასევე დადასტურდა: იაპონიაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში. 30 დეკემბერს, კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-შიც დადასტურდა. ვირუსის ახალი შტამი სექტემბრიდან ცირკულირებს და, შესაძლებელია, რომ ის უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული.

კიდევ ერთი ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაში დადასტურდა, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. სწორედ ვირუსის ამ ახალ შტამს უკავშირდება სამხრეთ აფრიკაში ეპიდაფეთქება. 28 დეკემბრის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში Covid-19- ით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ვირუსი მეტად გადამდებია, მისი სხვა მახასიათებლები ამ დროისთვის უცნობია.

24 დეკემბერს, ნიგერიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც მუტაციის განსაკუთრებული ფორმა აქვს. ეს სახეობა განსხვავდება დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამებისგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ვირუსის მუტაცია ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესია. ჯანმო აცხადებს, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ კოვიდ-19-ის ახალ შტამებს იკვლევს. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო მომაკვდინებელი, ან უფრო მწვავეა.

იმოქმედებს თუ არა ვაქცინა ახალ შტამებზე?

ამ ეტაპზე დადასტურებით თქმა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმოქმედებს, შეუძლებელია. თუმცა ჯანდაცვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება ახალი შტამების მიმართაც, რადგან ვირუსის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ იცვლება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, ვირუსმა მრავალი მუტაცია უნდა განიცადოს, რათა ვირუსის გენეტიკური კოდი შეიცვალოს და ვაქცინის ეფექტიანობა შემცირდეს.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ საჰინის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ შტამში ცილების 99 პროცენტი იდენტურია, ვაქცინა, მაღალი ალბათობით, ახალ შტამსაც გაუმკლავდება.

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცების მოლოდინშია, კორონავირუსის ახალ შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. მათი ინფორმაციით, ახალი შტამი SARS-CoV-2-ის ვირუსის ცილების სტრუქტურას ვერ ცვლის.

კორონავირუსის ახალი შტამები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა ამ ეტაპზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ახალი შტამებს ვაქცინა გაუმკლავდება. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება, თუმცა ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.

საქართველოში ვირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას უკვე იკვლევენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი