ირაკლი კობახიძე: ჩავხედე საია-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშს, სადაც იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო მოსყიდვის 7 ფაქტი, აქედან 2 უკავშირდებოდა „ქართულ ოცნებას“, 5 კი ოპოზიციას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: ირაკლი კობახიძის მხოლოდ საიას ანგარიშების იმ ნაწილზე ხაზგასმა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევების უმეტესობა ოპოზიციას უკავშირდება, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს და არჩევნებზე ორგანიზაციის მთლიან შეფასებას ყურადღების მიღმა ტოვებს. ამავე ანგარიშებში საია მმართველი პარტიის მხრიდან უამრავ დარღვევაზე საუბრობს, თუმცა ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, ან არ ეთანხმებიან.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირაკლი კობახიძე ამომრჩევლების მოსყიდვაზე საუბრისას „საია-ს“ ანგარიშს იხმობს მაშინ, როცა ISFED-ის ანგარიშების მიხედვით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევების უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

ანალიზი

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში უამრავი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა, რის საფუძველზეც მოქალაქეების ნაწილმა და საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია იგივე თემაზე). არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და დარღვევებზე არაერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაამახვილა ყურადღება.

არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებული ხარვეზი არჩევნების საერთო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. „ჩავხედე საია-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშს, სადაც იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო მოსყიდვის 7 ფაქტი, აქედან 2 უკავშირდებოდა „ქართულ ოცნებას“, 5 კი ოპოზიციას. სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ მასშტაბი არის მიზერული. ეს ხარვეზი არის, მაგრამ მთლიანად არჩევნების შეფასებაზე გავლენას ხომ ვერ მოახდენს “, - განაცხადა კობახიძემ.

„ფაქტ-მეტრი“ ზემოაღნიშნული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „საია-ს“ ანგარიშებს გაეცნო.

„საიამ“ 2020 წლის მარტიდან პროექტის - „გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში“ იმპლემენტაცია დაიწყო. მისიის ფარგლებში ორგანიზაციამ ანგარიშები მოამზადა, სადაც დარღვევები ან ისეთ ქმედებებია ასახული, რომლებიც ცუდი პრაქტიკაა და არჩევნების წინა გარემოს ამახინჯებს.

ანგარიშებში, სხვა დარღვევებთან ერთად, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებია აღწერილი. წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო ჯამში, მოსყიდვის 7 შემთხვევიდან, 2 შემთხვევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება, ხოლო დანარჩენი - ოპოზიციურ პარტიებს. მიუხედავად ამისა, ანგარიშებში მმართველი პარტიის მხრიდან განხორციელებული ისეთი ქმედებებია დაფიქსირებული, რომლებიც შესაძლოა, მოსყიდვად ან სხვა სახის კანონდარღვევად არ ითვლება, თუმცა წინასაარჩევნო გარემოს ამახინჯებს და, შეიძლება ითქვას, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

„საიას“ ანგარიშში, რომელიც ივნის-აგვისტოს პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ მთავრობის მხრიდან კრიზისების შესარბილებლად გადადგმული ნაბიჯები რიგ შემთხვევებში კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება პანდემიის დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე აქცენტირება, [1] ინტერნეტიზაციის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია [2] და ა.შ.

„მთავრობას ეკისრება ვალდებულება, ასეთ დროს მკვეთრი ზღვარი გაავლოს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ ანტიკრიზისულ აქტივობებს პერსონიფიცირებული ხასიათი მისცა და მის საკუთარ თავთან აფილირებას ხელი შეუწყო. შესაბამისად, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში „საია“ მმართველი პარტიის მხრიდან საჯარო რესურსის საკუთარ აქტივობებში გამოყენებაზეც საუბრობს. „კანონმდებლობის მიხედვით, აგიტაციად მხოლოდ ის პოლიტიკური აქტივობები ითვლება, რომელიც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ტარდება. ამ წესით ისარგებლა მმართველმა პარტიამ და რამდენიმე შემთხვევაში შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა“. - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, „საიას“ ანგარიშებში სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტებია აღწერილი. ასევე, ოპოზიციური პარტიების წევრებზე თავდასხმისა და ზეწოლის და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ „საიას“ შეფასებით, უშუალოდ არჩევნების დღემ კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“ (ISFED) ახორციელებდა. ორგანიზაციის მიერ მომზადებული 6 შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 64 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40-ზე მეტი შემთხვევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

გარდა ამისა, ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამებზეც მიუთითებს, როგორიც იყო თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა დავალიანებების ჩამოწერაზე, კანონპროექტები, რომლებიც სხვადასხვა სახის შეღავათებს ითვალისწინებდა და ა.შ

აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ვერ უზრუნველყო. „მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მხრიდან მხოლოდ „საიას“ ანგარიშების იმ ნაწილზე ხაზგასმა, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევების უმეტესობა ოპოზიციას უკავშირდება, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს და არჩევნებზე ორგანიზაციის მთლიან შეფასებას ყურადღების მიღმა ტოვებს. გასათვალისწინებელია, რომ ამავე ანგარიშებში „საია“, აგრეთვე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მმართველი პარტიის მხრიდან უამრავ დარღვევაზე საუბრობს, თუმცა ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, ან არ ეთანხმებიან.

[1] საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ „StopCov” ფონდში თანხის გადარიცხვაზე, რაზეც შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები აკეთებდნენ აქცენტს.

[2] საუბარია პროექტზე, რომლის იმპლემენტაციაში ფონდ „ქართუს“ როლსა და მის მიერ დახარჯულ მილიონობით ლარზე ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი