ანალიზი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა. პროგრამის მიხედვით, რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ოთხწლიან პერიოდში უნდა განხორციელებულიყო. ქვემოთ „ქართული ოცნების“ მიერ ამ მიმართულებით გაცემული დაპირებების გადამოწმებას გთავაზობთ.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იყო 1 057 255 აბონენტი, რაც რაოდენობრივად 2 365 052 ადამიანს შეადგენს. 2019 წლის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფილი 60 240 აბონენტი დაემატა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდაა. 2018 წელს წყლით უზრუნველყოფილი აბონენტების რაოდენობა 1.8%-ით გაიზარდა, რამაც რიცხობრივად 17 715 ახალი აბონენტი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წელს 997 015 აბონენტი იყო წყლით უზრუნველყოფილი. 2017 წელს წყლით უზრუნველყოფილი 979 300 აბონენტი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 47 227- ით მეტია. სულ სემეკის ანგარიშების მიხედვით, 2017-2019 წლებში, საქართველოს მასშტაბით 125 182 ახალი წყლით უზრუნველყოფილი აბონენტის დამატება განხორციელდა.

ცხრილი1: წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ აბონენტთა რაოდენობა 2017-2020 წლებში

წყარო: სემეკი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ქალაქ ქუთაისში, ზუგდიდსა და ჭიათურაში განხორციელდა, ამ პროექტების ფარგლებში აღნიშნული ქალაქების მცხოვრებლები გამართული წყალმომარაგებით არიან უზრუნველყოფილნი. საქსტატის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, ქალაქ ქუთაისში 135 200 ადამიანი, ჭიათურაში - 12 600, ზუგდიდში კი - 41 500 ადამიანი ცხოვრობს. ჯამში ამ ქალაქების მოსახლეობა 189 300 ადამიანს შეადგენს, თუ აბონენტებად ამ რიცხვის განახევრებულ რაოდენობას ვიანგარიშებთ (2019 წლის სტატისტიკიდან გამომდინარე), გამოვა, რომ 2020 წელს წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით 94 650-ით გაიზარდა. შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში წყალმომარაგებით ჯამში დამატებით 219 832 აბონენტი იყო უზრუნველყოფილი, რაც დაპირებულზე 140 168-ით ნაკლებია. შესაბამისად, დაპირება ნახევრად შესრულდა.

2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.

ვერდიქტი: შესრულდა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის მომხმარებელთა რაოდენობა 1 308 614 აბონენტს შეადგენს. ბუნებრივი აირის მომხმარებელთა ბოლო ოთხი წლის სტატისტიკა კი ასეთია:

ცხრილი1: ბუნებრივი აირის მომხმარებელთა რაოდენობა 2016-2019 წლებში

წყარო: სემეკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017-2019 წლებში ბუნებრივი აირი დამატებით 239 738 ოჯახმა მიიღო.

რაც შეეხება 2020 წელს, გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება 157 დასახლებულ პუნქტში არის დაგეგმილი, რის შედეგადაც დაახლოებით 31 801 პოტენციურ აბონენტს ექნება ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება. 2020 წელს გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება, რომელიც 2020 წლის სახსრებით დაფინანსდა, დაახლოებით 79 მილიონი ლარია.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სირთულეს წარმოადგენდა აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რადგან პოტენციურ აბონენტთა დიდი ნაწილი ვერ იხდიდა დაწესებულ საფასურს. 2014 წლიდან დაბალ წნევაზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ასევე, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადის 16 თვეზე გადანაწილება არის შესაძლებელი.

როგორც ვხედავთ, ოთხი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება დაგეგმილზე მეტ, 260 000-ს აბონენტს მიეცა. შესაბამისად, აღნიშნული დაპირება შესრულდა.

ქვეყანაში აშენდება გაზსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნას.

ვერდიქტი: არ შესრულდა

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობა 2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო.

2018 წლის აგვისტოში მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ პროექტის დასაფინანსებლად სასესხო დაფინანსებას გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების სახელმწიფო ბანკი (KFW) გამოყოფდა და გაზსაცავის აშენება 150 მილიონი ევრო დაჯდებოდა.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორის ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. ობიექტი კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისთვის გაზის მიწოდების სათადარიგო წყარო იქნება. მისი მოცულობა დაახლოებით 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება და მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ.

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის განცხადების მიხედვით, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. ამჟამად სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცედურები საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად მიმდინარეობს.

ამავე განცხადების მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმატებით აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე, რაც KFW-სგან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, პროექტის განსახორციელებლად საკმარისი იქნება. კორპორაციისვე ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2024 წელი იყო განსაზღვრული.

დაპირების მიხედვით კი გაზსაცავის მშენებლობა მიმდინარე წელს კი არ უნდა დაწყებულიყო, უნდა დასრულებულიყო. გაზსაცავის მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე დაანონსდა, მაგრამ მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა და მისი დასრულება, ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. შესაბამისად, აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი