რეზიუმე: სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო მოწოდებები კვლავ აქტიურად ვრცელდება. Facebook-მომხმარებლები არასრული კონტექსტით ვიდეოს აზიარებენ, რომლის თანახმადაც, ამერიკაში მედდამ ვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც უგონოდ დაეცა. ზოგიერთი მომხმარებელი ვიდეოს ისეთ აღწერას ურთავს, თითქოს მედდამ ლუციფერაზას ვაქცინა გაიკეთა. აღნიშნული პოსტების ავტორები მომხმარებელს ორიგინალი ვიდეოს სრულ კონტექსტს უმალავენ, სადაც ჩანს, რომ მედდა მალევე უკეთ ხდება და განმარტავს, რომ მისთვის გონების დაკარგვა მცირე ტკივილზეც კი ჩვეული მოვლენაა. შესაბამისად, გავრცელებული არასრული ვიდეოები ვაქცინის უსაფრთხოების ეჭვქვეშ დაყენებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ანალიზი:

აშშ-ში, ტენესის შტატის ადგილობრივმა ტელევიზია WRCBtv-მ 17 დეკემბერს ჩატანუგას საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინის პირველი დოზის გავრცელება გააშუქა. ვაქცინირებულთა შორის საავადმყოფოს თანამშრომლებიც იყვნენ, რომელთაც ვაქცინის მიღების შემდეგ ტელევიზიისთვის კომენტარები გააკეთეს. ერთ-ერთი ექთანი ინტერვიუში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას პანდემიის პერიოდში დიდ იმედად აფასებდა, რის დროსაც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. თუმცა ექთანი რამდენიმე წუთში გონს მოვიდა და ტელევიზიებს განუცხადა, რომ მისთვის ეს უჩვეულო შემთხვევა არ ყოფილა: როდესაც ტკივილს გრძნობს, თუნდაც მცირედს, გონებას კარგავს, რაც აქამდეც არაერთხელ მომხდარა.

ჩატანუგას საავადმყოფომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით 18 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გონების დაკარგვა ვაქცინაზე უარყოფით რეაქცია არ ყოფილა. ის მედდის სამედიცინო მდგომარეობით იყო განპირობებული, რაც ტკივილზე გადამეტებულ მგრძნობელობას უკავშირდება. ტკივილის დროს ორგანიზმში გულისცემისა და არტერიული წნევის მაკონტროლებელი ნერვი არასწორ სიგნალებს გზავნის, რის შედეგადაც ტვინს საკმარისი ჟანგბადი აღარ მიეწოდება და ხშირად ადამიანი გონებას კარგავს. ექთანი მალევე უკეთ გახდა, მსგავსი რეაქცია საკმაოდ ხშირია.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, გონების დაკარგვა შესაძლოა, ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებას მოჰყვეს. ყველაზე ხშირად მსგავსი რეაქცია HPV, MCV4 და Tdap ვაქცინებს ახლავს. ყველა მათგანი განსხვავებული შემადგნელობისაა, ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გონების დაკარგვა არა უშუალოდ ვაქცინის, არამედ ვაქცინაციის პროცესით გამოწვეული ტკივილით და გადამეტებული მგრძნობელობითაა გამოწვეული. ზოგადად, გონების დაკარგვა სერიოზული პრობლემა არაა, თუმცა საშიშია დაცემა, რამაც შეიძლება, ფიზიკური დაზიანება გამოიწვიოს. შესაბამისად, CDC რეკომენდაციას გასცემს, რომ ვაქცინის მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში ვაქცინირებულები ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ვიდეოები არა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, არამედ კორონავირუსის ვაქცინის საფრთხის შესახებ განცხადებებს მოიცავს. აღნიშნული ვიდეოს მანიპულაციის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმა წერდა (Factcheck.org, Factcheck.afp.com, Reuters.com, Usatoday.com, Apnews.com).

რაც შეეხება ლუციფერაზას ვაქცინის გამოყენებას, აღნიშნული მტკიცება ყალბია. ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყეს, რომელიც ლუციფერაზას ფერმენტს არ შეიცავს. ზოგადად, ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და ფერმენტ ლუციფერაზას მეშვეობით მისი ჟანგვისას სინათლე წარმოქმნება. ლუციფერაზა უვნებელი ფერმენტია და იგი ბუნებრივი სახით ციცინათელაში გვხვდება. მედიცინაში ლუციფერაზა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის შესასწავლად გამოიყენება. მაგალითად, ლუციფერაზის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნის თერაპიის შედეგების დადგენა. ფერმენტი ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს. სწორედ ამიტომ ლუციფერინიც და მისი ფერმენტი ლუციფერაზაც უვნებელია.

ტეხასის სამედიცინო ცენტრის თანახმად, ლუციფერაზას COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის ვიზუალურად დასადასტურებლად იყენებდნენ. ცენტრის მტკიცებით, წინა მეთოდებთან შედარებით, აღნიშნულმა მეთოდმა დიაგნოზის დამუშავების დრო შესაძლოა, 12–ჯერ შეამციროს, რაც თავისთავად ვაქცინის ეფექტურობის სწრაფად შეფასების შესაძლებლობასაც გაზრდის. შესაბამისად, ვირუსოლოგები ფერმენტ ლუციფერაზას უფრო სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების შესაქმნელად, პოტენციური თერაპიის გასაანალიზებლად და თავად SARS-CoV-2 ვირუსის უფრო უკეთ შესასწავლად იყენებენ.

ლუციფერაზასა და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი