სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზე დატანილი ინფორმაციაც ამტკიცებს, რომ მედიკამენტი ლევოფლოქსაცინი Covid-19-ს კურნავს: „ხალხო, იხილეთ წამალი ლევოფლოქსაცინი ეს არის პირველი წამალი რაც კორონას შველის!!!! (სულ 10 ტაბლეტი უნდა)”. იგივე ინფორმაცია გაავრცელა Facebook-გვერდმა „სტალინი“, რომლის პირველწყაროც ქართული პორტალია.

მტკიცება, რომ პრეპარატი ლევოფლოქსაცინი კორონავირუსს კურნავს, ყალბი ამბავია.

სამედიცინო პორტალ medicinenet.com-ის ცნობით, ლევოფლოქსაცინი არის ანტიბიოტიკი (fluoroquinolone antibiotics ჯგუფიდან), რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აღნიშნული პრეპარატი წარმოებაში 1996 წელს ჩაუშვა.

ლევოფლოქსაცინი გამოიყენება: პნევმონიის დროს, სინუსების ინფექციის - სინუსიტის დროს (ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთება), კანის ინფექციური დაავადებების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების, სასუნთქი გზების, სახსრების და ძვლოვანი ინფექციებისას, რომელთაც იწვევს ბაქტერია.

healthline.com-ის და medicine.net-ის თანახმად, პრეპარატს ძლიერი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ახასიათებს, მათ შორის: ღვიძლის დისფუნქცია; ცენტრალური ნერვიული სისტემის მოშლა; ჰიპოგლიკემია; შესაძლო ალერგიული რეაქციები და სხვ.

ლევოფლოქსაცინის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის დასაშვები და მისი თვითნებურად მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა! ამასთან, ის მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება!

Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ანტიბიოტიკები COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოიყენება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ოფიციალური ინფორმაციით, „ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსებზე. ანტიბიოტიკი ანადგურებს ბაქტერიებს. შესაბამისად, ანტიბიოტიკი არ უნდა იყოს გამოყენებული Covid-19-ის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით. ანტიბიოტიკის გამოყენება შესაძლოა საჭირო გახდეს მხოლოდ თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას“.

COVID-19-ის მკურნალობა სიმპტომურია დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღება არ შეიძლება!

იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებული პაციენტი ბინაზე მკურნალობს: [1]

• მკაცრად უნდა დაიცვას თვითიზოლაციის წესები;

• მიიღოს ბევრი სითხე;

• არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;

• და მიჰყვეს ოჯახის ექიმის დანიშნულებას!

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის დამტკიცებული. თუმცა რამდენიმე მათგანი, კვლევის ბოლო ეტაპზეა და წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, უკვე იყოს დამტკიცებული, ესენია - Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა და ამერიკული Moderna-ს ვაქცინა, რომელთაც ადრეული კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს.

1.იხილეთ რეკომენდაციები Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი