ვახტანგ გომელაური: ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: სხვადასხვა მეთოდოლოგიით შეგროვებული და სისტემატიზირებული მონაცემების შედარება და ამის საფუძველზე კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესებაზე საუბარი, მიზანშეწონილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ შსს-ს დოკუმენტი, რომელშიც ამა თუ იმ პერიოდში არსებული სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია დეტალურად იქნებოდა აღწერილი, არასდროს გაუსაჯაროებია, მსგავსი შედარების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები, მცდარია.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებული შედარება იმ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც მცდარია, რომელიც ქვეყანაში 14 წლის წინ არსებობდა და კრიმინოგენურ ვითარებაზე გავლენას ახდენდა. შესაბამისად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, მშრალი რიცხვების შედარებას, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და რეალურ სურათს ამახინჯებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას ვერდიქტით ფაქტებით მანიპულირება აფასებს.

ანალიზი

22 დეკემბერს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან წინა ხელისუფლების დროინდელი სტატისტიკური მონაცემები მიმდინარე და გასული წლების დანაშაულის სტატისტიკას იმის ხაზგასასმელად შეადარა, რომ საქართველოში „90-იანი წლები არ დაბრუნებულა“.

„ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს ეს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია“, - აღნიშნა მან.

ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში, ყაჩაღობის ყველაზე მეტი - 2 160 შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა. 2006 წელს დაფიქსირდა, ასევე, მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობის ყველაზე მეტი შემთხვევაც - 62 283 ერთეული.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, ამ დროისთვის შსს-ს ვებგვერდზე რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლითაა მოცემული და იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ყაჩაღობის 108 შემთხვევაა დაფიქსირებული. [1]

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი შედარება, როგორსაც ვახტანგ გომელაური მიმართავს, ზოგადად, მცდარია. [2] 2003 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სისხლის სამართლის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არაერთხელ შეიცვალა. შესაბამისად, სხვადასხვა წელს, სხვადასხვა მეთოდოლოგიით შეგროვებულ-სისტემატიზირებული მონაცემების შედარების საფუძველზე, კრიმინოგენურ მდგომარეობაზე დასკვნების გაკეთება, გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უწყებას არასდროს გაუსაჯაროებია დოკუმენტი, რომელშიც ამა თუ იმ პერიოდში არსებული სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია დეტალურად იქნებოდა აღწერილი. შესაბამისად, დასკვნების გაკეთება, 14 წლის წინანდელ და ამჟამინდელ კრიმინოგენურ ვითარებაზე, შეუძლებელია.

ის, რომ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება-გაუმჯობესების დინამიკის პირდაპირი შეფასება მხოლოდ სხვადასხვა მეთოდოლოგიით გაანგარიშებული რაოდენობრივი მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე კატეგორიულად მიზაშეუწონელია, შსს-ს მიერ 2013 წელს მომზადებულ პრეზენტაციაშიცაა ახსნილი.

როგორც პრეზენტაციაშია აღწერილი, 2003 წლამდე დანაშაულის დამალვის პრაქტიკა იყო გავრცელებული, რის შედეგადაც სტატისტიკურ აღრიცხვიანობაში, უმეტესად, მხოლოდ ის დანაშაულები ხვდებოდა, რომელთა გარანტირებული გახსნის შესახებაც წინასწარვე იყო ცნობილი. შესაბამისად, რეგისტრირებულ დანაშაულთა მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მონაცემთა შეგროვების მეთოდიკისა და ტაქტიკური ხერხების დახვეწა-განვითარების პარალელურად, მიუხედავად კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებისა, რაოდენობრივი მაჩვენებლები 2006 წლის ჩათვლით განუწყვეტლად უარესდებოდა. თუმცა, როგორც პრეზენტაციაშია აღნიშნული, დროთა განმავლობაში, ლატენტურობის ხარისხის კლებიდან გამომდინარე, რეალური კრიმინალური სიტუაციის პოზიტიური დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები 2007 წლიდან თანხვედრაში მოვიდა.

გრაფიკი 1: 2001-2013 წლებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

წყარო: საქსტატი

ამის მიუხედავად, ვახტანგ გომელაურმა შედარებისას მშრალი ციფრები დაასახელა, კერძოდ, მაგალითად წინა ხელისუფლების მმართველობის ის წელი მოიყვანა, როდესაც რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა, მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, მეთოდოლოგიური ცვლილებები, რაც მონაცემთა ზრდის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო და რაზეც თავად შსს-ს პრეზენტაციაშიცაა საუბარი, მინისტრს არ გაუთვალისწინებია.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან კლება დაიწყო როგორც რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობამ (გრაფიკი 1), ისე კონკრეტულად ყაჩაღობის რეგისტრირებულმა მაჩვენებელმა (გრაფიკი 2) და 2011 წლისთვის 261 ერთეულს გაუტოლდა. აღნიშნულ ტენდენცია ვახტანგ გომელაურს არ გახსენებია და არც მმართველი გუნდის სხვა წევრები ითვალისწინებენ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობენ.

გრაფიკი 2: 2001-2011 წლებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყაჩაღობის რეგისტრირებული რაოდენობა

წყარო: საქსტატი

ზემოაღნიშნული შემთხვევისგან განსხვავებით, მეთოდოლოგიური ცვლილებები ყოველთვის იყო მიზეზი, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი მმართველობის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობის მატებას ხსნიდნენ.

მაგალითად, 2013 წელს, როცა 2012 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 4 292 ერთეულით გაიზარდა, ზრდის მიზეზად დანაშაულთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის ცვლილება დასახელდა. სამინისტროს განმარტებით, წინა მეთოდოლოგიისგან განსხვავებით, ახალი უფრო მეტი ერთეულის აღრიცხვას ითვალისწინებდა და შესაბამისად, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

2013 წლის იანვრიდან, მართლაც, დაიწყო სრულფასოვნად ფუნქციონირება სისხლის სამართალწარმოების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ (CRIMCASE), რომლის დანერგვაც 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა, ყოვლისმომცველი ანალიზის გარეშე, შეუძლებელია იმის თქმა, მხოლოდ მეთოდოლოგიის ცვლილებამ იქონია, თუ - არა, გავლენა მონაცემების ზრდაზე.

მანამდე არსებული მეთოდოლოგიით, წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში არ აისახებოდა. ახალი მეთოდოლოგიით კი თვისობრივად თავიდან გადამუშავდა მეთოდოლოგია და გაანგარიშების ძირითადი პრინციპები. ნებისმიერი ისეთი საფუძვლით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დანაშაულს არ გამორიცხავს (პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება, განრიდება, მედიაცია, ქმედითი მონანიება, ბრალის არარსებობა...), კონსოლიდირებული სტატისტიკური ანგარიშისთვის სააღრიცხვო ობიექტი გახდა.

გრაფიკი 3: 2013-2019 წლებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

წყარო: საქსტატი

ასევე, 2018 წლიდან, როცა კვლავ დაიწყო რეგიტრირებული დანაშაულის რაოდენობის ზრდა, ხელისუფლებამ მიზეზად შეცვლილი მეთოდოლოგია დაასახელა. კერძოდ, შსს-ს განმარტებით, ზრდა, ერთი მხრივ, დანაშაულის გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ კი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობითა და გაზრდილი მომართვიანობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებული შედარება მიზანშეუწონელია იმ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში 14 წლის წინ არსებობდა.

კერძოდ, დანაშაულის 2006 წლის სტატისტიკაზე მითითებისას, გაუმართლებელია იმის გაუთვალისწინებლობა, რომ 14 წლის წინ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მემკვიდრეობით ხვდა ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ფესვგადგმული კორუფცია და „ქურდული სამყარო“, რომელიც, ფაქტობრივად, სასამართლოს ალტერნატივად გვევლინებოდა. იმ პერიოდში, რომელზეც ამჟამინდელი შს მინისტრი საუბრობს, ამ ყველაფერთან ბრძოლა და რადიკალური სოციალური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ცვლილებები ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო.

შესაბამისად, გაურკვეველია, ამჟამინდელი მინისტრი 2006 წელს და 2020 წელს ყაჩაღობის რეგისტრირებულ რაოდენობას ყოველგვარი კონტექსტისა და მეთოდოლოგიური განსხვავების გაუთვალისწინებლად, მშრალი ციფრებით, რა პრინციპით ადარებს.

თუკი ანალიზის შს მინისტრისეულ „მეთოდს“ მივყვებით, მაშინ 2017 წლის შემდეგ რეგისტრირებული დანაშაულის მკვეთრი მატება კრიმინოგენური მდგომარეობის კატასტროფულ გაუარესებას უნდა მივაწეროთ, ყველა იმ ფაქტორის გაუთვალისწინებლად, რაც შეიძლება ზრდის მიზეზი გამხდარიყო. თუმცა, „ფაქტ-მეტრს“ ანალოგიურ თემებზე მუშაობისას მსგავსი დასკვნები არასდროს გაუკეთებია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). სანამ შსს არ გამოაქვეყნებს მეთოდოლოგიის ცვლილების დეტალურ ანალიზს და ასევე - არ გააანალიზებს, თუ რა გავლენა იქონია ამ მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ კონკრეტულ რიცხვებზე, მანამდე, კონტექსტის გარეშე, სხვადასხვა წლის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება მცდარია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწორია რიცხვები, რომლებზეც გომელაური საუბრობს, რეალური სურათის საჩვენებლად ეს ფაქტები არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი