დეზინფორმაცია: აცრები აუტიზმს იწვევს, რემდესივირი კი - სიკვდილს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:

Facebook-ზე კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფომაცია გავრცელდა. ვიდეოში მედიკოს ფელდშერის თქმით, რემდესივირი და ნიმბექსი, რომლებიც კუნთებს ადუნებს, პაციენტთა სიკვდილს იწვევს. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან ის ფაქტი, რომ პრეპარატები კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სიკვდილს იწვევს, არსადაა დაფიქსირებული. გარდა ამისა, მედიკოსის მტკიცებით, პოლიომიელიტის აცრები ბავშვებში აუტიზმს იწვევს. აღნიშნული ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას, ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია პანდემიის დასაწყისიდანვე ვრცელდება, თუმცა ვაქცინის არსებობის პირობებშიც კი, არც ერთ სახელმწიფოს რაიმე სახის ოფიციალური განცხადება სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე არ გაუკეთებია.

ანალიზი:

2020 წლის 10 დეკემბერს, Facebook-გვერდმა „სტალინი“ გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი აღწერით - „მედიკოსი აკრიტიკებს კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებს და არ ეთანხმება პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. ფელდშერის თქმით, რემდესივირი და ნიმბექსი, რომელიც კუნთებს ადუნებს, პაციენტთა სიკვდილს იწვევს. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ პოლიმიელიტის წინააღმდეგ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმს იწვევს, ხოლო კორონავირუსზე ვაქცინაცია, მისი თქმით, სავალდებულო იქნება“. „სტალინის“ პოსტი Facebook მომხმარებლის Nino Gaprindashvili-ის პოსტის ე.წ. „სქრინშოთს“ (screenshot) წარმოადგენს. პოსტში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

ნიმბექსი და რემდესივირი კუნთებს ადუნებს და პაციენტების სიკვდილს იწვევს

ნიმბექსი (საერთაშორისო სახელწოდება - ცისტრაკურიუმი), გაერთიანებულ სამეფოში ასტრაკურიუმთან ერთად COVID-19-ის „პირველი ხაზის“ სამკურნალო პრეპარატებში არის მოხსენიებული. ორივე პრეპარატი, ცისტრაკურიუმი და ასტრაკურიუმი, არის კუნთები მომდუნებელი, რომელსაც ძირითადად ოპერაციებისა და ინტენსიურ თერაპიაში მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისთვის გამოიყენებენ. ნიმბექსის (ცისტრაკურიუმი) გვერდითი ეფექტები დაახლოებით 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში ვლინდება და ის ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას, გამონაყარს, ბრონქოსპაზმს, ანაფილაქსიას, მიოპათიასა და ნერვ-კუნთოვან ბლოკადას მოიცავს.

რაც შეეხება რემდესივირს, ის FDA-ის მიერ დამტკიცებული ანტივირუსული მედიკამენტია COVID-19-თ დაავადებული ზრდასრულებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის (მინიმალური წონა 40 კგ), რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ამასთანავე, 2020 წლის 20 ოქტომბერს, ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (National Institutes of Health) კვლევების საფუძველზე დააგინა, რომ რემდესივირმა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების გამოჯანრთელების დრო რამდენიმე დღით შეამცირა.

COVID-19 - ის სამკურნალოდ რემდესივირის ეფექტიანობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, რადგან ამ ეტაპზე, რემდესივირმა მხოლოდ მცირედი შედეგი აჩვენა. კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, თუმცა პაციენტთა სიკვდილიანობას არ ამცირებს. შესაბამისად, ის მკურნალობის პროცესში გარდამტეხი ვერ იქნება. თუმცა მტკიცება, რომ რემდესივირი სიკვდილიანობის რისკს ზრდის, მცდარია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში რემდესივირის გამოყენების საწინააღმდეგო რეკომენდაცია გამოსცა. რეკომენდაცია „სოლიდარობის კვლევების“ შედეგებით იყო განპირობებული. კერძოდ, WHO-მ „სოლიდარობის კვლევების“ ფარგლებში 2020 წლის 15 ოქტომბრიდან, 4 კლინიკური კვლევა ჩაატარა და 7000 პაციენტისგან მიღებული მონაცემები დაამუშავა. მონაცემების მიხედვით, რემდესივირს მნიშვნელოვანი გავლენა სიკვდილიანობაზე არ მოუხდენია, არც სხვა ისეთ მნიშვნელოვან შედეგებზე, როგორებიცაა: მექანიკური ვენტილაციის საჭიროებაზე გავლენა და გამოჯანმრთელების დროის შემცირება. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო ჯგუფები პრეპარატზე დაკვირვებებს კვლავ განაგრძობენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ FDA-იმ 25 ნოემბერს რემდესივირი კორონავირუსით დაავადებული ჰოსპიტალიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის დაუშვა. FDA-ის გადაწყვეტილება განპირობებული იყო აშშ-ში ჩატარებული სამი კვლევისა (რენდომიზებული, გაკონტროლებული კლინიკური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც საშუალო სიმწვავით და მწვავე ფორმით ჰქონდათ COVID-19 ) და ზემოთ აღნიშნული „სოლიდარობის კვლევის“ საფუძველზე. აშშ-ში ჩატარებული კვლევებიც ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობას მოიცავდა, რომლებსაც COVID-19 საშუალო სიმწვავით და მწვავე ფორმით ჰქონდათ. აღნიშნული კვლევები ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა (NAIAD) და ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ დააფინანსა. უფრო მეტი, რემდესივირის სამკურნალოდ დაშვებასთან დაკავშირებით, FDA-ის აღმასრულებლების სრულ შეფასებაში შეგიძლიათ იხილოთ.

შესაბამისად, როგორც ვხედავთ, ნიმბექსი და რემდესივირი, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებად გამოიყენება, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პრეპარატები კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სიკვდილს იწვევს, არსადაა დაფიქსირებული.

პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრები ბავშვებში აუტიზმს იწვევს

შიში, რომ ვაქცინები ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის 1997 წლის ბრიტანელი ქირურგის, ენდრიუ უეიკფილდის კვლევასთან არის დაკავშირებული, რომელიც პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. სტატიაში დამტკიცებული იყო, რომ წითელას, წითურას, ყბაყურის (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინები, ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი დისკრედიტირებულ იქნა სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსური ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ამის მიუხედავად, ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე სერიოზული კვლევის სახით მაინც გადამოწმდა. არც ერთი კვლევით რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგენილა.

უფრო მოგვიანებით ჩატარებული კვლევების მიხედვითაც დამტკიცდა, რომ პოლიემიელიტის ვაქცინა, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევაშიც კი, ბავშვებში აუტიზმს არ იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს რამდენიმე გენეტიკური ფაქტორი, რომლებიც, როგორც ჩანს, ბავშვის აუტიზმის მიღების შანსზე გავლენას ახდენს. ასევე დადგინდა, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში ტოქსიკური ქიმიკატების ან ინფექციის ზემოქმედებამ შესაძლოა, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის დროს, გაზარდოს აუტიზმით დაავადების რისკები გაზარდოს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის განვითარებასთან რაიმე კავშირშია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დოკუმენტებიც ადასტურებს.

კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა კუთხით დღემდე არაერთხელ გავრცელდა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში. აღნიშნულ თემებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც აქტიურად წერდა. თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამტკიცებამ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების ახალი ტალღა გამოიწვია.

2020 წლის ნოემბერში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალეფექტიანობის შესახებ განაცხადა. 2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. მისი ეფექტურობა დაახლოებით 95%-ია. მსოფლიოში პირველი ვაქცინა სწორედ ბრიტანეთში 8 დეკემბერს, 91 წლის ქალბატონს, მარგარეტ ქენანს ნებაყოფლობით გაუკეთეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა ის ვაქცინის გაკეთებისკენ ყველას მოუწოდებს.

11 დეკემბერს Pfizer-BioNTech ვაქცინა ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტომაც“ (FDA) დაამტკიცა. მისი გამოყენება 14 დეკემბერს დაიწყო. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ასევე, 19 დეკემბერს კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია ისრაელშიც დაიწყო. პირველი ვაქცინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაიკეთა. ისრაელი სურვილს გამოთქვამს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრას, თუმცა ვაქცინის სავალდებულოობაზე რაიმე განცხადება არც ამ შემთხვევაში გაკეთებულა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თქმით, ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სახის დირექტივა, რომელიც მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებას აიძულებს. 27 დეკემბრიდან იგეგმება ვაქცინაციის დაწყება გერმანიაშიც. თუმცა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაცია მხოლოდ ნებაყოფლობით მოხდება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, სიცრუა. ვაქცინის არსებობის პირობებშიც კი, სავალდებულო ვაქცინაციაზე განცხადება არც ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით პოსტში გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი