ვიდეოში მოცემული ფაქტი 5: „დეზინფორმაციაა, რომ უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია დაწერილი. სინამდვილეში, 2020 წელს 2016 წელთან შედარებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების რაოდენობა 71 ერთეულითაა შემცირებული. სამაგიეროდ, პარტიებს აქვთ 738 -ით მეტი საჩივარი დაწერილი“.

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა. დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ 633 საჩივარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ 1459 საჩივარი იყო წარდგენილი. 2016 წელის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესთან (პირველი ტური) დაკავშირებით 1168 განცხადება/საჩივარი შევიდა. 507 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, ხოლო 635 საჩივარი დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს. ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2020 წელს დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 71 ერთეულით ნაკლები საჩივარი წარადგინეს, თუმცა, როგორც ცესკოს მონაცემებიდან ჩანს, 2016 და 2020 წლების არჩევნებში დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა, თითქმის თანაბარია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოცემულ რეალობაში საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვანი არაა. 31 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია და არასმთავრობო სექტორი უარყოფითად აფასებს. „სამართლიანი არჩვენების“ განცხადების მიხედვით, საარჩევნო უბნების 8 % ხელახალ გადათვლას საჭიროებს. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 117 უბნის ბათილობას ითხოვს, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბნის ბათილობას. შესაბამისად, საჩივრების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი საჩივრების შინაარსი და გამოვლენილი დარღვევებია. ამიტომაც, ვიდეო რგოლში გაჟღერებული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება. ვიდეოში ყურადღება, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საჩივრების გაზრდილ რაოდენობაზე გამახვილებული, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი, შესაძლო დარღვევების სიმძიმე და საჩივრების შინაარსი უგულებელყოფილია.

ცხრილი 5: კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში წარდგენილი საჩივრების/განცხადებების რაოდენობა 2016-20 წლების არჩევნების მიხედვით.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი