აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენდა, 2018 წლის დეკემბრის დადგენილებით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.

უწყების კომპეტენციებს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შენარჩუნება და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა; წყლის მავნე ზემოქმედების აცილება, წყლის ობიექტების დაცვა და წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ზრუნვა; საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფასებაში მონაწილეობა, მათი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მოსახლეობის ინფორმირება საშიშროების შესახებ; ტყეების მოვლა, აღდგენა, დაცვა, დეგრადაციის პროცესის შეჩერება, მათი განახლების მიზნით, ღონისძიებების გატარება, სანიტარულ-ეკოლოგიური და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნება და დაცვა; აჭარის ტერიტორიაზე საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლა, საშიში გეოლოგიური მოვლენების პროგნოზირება და საინფორმაციო-საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო რამდენიმე პროგრამასა და ქვეპროგრამას ახორციელებს. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, უწყებამ ბიუჯეტში გაწერილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების მიზნით რა კონკრეტული ღონისძიებები გაატარა და ამ ღონისძიებებს რა შედეგები მოჰყვა.

საანგარიშო პერიოდად 2016-2020 წლები ავიღეთ და ინფორმაცია სამმართველოსგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

ირკვევა, რომ აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში არაერთი დანაგვიანებული ტერიტორიაა. ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესწავლის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას (ფოტოებსა და GPS კოორდინატებს) უწყება მუნიციპალიტეტების მერიებს უგზავნის. თუმცა, როგორც პასუხიდან ჩანს, მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა. დანართი 1

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესწავლის შედეგად აღმოჩენილი დანაგვიანებული ტერიტორიების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხდვით, 2016-2020 წლები

წყარო: აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

როგორც ვხედავთ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანაგვიანებული ადგილების რაოდენობა ყოველ საანგარიშო წელს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ბათუმში გაცილებით მეტი დანაგვიანებული ადგილია აღმოჩენილი, ვიდრე 2018 და 2017 წლებში, თუმცა წელს მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე გაზრდილია რაოდენობა ხულოში. ქობულეთში, შუახევსა და ხელვაჩაურში კი, ბოლო მონაცემებით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

ერთ-ერთი ქვეპროგრამა, რომელიც აჭარის ა/რ სუბალპურ და ალპურ ზონებში ბიომრავალფეროვნების სახეობათა საარსებო პირობების, დარღვეული ჰაბიტატისა (ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემო) და ნიადაგდაცვითი მდგომარეობის მონიტორინგს გულისხმობს, სამმართველოს ინფორმაციით, განხორციელდა 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჩირუხი-ჯინალის, ტყისველას, მერიაყელის, შუაიაილის მთებში. მონიტორინგის შედეგად უწყებამ ალპური ზოლი, სუბალპური ზონა, ტყის ზონა, დისტროფიული ტბები, მთის დაჭაობებული მდელოები, მეორეული ტყეები, ტყის ბუნებრივი განახლების ფაქტები, საძოვრების ეკოლოგიური მდგომარეობა, ღვარცოფული და ეროზიული კერები, შეცვლილი ლანდშაფტები, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მიერ გამოწვეული ეროზია, პირუტყვის მიერ გამოწვეული ეროზია, დაუზიანებელი საძოვრები და მთაში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები დააფიქსირა.

გამოვლინდა, რომ ტყის ბუნებრივი განახლება, გასულ წლებთან შედარებით, უკეთესად მიმდინარეობს. ასევე პირუტყვის მიერ გამოწვეული ეროზია შემცირებულია და ოდნავ გაუმჯობესებულია საძოვრების ეკოლოგიური მდგომარეობა. რაც შეეხება ღვარცოფულ და ეროზიულ კერებს, უწყების ინფორმაციით, მომრავლებულია. ასევე გაცილებით მეტი მოიპოვება ისეთი სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა ნეგო და დვალურა.

შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ასევე მონიტორინგი წითელი ნუსხის სახეობების მცენარეების მდგომარეობის შესახებ. გარემოს დაცვის სამმართველოს პასუხის თანახმად, აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ტყეები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: კერძოდ, ხემარწყვა (Arbutus andrachne L.), უთხოვარი (Taxus baccata L.), უხრავი (Ostrya carpinifolia Scop), წაბლი (Castanea sativa Mill.), კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.), კაკლის ხე (Juglasns regia L.), პონტოს მუხა (Quercus pontica C. Koch.) კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), სმირნოვის შქერი (Rhododendron smirnowii) და ა.შ.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, რეგიონის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ სტაციონარულ ობიექტებს აღნუსხავს. აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ასეულობით ასეთი ობიექტია, რომელთა სიასაც რეგიონის უწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უგზავნის.

გრაფიკი 2. აჭარის რეგიონში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტების რაოდენობა, 2016-2019 წლები

წყარო: აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

რაც შეეხება 2020 წლის მაჩვენებელს, სამმართველომ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე ობიექტების აღრიცხვა მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ კომპეტენციას ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსთვის ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა წარმოადგენს. მართალია, სამმართველოს პასუხში მოცემულია, რომ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რამდენი ობიექტი აღმოაჩინა, მაგრამ ამ ობიექტების მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებზე არაფერია ნათქვამი. თუმცა, თუ გავიხსენებთ 2018-2019 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელებულ MICS კვლევას, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2-7 წლის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა და აქედან ყველაზე მეტი წილი აჭარის რეგიონზე მოდის (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია), სიტუაცია დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციაა. ამ ნაწილაკების წარმომქმნელი ფაქტორებია სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, დიზელის ძრავები, შეშის ღუმელები, მრეწველობის სექტორი და სხვა. საუბარია PM2.5 და PM10 ნაწილაკებზე, რომლებიც იწვევს ასთმას, ფილტვების დაზიანებას, ბრონქიტს, სიმსივნურ დაავადებებს, უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს მძიმე ლითონებით მოწამვლას.

ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, 2017-2019 წლებში სამმართველომ, სატყეო უბნების რეინჯერებთან ერთად, აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში კოლხური ბზის მდგომარეობა შეისწავლა. მონიტორინგის შედეგად 21 კრიტიკულ უბანზე მცენარის სრული ხმობა დაფიქსირდა. თავდაპირველად ბზა დაავადებული იყო ე. წ. „ბზის სიდამწვრით“, რომლის გამომწვევია პათოგენი სოკო „Cylindrocladium buxicola“. მოგვიანებით ამ დაავადებას ინვაზიური მავნებელი ბზის ალურა „Cydalima perspectalis“ დაემატა. დაავადებული ბზის კორომების შეწამვლამ შედეგი არ გამოიღო. ადრესატმა მოგვწერა, რომ ბოლო პერიოდში ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური კერძო სექტორში შემორჩენილი ჯანსაღი ბზის კალმების გახარებას ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის სატყეოში განთავსებულ სანერგეში ცდილობს. უკვე გახარებულია ათი ათას ძირზე მეტი სხვადასხვა ასაკის ბზის კალამი. დანართი 2

კიდევ ერთი პრობლემა, რომლითაც აჭარის რეგიონის მოსახლეობა შეწუხებულია, არის ნაძვების ხმობის პროცესი. ჩვენ დავინტერესდით, რა იწვევს მცენარის ხმობას და სამმართველო ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ რა ღონისძიებებს ახორციელებს.

პასუხის თანახმად, ნაძვის ხმობა ქერქიჭამიების მავნე ზემოქმედებით არის გამოწვეული. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ყოველწლიურად ტარდება ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, როგორიცაა ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება, ენტომოფაგის ჩასახლება, ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრა-გაქერქვა და ტყიდან გამოტანა, რამაც მავნებელი მწერების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა და ტყის სანიტარული მდგომარეობა გააუმჯობესა.

რაც შეეხება წითელი ნუსხის სახეობების მდგომარეობას, დღემდე პრობლემას წარმოადგენს ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa). „წაბლის ქერქის კიბოს“ უარყოფითი ზემოქმედებით, რომლის გამომწვევია სოკო „Cryphonectria parasitica“, მასიურად დაავადებულია წაბლის ხეები და ხმება. ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური, ლაბორატორიულ პირობებში, მუშაობს ენდოტიას გამომწვევი სოკოს საწინააღმდეგო სასარგებლო ჰიპოვირულენტური სოკოს გამოყვანასა და შემდგომ დაავადებულ წაბლნარებში მათ ჩასახლებაზე. სამმართველოს ინფორმაციით, ჰიპოვირულენტური სოკო ჩასახლებულია ხელვაჩაურისა და ქედის სატყეო ადმინისტრაციების ისეთ კვარტლებში, სადაც წაბლის დაავადების ნიშნები მკვეთრად შეინიშნებოდა. შესაბამისად, ჩასახლებულ კვარტლებში ჩატარებული ფიტოსანიტარული მონიტორინგით გაირკვა, რომ დაავადებული წაბლის გაჯანსაღების პროცესი დაწყებულია.

მოსახლეობა ამბობს, რომ სამმართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შედეგი არ აქვს და მიუხედავად გაწეული ხარჯისა, მდგომარეობა არ უმჯობესდება. ისინი ვარაუდობენ, რომ ხეების გახმობა ჰესების მშენებლობამ გამოიწვია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი