ირაკლი კობახიძე: შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

სერგი კაპანაძე: ოპოზიცია თუ არ შედის [პარლამენტში], ვერანაირ საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. შესაბამისად, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების არშესვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დროებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.

ვინაიდან საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის აუცილებელი ოპოზიციაა, საგამოძიებო კომისიის შექმნის ვარიანტად შესაძლოა, განვიხილოთ სცენარი, სადაც „ქართულ ოცნებას“, ანუ საპარლამენტო უმრავლესობას, დატოვებენ დეპუტატები, აღმოჩნდებიან ოპოზიციაში და კომისიაში უფრაქციო ოპოზიციონერი დეპუტატების სახელით იქნებიან წარმოდგენილნი.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

„პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აღნიშნა, რომ ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ვერანაირ საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის. „ხელოვნურ ოპოზიციას თუ შექმნის შიგნით, ვის ჰგონია, რომ თავისივე შექმნილი კომისიით და შიგნით მყოფი ხელოვნური ოპოზიციის მიერ დადებულ დასკვნაში იმას დაწერენ, რომ გაყალბება იყო?“, - განაცხადა კაპანაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კობახიძის ინიციატივის/სურვილისა, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების არშესვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება დროებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის. კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის – იმ პარლამენტის წევრთა ერთობლიობის წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. შესაბამისად, ერთპარტიული პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილებას მოკლებულია.

დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება. კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და უფლებამოსილია, თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს.

რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა?

გამომდინარე იქიდან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის საკითხი კონსტიტუციითაცაა გათვალისწინებული, „ქართული ოცნება“ არსებულ წესს ვერ შეცვლის. საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი სჭირდება, მმართველ გუნდს კი ამდენი დეპუტატი არ ჰყავს.

ვინაიდან საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის აუცილებელია ოპოზიცია, საგამოძიებო კომისიის შექმნის ვარიანტად შესაძლოა, განვიხილოთ სცენარი: „ქართულ ოცნებას“, ანუ საპარლამენტო უმრავლესობას, დატოვებენ დეპუტატები, აღმოჩნდებიან ოპოზიციაში და ოპოზიცია კომისიაში მათი სახით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ნაკლებსავარაუდოა, თუმცა - შესაძლებელი. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შენარჩუნება, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ ერთპარტიული პარლამენტი, (თუ მასში მხოლოდ „ქართული ოცნების“ 90 წევრი იქნება), ვერ შეძლებს ისეთი გადაწყვეტილებების/კანონების მიღებას, რომელთაც 100 ან 113 ხმა სჭირდება. ასეთებია, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და ა.შ. (იხილეთ დეტალურად). გარდა საგამოძიებო კომისიისა, პარლამენტში ვერც ეთიკის საბჭო შეიქმნება, რამდენადაც რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აღწერა, თუ როგორი იქნება პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ მასში ოპოზიციის წარმომადგენლები არ შევლენ. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო“.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი