Facebook-მომხმარებელი Nina Marji სოციალურ ქსელში 3-წუთიან ვიდეო რეპორტაჟს ავრცელებს. ვიდეოში, აღწერით „სრული სიმართლე ვაქცინებზე...“, ბილ გეითსის, კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებაა საუბარი. რუსულენოვანი ვიდეო მრავალ ყალბ მტკიცებას შეიცავს.

მტკიცება 1: ბილ გეითსი ვაქცინების საშუალებით მოსახლეობის შემცირებას გეგმავს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბილ გეითსს, პოპულაციის ზრდისა და რესურსების სიმწირის პრობლემის შესახებ მრავალ ინტერვიუში უსაუბრია და სოციალურ ქსელში, მისი იდეების არასწორად ინტერპრეტირების მაგალითიც მრავლადაა. Nina Marji-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნულია, რომ ბილ გეითსი პრობლემის გადაჭრის გზას მოსახლეობის ვაქცინების გზით შემცირებაში ხედავს. ეს მტკიცება ყალბია და ვიდეო მონტაჟისა და მანიპულაციური ინტერპრეტირების შედეგს წარმოადგენს.

პოპულაციის ზრდის პრობლემის შესახებ ინტერვიუში ბილ გეითსი საუბრობს, რომ დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა განვითარებად ქვეყნებში, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური სიდუხჭირეა, თითო ოჯახზე გაცილებით ბევრად მეტი შვილი მოდის, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, კონგო ან ეთიოპია, მოსახლეობის ზრდის მსგავსი დინამიკა და რესურსების სიმწირე წარმოქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შიმშილი, განათლების უზრუნველყოფის შეუძლებლობა, დასაქმების დაბალი დონე და არასტაბილურობა. ბილ გეითსი თვლის, რომ პრობლემის გადაჭრა განვითარებადი ქვეყნებისკენ დიდი ფინანსური, ტექნოლოგიური და რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო რესურსის მიმართვითაა შესაძლებელი. მისი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ის ხაზს უსვამს, რომ ვაქცინების გამოგონება და მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალი შვილის გაჩენის აუცილებლობას აღარ შეუქმნის. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ბილ გეითსი ვაქცინების საშუალებით ხელოვურად მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გეგმავს, ყალბია. რეალურად, მისი იდეა, ვაქცინების საშუალებით, განვითარებად ქვეყნებში მეტი სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობს.

დეზინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსი მსოფლიოს დეპოპულაციას გეგმავს, აქამდეც გავრცელებულა სოციალურ ქსელში. ამ თემაზე შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატია იხილოთ.

ბილ გეითსის შესახებ არსებულ სხვა კონსპირაციულ თეორიებზე შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიებსაც გაეცნოთ: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4.

მტკიცება 2: კორონავირუსის ვაქცინა უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა მას მოსახლეობის დაშინების მიზნით მალავენ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვიდეოში, მსგავს მტკიცებას, ცნობილი კონსპირატორი დეივიდ აიკი ავრცელებს. დეივიდ აიკი გამოირჩევა მისი რადიკალური და ანტისემიტური იდეებით. მას სჯერა, რომ მსოფლიო გიგანტური ფორმაცვალებადი ხვლიკ-ადამიანების მიერ იმართება, (აიკის აზრით, ხვლიკ-ადამიანი არის ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ა.შ.) აიკი საჯაროდ უარყოფს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი ჰოლოკოსტის არსებობას. ამასთან ერთად, ინტერნეტში დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდა დეზინფორმაციას 5G ქსელთან დაკავშირებით. დღეს აიკი, მისი რადიკალური შეხედულებებისა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მრავალი ტიპის დეზინფორმაციის და, რაც მთავარია, კორონავირუსთან დაკავშირებით არასწორი და პოტენციურად საზიანო ინფორმაციის გავრცელების გამო, დაბლოკილია როგორც Facebook-ზე, ისე Youtube-ზე.

11 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოში მტკიცება, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე დიდი ხანია შექმნილია, ყალბია. ვაქცინა გამოსაყენებლად ვარგისი მხოლოდ ხანგრძლივი კლინიკური კვლევების შემდეგ ხდება და მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკორდულად სწრაფ დროში დაამზადეს. ეს შესაძლებელი უპრეცედენტო მობილიზებამ გახადა. ფიზიკურად შეუძლებელია, ვაქცინას მანამდე ეარსება.

18 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა Pfizer-ის და BioNTech-ის ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობა. 18 ნოემბრამდე კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა (Vaccine trials) მიმდინარეობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ვაქცინაციას მარტ-აპრილში დაიწყებს.

მტკიცება 3: ბილ გეითსის თავის შვილების აცრაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსი შვილების ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, ახალი არაა და ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე არსებობდა. დეზინფორმაციის ტალღა პირველად კონსპირაციული თეორიებით განთქმულ საიტ NewsPunch-ზე დაიწყო. საიტი ამჟამად უკვე გაუქმებულია. სტატია ცნობილი დეზინფორმატორი ჟურნალისტი Baxter Dmitry-ის მიერ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა, რომ მაშინ, როცა ბილ გეითსი საყოველთაო ვაქცინაციას ლობირებს, ის უარს ამბობს საკუთარი შვილების ვაქცინაციაზე.

დეზინფორმაციის ტალღას, 2019 წელს უშუალოდ ბილ გეითსის მეუღლე, მელინდა გეითსი გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი სამივე შვილს ვაქცინაციის სრული კურსი აქვს ჩატარებული და რაც უფრო ნაკლები ადამიანი ჩაიტარებს ვაქცინაციის კურსს, მით უფრო მოწყვლადები გავხდებით დაავადებებისადმი.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს ბილ გეითსი საკუთარი შვილების ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, ყალბია.

მტკიცება 4: ვაქცინები ორგანიზმის დამცველობით უნარს ასუსტებს (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში) და ახანგრძლივებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ადამიანში ვაქცინაციის მოქმედების მთავარ მექანიზმს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება წარმოადგენს. ეს ხერხდება ორგანიზმში დასუსტებული ანტიგენის ანუ დაავადების გამომწვევი აგენტის შეყვანით. ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა მას, როგორც უცხო ორგანიზმს აღიქვამს, ანტისხეულებს გამოყოფს, და ამასთან ერთად, მომავლისთვის ანტიგენს იმახსოვრებს. ვაქცინაციის შემდგომ, იმ შეთხვევაში, თუ იგივე ანტიგენის შემცველი ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, იგი მას ცნობს და წინააღმდეგობას უწევს მანამ, სანამ ის ადამიანის სხეულში მოასწრებს გავრცელებას. ამ პროცესს ადამიანის ხელოვნური იმუნიზაცია ეწოდება. ამ დროს დასუსტებული ანტიგენის მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული ტიპის ანტიგენის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება ხდება. იმუნიზაციის შედეგად ადამიანი დაცულია იმ დაავადებისგან, რომლის დასუსტებული ან მკვდარი ანტიგენების შეყვანაც მის ორგანიზმში ვაქცინაციის საშუალებით მოხდა.

რაც შეეხება ვიდეოში ადრეული ასაკით მანიპულირებას, ჩვილებს დაბადებიდან, მათი ასაკის შესაბამისად უტარდებათ ვაქცინაციის სხვადასხვა კურსი. ამასთან ერთად, მტკიცება რომ ვაქცინა ახანგრძლივებს რომელიმე ქრონიკული დაავადების მიმდინარეობას, სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინა იცავს ადამიანებს დაავადებებისგან. ის არ ახანგრძლივებს და ხელს არ უწყობს მათ გაჩენას. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ვაქცინა ასუსტებს ორგანიზმის დამცველობით უნარს ან ახანგრძლივებს ქრონიკულ დაავადებებს, ყალბია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი