კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი პრეპარატი „მადლი ღვთისა“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook- სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მედეას სამშობლოში კოვიდის წამალი დარეგისტრირდა საკვები დანამატის სახით“. პრეპარატის სახელწოდებაა „მადლი ღვთისა“, რომელიც ავერსის სააფთიაქო ქსელში იყიდება. მედიკამენტის ინსტრუქციის მიხედვით, „მადლი ღვთისა“ მცენარეული საშუალებაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში წერია, რომ „საკვებდანამატი დამზადებულია საქართველოს მადლიანი მიწა-წყლის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული, უნიკალური ჯიშისა და სახეობის მცენარეებისგან და წარმოადგენს ვირუსული და ინფექციური ჯგუფის დაავადების, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას, რომლის მიღებისას უმჯობესდება გუნება-განწყობა, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი“. პრეპარატთან დაკავშირებით, batumelebi.netgazeti.ge შპს „მადლი ღვთისას“ დამფუძნებელს ანზორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა. ჯაფარიძის განცხადებით, „მადლი ღვთისა“ კომპანიის ექსკლუზივია, რომელიც კარგია იმუნიტეტისთვის და კორონავირუსის წამალია. აქვე, კომპანიის მტკიცებით, ზუგდიდში საკვებდანამატით 400-მდე ინფიცირებული განკურნეს და კორონავირუსის საწინააღმდეგო დანამატი უკვე მთელ ქვეყანაში იყიდება. „ბათუმელებმა“ აღნიშნული „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის საინფორმაციო ცხელ ხაზზეც გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ ქსელში ნამდვილად იყიდება „მადლი ღვთისა“, რომელიც სულ ოთხი აბია და 60 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ან ბიოლოგიური საკვებდანამატის არსებობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უფრო მეტიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ჯერჯერობით COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან საკვები დანამატი არ არსებობს. WHO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებულ მითების სექციაში აღნიშნულია, რომ „ვიტამინებისა თუ საკვები დანამატების კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო გზამკვლევი არ არსებობს“. იქვე ახსნილია, რომ მიკროელემენტები, როგორებიცაა D და C ვიტამინები, თუთია (zinc), იმუნური სისტემის კარგად ფუნქციონირებისთვის, ჯანმრთელობისა და კვების კეთილდღეობის განვითარებისთვის ძალიან მიშვნელოვანია. თუმცა WHO-ს თანახმად, COVID-19-ის სამკურნალოდ მიკროელემენტების დანამატების გამოყენების ეფექტურობაზე მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს.

გარდა ამისა, „მადლი ღვთისა“ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ პრეპარატი მცენარეული შემადგენლობისაა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ელემენტებს შეიცავს ის, არსადაა დაფიქსირებული. ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტს უკუჩვენება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, პრეპარატის ზუსტი შემადგენლობის დაუფიქსირებლობა, როგორც მინიმუმ, მედიკამენტის უსაფრთხოების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კორონავირუსის მკურნალობის ბუნებრივი და მცენარეული საშუალებების შესახებ დღემდე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა. ამ დეზინფორმაციის ნაწილია, რომ ლიმონი კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს, ნიორი კორონავირუსის ბუნებრივი ვაქცინაა და სხვა. აღნიშნულ საკითხებს უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის ბმულებზე (ბმული1, ბმული2, ბმული3).

საქართველოში კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე „მადლი ღვთისაზე“ შემდეგ განმარტებას აკეთებს:„სერიოზულად, რა თქმა უნდა, ვერ აღვიქვამთ იმ კუთხით რომ ეს საკვები დანამატი განკურნავს კორონა პაციენტებს. გამორიცხულია, ეს 400 ადამიანი, ალბათ, ის 400 ადამიანი იყო, ვინც ისედაც განიკურნებოდნენ. მე არ ვიცი შემადგენლობა ამ საკვები დანამატების, მაგრამ თუ ისინი შეიცავენ კოვიდიანი პაციენტებისთვის სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს, მაშინ მათი გამოყენება კარგია, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ამ საკვები დანამატებით შეიძლება პაციენტის განკურნება“. ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მთელი მსოფლიო მუშაობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი შეიქმნას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ექიმები მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხური მედიცინისა და სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. "COVID-19-ს" საწინააღმდეგოდ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვიოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დღემდე რაიმე მედიკამენტი ან საკვები დანამატი კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებად არ დაურეგისტრირებია. შესაბამისად, „მადლი ღვთისას“ ეფექტურობაც დაუდასტურებელია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ინფორმაცია, რომ პრეპარატი „მადლი ღვთისა“ კორონავირუსის სამკურნალო ე.წ ბუნებრივი საშუალებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და მეცნიერული კვლევებით დადასტურებული არ არის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. სტატია საპასუხო წერილის მიღებისთანავე განახლდება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი