კორონავირუსის ვაქცინით აცრილ ადამიანებზე მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

სოციალურ ქსელში ვებგვერდის, Footballs.ge-ის, სტატია შეცდომაში შემყვანი სათაურით ვრცელდება - „რა დაემართა იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა“. სტატია სხვადასხვა Facebook-ჯგუფში ასევე შეცდომაში შემყვანი აღწერით გაზიარდა - „რა გამოიწვია აშშ-სა და კორეაში ადამიანებში ვაქცინის გაკეთებამ“.

სინამდვილეში, Footballs.ge-ის სტატიის ტექსტი, ფოტოსურათები და სათაური შინაარსობრივად ერთმანეთს არ ემთხვევა. სკანდალური სათაური და ფოტოსურათები მიანიშნებს, რომ გვერდი ე.წ. clickbait-ს წარმოადგენს (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ კონტენტს ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს).

Footballs.ge-ის სტატიის ბმულზე გადასვლისას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბავი გვხდება, თუმცა არცერთი მათგანი სათაურს არ შეესაბამება. სათაურის თანახმად, თითქოს კორონავირუსის ვაქცინამ ფოტოზე გამოსახული შედეგები - ბელის დამბლა და ფილტვის დაზიანება - გამოიწვია. სინამდვილეში, ბელის დამბლასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის კავშირი დადგენილი ჯერჯერობით არაა, ხოლო სამხრეთ კორეელი პაციენტის დაზიანებული ფილტვი ვაქცინას საერთოდ არ უკავშირდება.

სტატიის პირველ ნაწილში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშზეა საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფიდან 4 მოხალისეს ბელის დამბლა ანუ სახის კუნთების დამბლა განუვითარდათ. მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბელის დამბლასა და ვაქცინის მიღებას შორის არაა დადასტურებული, მოხალისეებში დაფიქსირებული სიხშირე კი, წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ჯდება. სტატიას თანდართული ფოტომასალიდან ერთ-ერთი სწორედ ის ფოტოა, რომელიც ბელის დამბლასა და ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ახლდა (დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ). აღსანიშნავია, რომ სტატიის ტექსტში მოცემული ინფორმაციის სისწორე დარღვეული არაა: მითითებულია, რომ მოხალისეებში ბელის დამბლის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სტატიის ავტორი სათაურში ბელის დამბლის განვითარებას ვაქცინას მიაწერს.

სტატიის მეორე ნაწილი სამხრეთ კორეელი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის, ფილტვს შეეხება, რომელიც ექიმებმა 2020 წლის ივლისში გაასაჯაროეს. აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რაზეც საერთაშორისო მედიაც წერდა. თუმცა Footballs.ge-ის სტატიას თანდართული ფოტომასალიდან მეორე სწორედ ამ პაციენტის ფილტვია, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ფილტვის დაზიანება გამოიწვია. სინამდვილეში, ფილტვის აღნიშნულ ფოტოს კორონავირუსის ვაქცინასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული ამბავი ფაქტებით მანიპულირებაა, სათაური თანდართულ ფოტოებსა და სტატიის ტექსტს არ ემთხვევა, რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი