დაპირება: 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა

ვერდიქტი: არ შესრულდა

ანალიზი:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა იყო. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა. პროგრამის მიხედვით, რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ოთხწლიან პერიოდში უნდა განხორციელებულიყო. ქვემოთ „ქართული ოცნების“ მიერ ამ მიმართულებით გაცემული დაპირებების გადამოწმებას გთავაზობთ.

სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა იყო. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში სულ 274.7 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, აქედან - 88 კმ ავტობანი. რეაბილიტაცია 1226 კმ გზას და 52 ხიდს ჩაუტარდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში 800 კმ გზა უნდა აშენებულიყო. სამი წლის მონაცემებით, 275 კილომეტრი ახალი გზაა აშენებული, რაც იმას ნიშნავს რომ მიმდინარე წელს 525 კილომეტრი ახალი გზა უნდა აშენებულიყო, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება მაგისტრალის მშენებლობას, დაპირების მიხედვით ოთხ წელიწადში 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა. დღეის მონაცემით, საანგარიშო პერიოდში, 125 კილომეტრი მაგისტრალია აშენებული და წლის ბოლომდე 24 კილომეტრი გზის მშენებლობის დასრულება არის დაგეგმილი.

ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას (მათ შორის რიკოთის გზის მონაკვეთების) ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობების დასრულება 2020-2022 წლებშია დაგეგმილი. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2022 წლის ბოლო, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება და არა 2020 წელს, როგორც დაპირებაშია აღნიშნული.

დაპირება: აშენდება 8000 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა

ვერდიქტი: არ შესრულდა

ანალიზი

„ქართული ოცნების“ ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისთვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი ინტერნეტს მიიღებდა. ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნდა ყოფილიყო, ახლა ირკვევა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 19 ოქტომბერს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. მიუხედავად აღნიშნულისა, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება ვერ შეასრულა. მთავრობას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოთხი წლს განმავლობაში არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია და არჩევნებამდე მხოლოდ თორმეტი დღით ადრე, ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

დაწვრილებით: იხილეთ სტატია.

ვერიკო სუხიაშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი