კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნები, საკვებ პროდუქტებს, მათ შორის ხორბალს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი რაოდენობით იმარაგებენ. ბოლო პერიოდში მხოლოდ ეგვიპტემ და თურქეთმა რუსეთისგან 1 მილიონი ტონა ხორბალი შეისყიდეს. რუსულ ხორბალზე მოთხოვნის ზრდამ რუსული საექსპორტო ხორბლის ფასის ზრდა გამოიწვია და ღირებულება 210-230 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ფასები პურსა და პურპროდუქტებზე 7.8%-ით გაიზარდა ( წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა). ხორბლის პურის და ფქვილის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში შემდეგნაირია იყო:

ცხრილი 1: ხორბლის პურის და ფქვილის სამომხმარებლო ფასების ინდექსი ( წინა თვე=100)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ხორბლის პურის ყველაზე მაღალი ფასი მარტის თვეში იყო, შემდეგი თვეების განმავლობაში ხან მცირედი კლება, ხან მცირედი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, პანდემიის განმავლობაში ხორბლის ფქვილი ყველაზე ძვირი აპრილის თვეში იყო, პურის ფქვილის საკმაოდ მაღალი ფასი სექტემბრის თვეშიც (წინა თვესთან შედარებით 2.76 პროცენტული პუნქტით გაიზარდა) დაფიქსირდა, ოქტომბერში კი პურის ფქვილის ღირებულებამ ისევ დაიკლო ( წინა თვესთან შედარებით 2.81 პროცენტული პუნქტით).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ხორბლის მოხმარებამ 764 ათასი ტონა შეადგინა, აქედან, სასურსათო მოხმარება 638 ათასი ტონა იყო. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მოხმარებული ფქვილის რაოდენობა 129 კილოგრამია. მთლიანად მოხმარებული ხორბლიდან ადგილობრივი წარმოება 101 ათასი ტონაა. იმპორტირებული კი - 663 ათასი ტონა. შესაბამისად, 2019 წელს, საქართველოს მიერ მოხმარებული ხორბლის 86.8% იმპორტირებულია და მხოლოდ 13.2 % არის ადგილობრივი წარმოება. 2019 წელს საქართველოში ხორბალი 43.6 ათას ჰექტარზე იყო დათესილი. როგორც აღვნიშნეთ, ხორბლის მოსავალმა 101ათასი ტონა შეადგინა, მოსავლიანობა კი ერთ ჰექტარზე-2.3 ტონა იყო.

2020 წლის განმავლობაში (იანვარ-სექტემბრის ჩათვლით) საქართველოში ჯამში 80.358 ათასი აშშ დოლარის ღირებულების - 368 747 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც რუსეთის წილი 99.9%-ია (შესაბამისად 80 290 ათასი აშშ დოლარის, 968 654 ტონა). მცირე რაოდენობის ხორბლის იმპორტი თურქეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან განხორციელდა. ხორბალი შემოვიდა ასევე აშშ-დან (დაახლოებით 30 000 ტონა).

რაც შეეხება გასულ წელს, საქართველოში 108 969.9 ათასი აშშ დოლარის ხორბალი იყო იმპორტირებული, საიდანაც 90 668.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი რუსეთიდან იყო შემოტანილი. შესაბამისად, იმპორტირებული ხორბლის 83.2% რუსული იყო, 16.8% კი - ყაზახური.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ხორბლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რუსულ ხორბალზე ფასების ზრდა საქართველოში ფქვილის და შესაბამისად, პურის გაძვირებას ხომ არ გამოიწვევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან სილაგავას ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, ხორბლის გაძვირება სექტემბრიდან დაიწყო, რაც ხორბალზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ,,უცხოურ ბაზარზე საკმაოდ ნეგატიური სიტუაციაა ფასთან დაკავშირებით, რაც პანდემიას და პანიკას უკავშირდება და ასევე იმას, რომ მსოფლიოში რვა მიმწოდებელი ქვეყნიდან კარგი მოსავალი მხოლოდ რუსეთსა და ავსტრალიაში იყო. თურქეთსა და არაბულ სამყაროში, ასევე ეგვიპტეში ჩატარდა ტენდერები, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა მარცვლეულის მიწოდების კომპონენტში. ამიტომაც, შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიისადმი შიშმა გამოიწვია. ქვეყნები ქმნიან მარაგს, რაც ზრდის მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც. თუ აგვისტოში ხორბალი 190-200 დოლარად შემოდიოდა, ამჟამად ფასი 250 დოლარამდეა გაზრდილი და კიდევ მოსალოდნელია მატება“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ორი თვის განმავლობაში შემოტანილი მარაგების ხარჯზე, ხორბლის ფქვილის ფასი 51 ლარის ფარგლებში იყო შენარჩუნებული, ახლა უკვე ტომარა ფქვილის ფასი 53-55 ლარის ფარგლებში მერყეობს და კიდევ გაძვირებაა მოსალოდნელი. „თუ მთავრობამ ხორბლის ან პურის ფასი არ დაასუბსიდირა, რაც განიხილება, გაძვირებული ფქვილის ფასის გამო (ასევე ზეთის და მარილის ფასიც გაზრდილია), პური სავარაუდოდ, გაძვირდება“.

„ფაქტ-მეტრი“ პურის ფასთან დაკავშირებით პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარეს, მალხაზ დოლიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით : „პურის ფასი ჯერჯერობით ნარჩუნდება, მაგრამ ხორბლის ფასის ზრდა და ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებით, სამომავლოდ ფასის შენარჩუნებას გააძნელებს, ამიტომ მეწარმეებსა და მთავრობას შორის მუდმივი კომუნიკაციაა და გამოსავლის პოვნას ვცდილობთ. სავარაუდოდ, ისევ სუბსიდირების პროგრამა ამოქმედება, მთავრობა ხორბლის ფასს ან პირდაპირ პურის ფასს დაასუბსიდირებს. განიხილება ასევე დღგ-ს შემცირება, წყლის გადასახადის შემცირება. ასევე შეიძლება, ყველა პურის შეფუთვა არ იყოს აუცილებელი, რაც პურის ხარჯს ასევე შეამცირებს. „მთავრობასთან კოორდინაციით, ვცდილობთ გამოსავლის პოვნას, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, როგორიც პურია, ფასები უცვლელად შენარჩუნდეს“,- დასძინა მან.

ჩვენ კომპანია „იფქლის“ წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ, მანაც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პურზე ფასს ინარჩუნებენ, რასაც მოგების მარჟის დაწევის ხარჯზე ახერხებენ. თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთავრობის მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, სამომავლოდ პურის ფასების უცვლელი შენარჩუნება ძალიან გაჭირდება.

როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 23 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა პროგრამით განსაზღვრულ 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) ფასების უცვლელად შენარჩუნება ვერ მოხერხდა (იხილეთ: სტატია). შედარებით სტაბილური ფასები ხორბალსა და პურზე იქნა შენარჩუნებული. მოცემულ რეალობაში, როცა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი საკმაოდ გაზრდილია და ამას ლარის კურის არასტაბილურობა ემატება, პურზე ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობა, ალბათ კვლავ სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პურზე - სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტზე, ფასი გაძვირდება, რაც არსებული დაძაბულობის ფონზე, მთავრობის ინტერესებში ცალსახად არ შედის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი