ანალიზი

24 ნოემბერს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. პოსტში იგი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება. გამყრელიძის განცხადების თანახმად, საქართველო COVID-19-ის ვაქცინას, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის მიიღებს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ვირუსის წინააღმდეგ იმ ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს. ტომარაძის ინტერპრეტაციით კი, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელზეც კოვიდის „ნაუცბათევად“ შექმნილ ვაქცინას გამოცდიან. „საცდელი ვირთხები ვართ? ნატოში არ გვიღებენ და „სასიცოცხლო ვაქცინას პირველი ჩვენ მოგვცემენ?“ მისი თქმით, ვაქცინის შექმნას 7 წელი სჭირდება, შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სანდო არ იქნება.

აღნიშნული დეზინფორმაცია ონლაინ გამოცემებმა გამოაქვეყნეს („ალია“, „ნიუსფრონტი“, tvm.ge, progressnews.press). მასალა Facebook გვერდებზეც გავრცელდა („სტალინი“, „შენ ხარ საქართველო“, „საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“).

2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (BNT162b2) გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, პრეპარატმა კლინიკური კვლევის სამივე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი ვაქცინის ეფექტიანობამ 94%-იან ნიშნულს გადააჭარბა. 8 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველად გამოიყენეს ბრიტანეთში. ის 90 წლის მარგარეტ ქენანმა გაიკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატს ლიცენზია 11 დეკემბერს მიანიჭა. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ვაქცინის განხილვა ჯერ არ დაუსრულებია. კანადაში, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი უკვე დაიწყო.

გარდა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისა მაღალი ეფექტიანობა (94%) აჩვენა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამაც, რომელიც FDA-მ 18 დეკემბერს გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა.

რაც შეეხება ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბიოტექნიკური ფირმის AstraZeneca-ს ვაქცინას, კვლევებმა დაადგინა, რომ ის ჯერჯერობით ისეთი ეფექტური არ არის, როგორც Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინები. Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის მესამე ფაზაში პრეპარატის ეფექტურობის 60%-90%-იანი მაჩვენებლები დაფიქსირდა. მკვლევართა თქმით, ეს მონაწილეთათვის ვაქცინის განსხვავებული დოზების მიცემამ გამოიწვია. Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა ჯერ კიდევ კვლევის მესამე ფაზაშია.

ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მას შემდეგ გახდება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი, როდესაც მას ჯანმო COVAX-ის პლათფორმაზე დაამტკიცებს. COVAX-ის პლათფორმა ჯანმოს და ვაქცინის გლობალური ალიანსის (Gavi) მიერ დაარსებული ფონდია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში კორონავირუსის სამომავლო ვაქცინის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. COVAX-ის პლათფორმა საქართველოს გარდა, ეხმარება ისეთ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც დიდი ბრიტანეტისა და აშშ-ს მსგავსად ვაქცინის დამოუკიდებლად შეძენას ვერ შეძლებენ. საქართველომ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 1400000 დოზა, რაც 700000 ადამიანის ასაცრელადაა საკმარისი.

ვაქცინების დამტკიცება, როგორც წესი, მრავალწლიანი კვლევებისა და ტესტირებების ჩატარების შემდეგ ხდება. თუმცა ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კვლევებისა და ტესტირებების უფრო სწრაფი ტემპით წარმართვა და ვაქცინის შექმნის დაჩქარება. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინის მოქმედების და ტოქსიკურობის დასადგენად, ის ცხოველებზე იტესტება. ცხოველებში იმუნური რეაქციის გამომუშავების შემდეგ იწყება კლინიკური კვლევები, რომელიც სამი ძირითადი ფაზისგან შედგება. პირელ ფაზაში ვაქცინის გამოცდა ჯანმრთელი მოხალისეების მცირე ჯგუფზე ხდება. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფს უკეთდება. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება და აქცენტი კეთდება ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლაზე. კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ ვაქცინა მარეგულირებელი ორგანოს მიერ უნდა იქნას განხილული და დამტკიცებული. ამის შემდეგ იწყება მისი დამზადება/გამოშვება და ვაქცინის ხარისხის კონტროლი.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA)

ამასთან ერთად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები დამზადებულია რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, ვაქცინის დამზადების უფრო სწრაფი მეთოდია. რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსის სამომავლო ვაქცინა პირველად საქართველოზე უნდა გამოსცადონ, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უკვე გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში. საქართველო კი კორონავირუსის ვაქცინას მას შემდეგ მიიღებს, რაც მას ჯანმო COVAX-ის პლათფორმაზე დაამტკიცებს. ამასთან ერთად, საქართველომ ვაქცინის 1400000 დოზა უკვე შეუკვეთა.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი