ანალიზი

2 დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, როკფელერების საგვარეულოს მფლობელობაში არსებული ბიორესურსების გლობალური ცენტრი - ATCC ვირუსებითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს. მათ შორის არის ხელოვნურად შექმნილი ზიკას ვირუსი, რომელიც ცენტრში როკფელერის ფონდის ვირუსების ლაბორატორიის დოქტორმა ჯორდ კასალზამ 1953 წელს შეიტანა. მოცემული მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი რეალურ ფაქტს არ ემყარება. პოსტი დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის ერთობლიობას წარმოადგენს. აღნიშნული მასალა საჯარო Facebook-ჯგუფებშიც გავრცელდა: „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, „კორონა მაფია“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!“. მომხმარებელ ლაშა მოდებაძეს როკფელერების საგვარეულოსთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური პოსტი გამოუქვეყნებია, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

სინამდვილეში, არაკომერციული ორგანიზაცია ATCC – American Type Culture Collection ბიოლოგიური რესურსების გლობალური ცენტრია, რომელიც მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, უჯრედებს და სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო სხვა მასალებს აგროვებს, ინახავს და საერთაშორისო დონის მკვლევრებსა და მეცნიერთა გაერთიანებებზე გასცემს. დღესდღეობით ცენტრს აღნიშნული მიკროორგანიზმების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია აქვს. ამასთან ერთად, ცენტრი ხარისხის სტანდარტებს ადგენს, რასაც შემდეგ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, ჯანმო და სხვა ორგანიზაციები მედიკამენტებისა და ვაქცინების ეფექტიანობის განსაზღვრისთვის იყენებენ. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ ცენტრისთვის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის მიწერა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ATCC 1925 წელს მეცნიერთა კომიტეტის მიერ შეიქმნა, რადგან მათ მიკროორგანიზმების კოლექციის არსებობის აუცილებლობის საჭიროება დაინახეს. თავდაპირველად ცენტრი ჩიკაგოს მაკკორმიკის ინსტიტუტში ფუნქციონირებდა, შემდგომ წლებში კი, ის ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გადავიდა. დღეს ცენტრის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი სიპესია. შესაბამისად, სიცრუეა მტკიცება, თითქოს ATCC როკფელერს ეკუთვნის. თუმცა აღნიშნული დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, სათავეს იმ ფაქტიდან იღებს, რომ 1953 წელს როკფელერის ფონდის ვირუსების ლაბორატორიის დოქტორმა ჯორდ კასალსმა ცენტრს უგანდაში 1947 წელს აღმოჩენილი ზიკას ვირუსი, შემდგომი კვლევების საწარმოებლად გადასცა.

პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ზიკას ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი და მისი დაპატენტებული ვარიანტი ATCC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გასაყიდად დევს. ავტორის თქმით, „დაპატენტება შეიძლება მხოლოდ იმისი, რაც ხელოვნურადაა შექმნილი“. რეალურად, აბრევიატურა VR-48, რომელიც ATCC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ზიკას ვირუსის შტამის გასწვრივაა მითითებული, არა პატენტის, არამედ ზიკას ვირუსის კონკრეტული შტამის სრული დასახელების ნაწილია. აღნიშნული შტამის ნიმუში ATCC-ის როკფელერის ფონდის ვირუსების ლაბორატორიამ 1953 წელს ნამდვილად გადასცა. ამას თავად როკფელერის ფონდი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ადასტურებს. თუმცა, განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ როკფელერის ფონდს ვირუსი არ დაუპატენტებია და ვირუსის ცენტრისთვის გადაცემით, არც რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიუღია. ამასთან ერთად, ATCC ზიკას ვირუსს რაიმე პირადი კომერციული სავაჭრო მიზნებისთვის არ ინახავს, არამედ, მას საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ მეცნიერებზე ან მეცნიერთა გაერთიანებებზე ყიდის, რომელთაც შტამი კონკრეტული სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის ესაჭიროებათ.

შესაბამისად, Facebook- მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცებულებები, თითქოს ზიკას ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი და როკფელერებს მისი პატენტი ბიორესურსების გლობალური ცენტრის, ATCC-ის ვებგვერდზე აქვთ დარეგისტრირებული, არის ყალბი ამბავი. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ATCC როკფელერებს ეკუთვნით და ცენტრი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი