ქალაქ ბათუმის მერიამ ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში შპს „საქგზამეცნიერებისგან“ 25 000 ლარად შეისყიდა. ხელშეკრულების ძირითადი პირობა იყო ბარცხანის ხიდის გამოკვლევა-გამოცდის შესახებ ტექნიკური ანგარიშის საფუძველზე დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურება საველე კვლევა-ძიებასა და კამერალურ (საველე პირობებში მოპოვებული მასალების მეცნიერული დამუშავება) სამუშაოებს მოიცავდა. ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მომსახურებისთვის კი იმავე კომპანიას, რომელიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მანამდე, 2016 წლის 1 ივნისს, 40 000 ლარი გადაუხადა.

პროექტი მომზადდა, თუმცა ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თითქმის სამი წლის შემდეგ გამოცხადდა.

2019 წლის იანვარში ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT190000759) გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 778 140 ლარი იყო. მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ტენდერი არ შედგა. იგივე ბედი ორი თვის შემდეგ გამოცხადებულ იმავე ღირებულების კიდევ ერთ ტენდერს (NAT190003228) ეწია.

ამის შემდეგ, 2019 წლის 1 ივნისს, სამმართველომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერილით მიმართა და განმარტა, რომ ტენდერის გამოცხადება მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო დაგვიანდა. სამმართველო ორი ტენდერის ჩაშლის მიზეზად პროექტის ტექნიკური პირობების ცვლილებისა და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას ასახელებს. ასევე განმარტავს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება-რედაქტირება „საქგზამეცნიერების“ ექსკლუზიური უფლებაა, რადგან მისი შედგენილია. ამიტომ სააგენტოს თავმჯდომარისგან იმავე კომპანიასთან ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმების ნებართვას ითხოვს.

ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ თანხმობა მიიღო და 2019 წლის 10 ივლისს კომპანიასთან, გამარტივებული წესით, 5 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მიმწოდებელს 30-დღიანი ვადა ჰქონდა, ანუ პროექტი იმავე წლის 9 აგვისტომდე უნდა ჩაებარებინა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეცვლიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე ერთ წელზე მეტი გავიდა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200015822) 2020 წლის 9 ოქტომბერს გამოაცხადა, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 069 100 ლარით განისაზღვრა. მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენმა“ მიიღო.

სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია განიხილა. ოქმში ნათქვამია, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია მოთხოვნებს სრულად არ შეესაბამება, რადგან პრეტენდენტმა ტექნიკური საშუალებების მის კუთვნილებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გეგმა-გრაფიკი არ წარადგინა. კომპანიას, დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად, სამდღიანი ვადა მიეცა, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. აქედან გამომდინარე, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უკვე მეოთხედ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200017400) 4 დეკემბერს ასევე უშედეგოდ დასრულდა, რადგან მონაწილეობა არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო.

საბოლოოდ, სახეზეა შპს „საქგზამეცნიერებისთვის“ გადახდილი თითქმის 70 000 ლარი, ოთხი ჩავარდნილი ტენდერი და ბარცხანის ხიდი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და რომლის შეკეთებას მოსახლეობა, უკვე წლებია, უშედეგოდ ელოდება. ხიდის მონაკვეთები კი დროდადრო იშლება და მასზე გადაადგილება სახიფათოა როგორც ავტომობილების, ისე - ფეხით მოსიარულეებისთვის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი