ანალიზი

ვებგვერდმა public.net.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გუგული მაღრაძე სოციალური დახმარების გაუქმებას ითხოვს“. სტატიაში მოყვანილია გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის ფორმატში“ (პარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრს უსმენდა) გაკეთებული განცხადება: „ჩემთვის ძალიან მიუღებელია, 40 -50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ. ხომ არ ჯობია განვასხვაოთ ისინი ვინც შრომისუუნაროა და არ შეეძლებათ მუშაობა და მათ მივცეთ სოციალური შემწეობა, ხოლო მათთვის, ვისაც პოტენციურად დასაქმება შეუძლია, იყოს უმუშევრობის დახმარება, რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ იქნება შეთავაზება პროფესიული განათლების, რაც უფასოა ან სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის იქნება საოჯახო მეურნეობის მოწყობაში დახმარება და ამ მიმართულებით მგონია, გაცილებით უფრო მეტ მოტივაციას შევუქმნით ადამიანებს“. აღნიშნული განცხადება გუგული მაღრაძემ მართლაც გააკეთა, თუმცა ის public.net.ge-მ მანიპულაციურად გაავრცელა.

გუგული მაღრაძეს აღნიშნული განცხადებით სოციალური დახმარების საერთოდ გაუქმება არ მოუთხოვია, არამედ შრომისუნარიანთა და შრომისუუნაროთა დიფერენცირებით მისი ორ ნაწილად დაყოფის იდეა წარმოადგინა. შესაბამისად, სათაური განცხადების შინაარსს ამახინჯებს. გარდა ამისა, გუგული მაღრაძემ მოცემული განცხადება 5 თებერვალს გააკეთა, ხოლო public.net.ge-მ 5 დეკემბერს გამოაქვეყნა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მას Facebook-სივრცეში საკმაოდ დიდი გავრცელება ჰქონდა და, CrowdTangle-ის მიხედვით, 3500-მდე ინტერაქცია აქვს.

ინფორმაციის 10 თვის შემდეგ გამოქვეყნება განცხადების კონტექსტს ცვლის, რადგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესი საკმაოდ დაზარალდა, სამუშაო ადგილები დაიკარგა და სოციალური დახმარებების გაცემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა (3 დეკემბრიდან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განცხადების მიღება დაიწყო). გუგული მაღრაძის ზემოთ მოცემული განცხადება თებერვალში, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებამდე, გაკეთდა და სრულიად სხვა კონტექსტი ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარების საკითხთან დაკავშირებით ძველი განცხადების თავიდან გავრცელება კონტექსტის მითითების გარეშე ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი