ანალიზი

Facebook-გვერდი Tvalsazrisi.ge, ახალი პრეპარატი Nano silk-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ზურაბ ქუმსიაშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი „Nano Silk“ შექმნა. ზურაბ ქუმსიშვილის განცხადებით, პრეპარატი, როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის, ისე კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოიყენება. პოსტის თანახმად, დასაშვებია როგორც პრეპარატის დალევა, ისე მისი ინჰალაცია, რის შედეგადაც ფილტვებში იქმნება „ნანობარიერი“, რაც ვირუსების ჯანმრთელ უჯრედებში შეღწევას აფერხებს. ასევე, პნევმონიის დროს ფილტვებში ფიბროზული პროცესების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. პოსტის თანახმად, Nano Silk ისეთი სეკრეტორული ნივთიერებებისგანაა დამზადებული, როგორიცაა აბრეშუმის ჭიის მიერ გამომუშავებული სერიცინი (წებოვანი ცილა) და ცილა ფიბროინი (ძაფი), რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს: სერინი, თრეონინი, გლიცინი, ალანინი, თიროზინი და გლუტამინის მჟავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დამტკიცებული სამედიცინო მედიკამენტი, რომლითაც ადამიანები კორონავირუსისგან პრევენციას ან მკურნალობას შეძლებენ, ჯერჯერობით არ არსებობს. კორონავირუსის პრევენციისთვის, ამ დროისთვის, მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული შემდეგი რეკომენდაციები არსებობს:

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;

• ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით;

• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან/არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები;

• ხველისა და ცემინებისას პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი აიფარეთ.

რაც შეეხება უშუალოდ დაინფიცირებისას სახლში მკურნალობის შემთხვევებს, საქართველოს მთავრობის მიერ, შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:

1. დარჩით სახლში!

2. დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად;

3. თუ ოჯახის წევრთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

4. არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები;

5. ოთახი გაანიავეთ ხშირად;

6. გაწმინდეთ და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები; ასევე სველი წერტილები;

7. მიიღეთ ბევრი სითხე, არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;

8. ხველის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;

9. ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს - თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესდა - გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზი (სილურჯე) და სხვა, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს. ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ დადასტურებული გაქვთ COVID-19.

WHO-ის მოხსენებაში, მკურნალობისას რეკომენდებული მედიკამენტების შესახებ, აბრეშუმის ჭიის მიერ გამოყოფილი სეკრეტორული ნივთიერებები ან ამ ნივთიერებებში არსებული ამინომჟავები, ნახსენები არაა.

Nano Silk წარმოადგენს ხსნარს, რომლის შემოწმება და კლინიკური გამოცდა (Clinical trial) არ შემდგარა, შესაბამისად, ის არაა ლიცენზირებული და მისი გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ასევე ბუნებრივია, რომ ჯანდაცვის არც ერთი ინსტიტუტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), რაიმე სახის რეკომენდაციებს კორონავირუსის წინააღმდეგ მისი გამოყენების შესახებ, არ გასცემს. აქედან გამომდინარე, ის რომ კონკრეტულ ხსნარს ადამიანის კოვიდ ინფექციისგან დაცვა ან განკურნა შეუძლია, ყალბ ამბავს წარმოადგენს.

რაც შეეხება, ხსნარის შემქმნელ ზურაბ ქუმსიაშვილს, მას არასწორი ან მანიპულაციური ინფორმაცია, როგორც 5G ქსელების უარყოფითი მხარეების, ისე სხვა საკითხების შესახებ, აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.

კორონავირუსის წინააღმდეგ, სხვადასხვა საშუალებით მკურნალობის შესახებ, დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. გთხოვთ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი