ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა: „უფლებამოსილების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ წერ განცხადებას და მიმართავ უმაღლეს საარჩევნო კომისიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. ვინაიდან მათ [უმაღლესი საბჭოს წევრობის ოპოზიციონერ კანდიდატებს] არ მიუმართავთ გუშინდელ რიცხვამდე [02.12.2020] უსკოსთვის, უმაღლესი საარჩევნო კომისია ვალდებულია, რომ მათ მისცეს დროებითი მანდატები. ჩვენ, უმაღლესი საბჭო, ვალდებული ვართ, რომ ვცნოთ მათი უფლებამოსილება. ამის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი (შესვლა-გამოსვლაზე აღარაა საუბარი, ისინი ითვლებიან უკვე შესულად), შეწყვეტენ, თუ არა უფლებამოსილებას, ამაზე ვისაუბროთ მერე. პირველი სხდომა რომ ჩატარდება, კენჭი უნდა ვუყაროთ ყველას.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ განსაზღვრავს.

კერძოდ, ამ კანონის 43-ე მუხლის 12 პუნქტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შეჯამებამდე არა უგვიანეს 2 დღისა, თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე წერილობითი განცხადებით უსკოს (უმაღლეს საარჩევნო კომისია) თავმჯდომარეს მიმართოს. ამ შემთხვევაში, მისი კანდიდატურა, უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არა უგვიანეს 1 დღისა, პარტიული სიიდან მოიხსნება. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი მოხსნილად განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან ჩაითვლება.

ამავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, თუ აღნიშნული პროცედურა, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში არ განხორციელდა, უსკო არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრებს რეგისტრაციაში ატარებს და მათ უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ დროებით მოწმობას აძლევს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 71 მუხლის მიხედვით, არჩევნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება (რეგისტრაცია გაიარა).

ცნობილია, რომ აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 21 წევრია. აქედან „ქართულ ოცნებას 11 პროპორციული და 3 მაჟორიტარი წევრი ჰყავს, ანუ - უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ პირველი სხდომა გაიმართება და თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევს.

ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია, უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, პირადი განცხადებით მიმართოს.

უსკომ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დანიშნა. ე. ი., 2 დეკემბერს მას უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, უკვე უნდა ჰქონოდა, რაც არ მომხდარა და ეს ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემაც დაადასტურა. ამიტომ უმაღლესი საარჩევნო კომისია ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც, შედეგების თანახმად, არჩეული არიან აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში, დროებით მოწმობებს მისცემს. მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, უკვე დეპუტატები შეძლებენ პირადი განცხადებით მიმართონ რეგიონის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 18-ზე და იყოფა ყველა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს.

აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით - თერთმეტი, ხოლო ბლოკ „ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ შვიდი მანდატი ერგო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია. დარჩენილი 3 მაჟორიტარული წესით აირჩევა და სამივე ეს მანდატი „ქართულ ოცნებას“ ერგო. შესაბამისად, მომავალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში 21 წევრიდან 14 „ქართული ოცნებიდან“ იქნება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი