რეზიუმე: Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიაში ხალხი სიბრაზისგან 5G ანტენებს წვავდა და იგივე სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. გავრცელებულ ვიდეოში რეალურად 3G და 4G გადამცემი ანძა იწვოდა, რომელიც მოსახლეობის თავდასხმის გამო არ დამწვარა. ინციდენტის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა დასახელდა, შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ანალიზი

Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიაში ხალხი 5G ანტენებს წვავს და მოცემულია ხანძრის ამსახველი ვიდეო. აგრეთვე აღნიშნულია, რომ 5G ანტენებს კიდევ სხვა მრავალ ქვეყანაში ანადგურებენ, მაგალითად - ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, აშშ-ში და ა.შ. მოცემული ინფორმაცია აქტიურად 2020 წლის მაისში გავრცელდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეოს Facebook-ში ბოლო 120 დღეში დაახლოებით 97 ათასი, ხოლო 24 დღეში დაახლოებით 32 ათასი ნახვა აქვს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის სიზუსტით დაინტერესდა.

ვიდეო Facebook-სივრცეში, თავდაპირველად, თან ჰოლანდიურ ენაზე გავრცელდა. გავრცელებულ ვიდეოს თან ახლდა აღწერა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 6 აპრილს იტალიელებმა ლა სპეციაში სიბრაზისგან 5G-ის გადამცემი ანძა დაწვეს. ვიდეო იმავე შინაარსის აღწერით გავრცელდა იტალიურ, გერმანულ და პოლონურ ენებზეც. თუმცა აღნიშნული მტკიცება შეცდომაში შემყვანია.

ლა სპეციას სახანძრო ბრიგადის ვებგვერდზე 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ტელეკომუნიკაციების ლითონის ქსელსა და მიმდებარე სათავსოში ნავს ცეცხლი ეკიდა. 7 აპრილს ადგილობრივ გაზეთში „Citta della Spezia“ მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. გაზეთმა მომხდარი ინციდენტის 5G ანტენებთან კავშირი უარყო. სტატიაში, ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით, ნათქვამი იყო, რომ ხანძრის სავარაუდო გამომწვევი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლმოკიდებული ანძა, რომელიც ვიდეოში ჩანს იტალიურ ტელეკომუნიკაციების ოპერატორ კომპანიას „Wind Tre“ ეკუთვნის. „Citta della Spezia“-ს ინფორმაციით, კომპანია უარყოფს, რომ მათი დამწვარი ანძა 5G სიხშირის გადამცემი იყო. კომპანიას საინფორმაციო სააგენტო „ფრანც პრესიც“ დაუკავშირდა. 14 აპრილს მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ დამწვარ ანტენაზე UMTS (3G) და LTE (4G) გადამცემები იყო დამონტაჟებული. ასევე აღსანიშნავია, რომ დასახელებულ პერიოდში ლა სპეციაში 5G ტექნოლოგიის დაყენება ჯერ დაწყებულიც კი არ ყოფილა.

დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენის შედეგად 5G სიხშირის გადამცემების დაწვის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა. რიგ შემთხვევაში დამწვარ ანძებს 5G ტექნოლოგიასთან კავშირი არ ჰქონიათ.

განხილული ვიდეო 5G-სა და კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღის ნაწილია. 5G-ის კორონავირუსთან დაკავშირების შეთქმულების თეორიის სიყალბის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს. COVID-19 ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაიცემა, როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ასევე დაინფიცირებული ზედაპირის ხელით შეხების შედეგადაც შესაძლებელია ვირუსის გადადება. არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგაჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტოს. შესაბამისად, 5G რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევს. მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლია, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემს. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოც ამავე დასკვნას აკეთებს. გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია.

ფოტოზე: სად თავსდება 5G ელექტრომაგნიტურ სპექტრში

სტატია მომზადებულია სააგენტო „ფრანც პრესის“ ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის მასალის მიხედვით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი