დედაქალაქის შარშანდელი ნაძვის ხის ღირებულება მილიონი ლარი იყო. მისმა ფორმამ და ფასმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაშინ ნაძვის ხის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ქალაქის მერი კახი კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან“.

დამდეგი ახალი წლისთვის თბილისის მერიას ნორვეგიიდან ნაძვის ხე არ ჩამოაქვს, თუმცა შარშან ნაყიდი ნაძვის ხის განახლება იგეგმება. მთავარ ნაძვის ხეს ტოტებს დაუმატებენ და გადაუკეთებენ.

ძველი ნაძვის ხის „გასაახლებლად“ „თბილსერვის“ ჯგუფმა შპს „ ღამის შოუ სტუდიასთან“ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, დასახელებული თანხიდან 103 850 ლარი უშუალოდ ნაძვის ხის ტოტების და წიწვების გადაკეთება-დამატებაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი ნაძვის ხის გასანათებელ მოწყობილობასა და აქსესუარებზე, კერძოდ, 70 950 ლარი - 70-ნათურიანი გირლიანდისთვის და 21 00 ლარი -10 მეტრიანი სტრინგი კაბელისთვის. ხელშეკრულება არსებული ნაძვის ხის 83 ტოტის ახალ ზომებში გადაკეთებას და 139 ცალი ახალი ტოტის დამზადებას გულისხმობს. გარდა ამისა, ახალი ტოტებისთვის სამაგრების დამზადება, რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვა და ახლად დამზადებულ ტოტებზე წიწვების და გირლიანდების გადატანაა გათვალისწინებული.

გარდა ნაძვის ხის განახლებისა, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო გირლიანდების შესყიდვაც განახორციელა. ამ მიზნით შპს „ბენ 3“-თან ( NAT200014651) 419 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ხელშეკრულების ფარგლებში 1600 ცალი 6 მეტრის სიგანის გირლიანდის შესყიდვა იგეგმება, რომელიც თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი დიოდური ნათურით იქნება დაფარული.

ამ მოცემულობით, 2021 წლის დედაქალაქის საახალწლო სამზადისი 615 640 ლარი ჯდება. 2020 წელს საახალწლოდ თბილისის ბიუჯეტიდან 3 620 853 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს - 2 მილიონ ლარზე მეტი, 2018 წლის საახალწლო სამზადისი კი - 3 მილიონი ლარი დაჯდა. როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. წინა წლებთან შედარებით, წელს თბილისის საახალწლო მორთულობაზე შედარებით მოკრძალებული თანხაა გათვალისწინებული, მაგრამ პანდემიის ფონზე, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 75%-ით არის შესრულებული და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რიგი დაგეგმილი პროგრამები ვერ განხორციელდეს, ნაძვის ხისთვის დამატებითი ტოტების შეძენა და გირლიანდებში ნახევარი მილიონის დახარჯვა, ერთგვარი ფუფუნებაა და არანაირი აუცილებლობით განპირობებული არაა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი