15 დეკემბერს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

შენობების დემონტაჟის ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს. „ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანებს, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია, ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“,- განაცხადა კალაძემ.

„ფაქტ-მეტრი“ თბილისის მერიის ბიუჯეტის იმ პროგრამებს მიმოიხილავს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის მერია უბინაოდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფას აფინანსებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი ასეთი ქვეპროგრამა ფინანსდება: მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა (კოდი 06.02.21) და დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები (კოდი 06.02.16.07-016).

დედაქალაქის ბიუჯეტის ქვეპროგრამა - „მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა“, თბილისში არსებული მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსებას ითვალისწინებს. ქვეპროგრამის მიზანი იმ ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფაა, რომელთაც საცხოვრისის არქონის გამო ღამის გათევა ქუჩაში უწევთ. ქვეპროგრამის ფარგლებში ეს ადამიანები პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებითაც უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი. ქვეპროგრამის მიხედვით, იმ ბენეფიციარების, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო/ან სხვა მიზეზით საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ, „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპიში“ განთავსებაა გათვალისწინებული.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსება 1. 314 მლნ ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს ამავე მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან - 1.310 მლნ ლარი, 2019 წელს კი - 1.222 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

თავშესაფრის მოვლა-პატრონობისთვის გამოყოფილი 1.314 მილიონი ლარიდან, 97 200 ლარი, პალიატიური ზრუნვისთვის, დანარჩენი კი თავშესაფრის უზრუნველსაყოფადაა გათვალისწინებული (1 217 580). ქვეპროგრამა თვეში საშუალოდ 141 ბენეფიციარის თავშესაფრით დაკმაყოფილებას და 17 ბენეფიციარის პალიატიური ჰოსპისით მომსახურებას გულისხმობს. უშუალოდ თავშესაფრის დაფინანსება კი შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

ცხრილი1: თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბიუჯეტი

წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

როგორც ვხედავთ, თავშესაფრის ბიუჯეტიდან, უშუალოდ ბენეფიციარების კვებასა და სამედიცინო თუ ჰიგიენურ მომსახურებაზე 347 400 ლარია (მთლიანი ბიუჯეტის 28.53%) გათვალისწინებული, დანარჩენი 870 180 ლარი (71.47%) თანამშრომელთა ხელფასებსა და სხვა მომსახურებებზეა (რემონტის ხარჯი - 65 820 ლარი, წყალი - 40 000 ლარი, ბუნებრივი აირი - 70 000 ლარი , საწვავი - 10 200 ლარი, ტრანსპორტის დაქირავება - 20 000 ლარი და ა.შ) გადანაწილებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი ბიუჯეტში მეორე ქვეპროგრამაც მოქმედებს, რომლის ფარგლებში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხდება. უფრო ზუსტად, პროგრამის ფარგლებში, ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობიდან გამოყვანილ, ან სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი) უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი, ბინის ქირის ასანაზღაურებლად კომპენსაციას უხდიან. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დასახელებული ქვეპროგრამის (06.02.16.07- 016) დაფინანსება 6 116 800 ლარია, მიმდინარე წელს იმავე დანიშნულებით - 5 813 500 ლარი, გასულ წელს კი 5 523 900 ლარი იყო გამოყოფილი. 2021 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში ბინის ქირას 1 811 ოჯახს გადაუხდიან.

ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ის ქვეპროგრამები, რომლის ფარგლებში დედაქალაქში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარება ხორციელდება. მომავალ წელს აღნიშნული მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 7 430 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. „ფაქტ-მეტრი“ არ შედის განხილვაში აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი რამდენად კანონის ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ უბრალოდ ვსვამთ კითხვას, როდესაც დედაქალაქს თავშესაფრის მაძიებელთა და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების პრობლემა ისედაც უდგას, ზამთარში, კორონავირუსის პანდემიის პიკში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე, აღნიშნული შენობების დემონტაჟი, რა აუცილებლობით იყო განპირობებული, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენობები საცხოვრებლად გამოყენებული არ იყო?

დედაქალაქის მოსახლეობას ბულდოზერებით დანგრეული შენობები წარსულშიც ახსოვს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ ქმედებისთვის (და სხვა დაშვებული შეცდომებისთვისაც) მოსახლეობისგან პასუხი 2012 წელს მიიღო და არჩევნები წააგო. 2021 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია. დედაქალაქი მომავალ არჩევნებს 184 805 სოციალურად დაუცველი მოქალაქით (15 %) და დღეში უფასო სასადილოს მომსახურებით მოსარგებლე 40 000 ბენეფიციარით ხვდება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი