რეზიუმე: ქალაქ ქუთაისის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაზე 21 500 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა 10 კოვიდპაციენტის სამკურნალოდ იქნებოდა საკმარისი. ჩვენ ამავე მიმართულებით რამდენიმე ქალაქის მიერ გაწეული ხარჯი შევისწავლეთ. როგორც გაირკვა, რვა ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებების ხარჯმა ჯამში 154 086 ლარი შეადგინა. ეს თანხა კი 77 კოვიდპაციენტის მკურნალობის ხარჯს დაფარავდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კოვიდის გავრცელების საწყის ეტაპზე ქუჩების მორეცხვას სხვა ქვეყნებიც ახორციელებდნენ. თუმცა სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ მსგავსი ღონისძიებების ეფექტურობას არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნდა და უფრო ინტუიტიური ქმედება იყო. მოგვიანებით, მაისის დასაწყისში, უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური დოკუმენტი გაავრცელა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვას, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, არანაირი ეფექტი არა აქვს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობების მიერ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით რეცხვას რეალური შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული რეგიონების ისედაც მწირი ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის მაგალითს წარმოადგენს.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ქუთაისში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ხარჯებს შეეხო და აღნიშნა: „ქუთაისის მერიამ ქუჩების მორეცხვით ვირუსთან ბრძოლაში 21 500 ლარი დახარჯა. რამდენი ინფიცირებულის მკურნალობა შეიძლებოდა ამ თანხად“. გიორგი კანდელაკმა სხვადასხვა ქალაქში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვისთვის გაწეულ ხარჯებს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკითხი განვაზოგადეთ და პოსტებში დასახელებული ქალაქების მაგალითზე, ამ მიმართულებით დახარჯული თანხები შევისწავლეთ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ვირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულ აქტივობებს შორის ქალაქების ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებიც შედიოდა.

დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის ქუჩების დამუშავება/დეზინფექციის (ე.წ. გამფრქვევის საშუალებით ცივი შესხურების სადეზინფექციო ხსნარებით) მიზნით 75 000 ლარი გამოიყო, ხოლო ქუჩების მოსარეცხად საჭირო საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალების შესაძენად - 8 127 ლარი, ჯამში თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებით მორეცხვას 83 127 ლარი მოხმარდა.

იგივე სამუშაოების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ 21 500 ლარი, ზუგდიდმა - 27 035 ლარი, ბათუმმა - 6 879 ლარი, საგარეჯომ - 9 870 ლარი, ხობმა -3 875 ლარი, დედოფლისწყარომ - 1800 ლარი, ლაგოდეხმა - 4 200 ლარი დახარჯა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალციხის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განსახორციელებლად სახსრები ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ქუჩების მორეცხვისთვის საჭირო სადეზინფექციო ხსნარი მუნიციპალიტეტს კერძო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ გადაეცა, ზესტაფონის ქუჩების მორეცხვისთვის საჭირო სახსრები კი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზმა“ გამოყო.

ცხრილი1: ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით რეცხვის ხარჯები

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მსგავს ღონისძიებებს სხვა ქვეყნებშიც მიმართავდნენ და ქუჩების მოსარეცხად სხვადასხვა ხსნარებს, საპნიან წყალსა და სადეზინფექციო საშუალებებს იყენებდნენ. აღნიშნულ საკითხს სტატია მიმდინარე წლის აპრილში „The New York Times“-მა მიუძღვნა, სადაც ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები აღნიშნავდნენ, რომ გარე სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას ვირუსის გავრცელებაზე რაიმე გავლენა აქვს, თუ - არა, მეცნიერულად დასაბუთებული არ არის და უფრო ინტუიტიური ქმედებაა. მათივე აზრით, რადგან საკითხი შესწავლილ არ არის, მსგავსი ნაბიჯების ეფექტიანობის განსაზღვრა რთული იქნება.

უფრო მოგვიანებით, მაისში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების საკითხს სპეციალური დოკუმენტი მიუძღვნა, სადაც ნათქვამია, რომ ქუჩების მორეცხვას სადეზინფექციო საშუალებებით ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, არანაირი ეფექტი არ აქვს, რადგან ქუჩაში არსებული მტვერი და ჭუჭყი სადეზინფექციო ხსნარების მოქმედებას არაეფექტურს ხდის. პირიქით ქუჩების მორეცხვა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს და თვალების, კანის და სასუნთქი გზების დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

რაც შეეხება საკითხს, ერთი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს რა თანხა უჯდება, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ერთი კოვიდპაციენტის სამკურნალოდ საშუალოდ 2000 ლარია საჭირო. ქალაქ ქუთაისის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაზე 21 500 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა 10 კოვიდპაციენტის მკურნალობის ხარჯებს დაფარავდა. ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებულ ქალაქების ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვაზე ჯამში 154 086 ლარი დაიხარჯა. დასახელებულ თანხად 77 კოვიდპაციენტის მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი