გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი, პარტიულ სიაში 130-ე ნომრადაა წარდგენილი.

გორში, პარტიას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 3 ოფისი აქვს დაქირავებული, რისთვისაც ყოველთვიურად 3 750 ლარს იხდის. რამდენიმე დღის წინ კი მმართველმა გუნდმა გორში კიდევ ერთი ფართი, ერთი თვის ვადით (რუსუდან საურისგან) იქირავა, რისთვისაც 750 ლარი გადაიხადეს. ახლადნაქირავები ფართი გორის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ერთ-ერთი ოფისი კი წერეთლის ქუჩაზე N26-შია განთავსებული. აღნიშნული ფართი პარტიას 6 თვის ვადით აქვს დაქირავებული და ყოველთვიურად მის მფლობელს ია ლომაურს 2 000 ლარს უხდის.

კიდევ ერთი ოფისი წერეთლის N35-ში მდებარეობს, რომელიც პარტიას 3 თვის ვადით აქვს დაქირავებული დავით ბერიძისგან და ფართის საფასური ყოველთვიურად 1 250 ლარს შეადგენს.

„ქართულ ოცნებას“ ასევე 3 თვის ვადით აქვს დაქირავებული ოფისი ნინო გავაშელიშვილისგან, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ბერი ფავლენიშვილის ქუჩაზე. პარტია ყოველთვიურად 500 ლარს იხდის.

„ქართული ოცნების“ ოფისების ხარჯი გორში ხელშეკრულებების მიხედვით, 17250 ლარს შეადგენს. მიმდინარე თვეს კი ეს თანხა (ახალი ოფისის ქირის დამატებით) 18 000 ლარამდე გაიზარდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მმართველი პარტია სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ერთი დღითაც ქირაობს ფართებს. მაგალითისთვის, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის ეზოში შეხვედრის ჩასატარებლად, პარტიამ მუზეუმის ადმინისტრაციას ტერიტორიის 1 დღით დასაქირავებლად 200 ლარი გადაუხადა.

ასეთივე შემთხვევა იყო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალშიც. პარტიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ერთი დღით ტერიტორიის დათმობისთვის ასევე 200 ლარი გადაურიცხა.

„ქართულმა ოცნებამ“ ქირის საფასური გადაუხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიასაც. ღონისძიებისთვის პარტიამ მშვიდობის ქუჩაზე N12ბ-ში არსებული ფართი გამოიყენა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ 300 ლარი გადაიხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პერიოდში ტელერადიო კომპანია „თრიალეთს“ სატელევიზო ეთერში განთავსებული რეკლამისთვის 40 678 ლარი გადაურიცხა.

პარტიასა და ტელევიზიას შორის ხელშეკრულება 10 სექტემბერს გაფორმდა.

40 678 ლარიანი ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით არის. ამავე პერიოდში „ქართულ ოცნებას“ გორში მოქმედ კიდევ 2 მედიასაშუალებასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ტ/კ „დიას“ წინასაარჩევნო რეკლამისთვის 36 765 ლარი გადაუხადა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კი - 3000 ლარი.

წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხებს გორელი ბიზნესმენები აქტიურად რიცხავდნენ. რესტორან „იმპერიალის“ მფლობელმა, მერაბ ქუჩუკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 15 000 ლარი შესწირა. როგორც, საქართველოს აუდიტის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, მერაბ ქუჩუკაშვილმა პარტიას თანხა 1 -ელ ოქტომბერს გადაურიცხა.

ქუჩუკაშვილმა აღნიშნული შემოწირულობა წელს პირველად განახორციელა, თუმცა მან პარტიას თანხა 2019 წელსაც შესწირა 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წელს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი. მერაბ ქუჩუკაშვილი გორში რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. რესტორან „იმპერიალში“ კი 100%-იან წილს ფლობს.

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმაც შეწირა თანხა. გიორგი ჯოხაძემ პარტიას 30 000 ლარი გადაურიცხა. ჯოხაძემ აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა.

ამავე პერიოდში გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, მინდია საბანაძეს „ქართული ოცნებისთვის“ 100 000 ლარი აქვს შეწირული.

ხოჯევანიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, იგი შპს „ვესტ ლოჯისტიკსის“ 15%-იანი წილის მფლობელია. ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ხოჯევანიშვილს აღნიშნულ კომპანიაში წილი უფიქსირდება, 2018 წლის 6 მარტით თარიღდება. სწორედ ამ კომპანიის პარტნიორია მინდია საბანაძეც, რომელიც ამ დროისთვის კომპანიის 27%-იან წილს ფლობს.

საბანაძემ თავდაპირველად „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის 15 დეკემბერს შესწირა 50 000 ლარი, შემდეგ კი 2017 წლის 12 სექტემბერს, იმავე ოდენობის თანხა.

აღსანიშნავია, რომ საბანაძე 2012 წელს იმდროინდელი მმართველი გუნდის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველიც იყო. მან აღნიშნულ პარტიას 2012 წლის 17 ივლისს, 49 965 ლარი შესწირა.

2018 წლის 27 აგვისტოს მონაცემებით, ხოჯევანიშვილი უკვე აღარ ფიქსირდება აღნიშნული კომპანიის მეწილედ, თუმცა 2019 წელს ჩაბარებულ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის შესახებ ინფორმაცია მაინც აქვს მითითებული. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილის 15%-იანი წილი, უკვე სიმონ ხოჯევანიშვილს ეკუთვნის. ამავე კომპანიის მეწილეა ალექსანდრე გვარიშვილიც, რომელმაც იმ დროს, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყვნენ, პარტიას 19 990 ლარი შესწირა.

გარდა ამისა, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე შპს „ნორბის“ 10%-იანი წილის მფლობელია. აღნიშნული კომპანიის პარტნიორმა გიორგი გაბუნიამ 2016 წლის 29 ივლისს „ქართულ ოცნებას“ 59 000 ლარი შესწირა.

ბოლო შემოწირულობა გორიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გიორგი ხუციშვილისგან ფიქსირდება. მან „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ხუციშვილმა პარტიას თანხა 8 ოქტომბერს გადაურიცხა. მან აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა. იგი 2 კომპანიის მეწილედ და დირექტორად ფიქსირდება. გიორგი ხუციშვილი შპს „კალა უბნის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. გარდა ამისა, ის შპს „ალფა რეზიდენსის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელიცაა.

მთლიანობაში, გიორგი ხოჯევანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა (მათ შორის ბიზნესმენებმა), 2012 წლიდან დღემდე, გორიდან „ქართულ ოცნებას“ 333 990 ლარი შეწირეს. აქედან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გორი-კასპის კანდიდატისთვის გაღებული თანხა, შემოწირულობის სახით 205 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ხარჯებს, ოფისის ქირისა და სატელევიზიო რეკლამებისთვის გაღებული თანხების გარდა, გიორგი ხოჯევანიშვილის 39 ბილბორდისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 43 681 ლარი დახარჯა. თუ ამ რიცხვს სატელევიზიო რეკლამებისა და ფართების ქირას დავუმატებთ, გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 142 824 ლარი (შეწირულ თანხებზე 62176 ლარით ნაკლები) დახარჯა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გორში ძირითადად მათი შემოწირულობებია გამოქვეყნებული.

ენმ:

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გორის ორგანიზაციის წევრმა კახა ლობჟანიძემ 20 ოქტომბერს 5 000 ლარი შესწირა. მან ამ პარტიას თანხა 2014 წელსაც შესწირა 2400 ლარის ოდენობით.

თანხა პარტიას კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, მარინე რჩეულიშვილმაც შესწირა. მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5000 ლარი ჩაურიცხა.

ენმ-ს ანგარიშზე თანხა 4 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ გადარიცხა 2100 ლარის ოდენობით. წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მან სულ 5 500 ლარი შესწირა.

მიმდინარე წელს, პარტიას თანხა შესწირა ბექა ქორჩილავამაც. 24 ივნისს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქორჩილავამ 8 000 ლარი გადაურიცხა. 26 სექტემბერს კი 3 150 ლარი შესწირა. ჯამში მის მიერ შეწირული თანხები 11 150 ლარს აღწევს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა წინასაარჩევნო პერიოდში ლიზი მერებაშვილმაც, რომელიც 18 წლის 2020 წლის 11 აგვისტოს გახდა, შესწირა. მან პარტიას 1 000 ლარი 21 აგვისტოს გადაურიცხა.

კანდიდატად დასახელებამდე ენმ-ს 10 ათასი ლარი გადაურიცხა თავად ბადრი ბასიშვილმა.

წელს, გორიდან ენმ-ს ანგარიშზე სულ 37 650 ლარი ჩარიცხეს.

რაც შეეხება პარტიის ხარჯებს გორში, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის ბადრი ბასიშვილის 2 500 პლაკატი და 10 000 ბუკლეტი დაბეჭდა. აღნიშნულ პერიოდში ბასიშვილის სააგიტაციო მასალებისთვის ენმ-მ 2 330 ლარი დახარჯა, აქედან 1800 ლარი ბუკლეტებისთვის, დანარჩენი კი პლაკატებისთვის.

ევროპული საქართველო:

„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის შემთხვევაშიც ძირითადი შემომწირველები პარტიის წევრები არიან.

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში გორელებმა „ევროპულ საქართველოს“ 62 093 ლარი შესწირეს.

17 სექტემბერს 9 993 ლარი პარტიას მარი კაკაშვილმა შესწირა, ხოლო 23 სექტემბერს სოფიო დიდებელმა „ევროპულ საქართველოს“ 2 200 ლარი შესწირა.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეთერ ჯალაღანიას შვილმა, ვახტანგ მარწყვიშვილმა პარტიას აგვისტოს თვეში 19 990 ლარი შესწირა.

მარწყვიშვილმა აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა. რაც შეეხება, ეთერ ჯალაღანიას, მან გასულ წელს პარტიას ერთჯერადად 1 950 ლარი შესწირა.

თანხა პარტიას საკრებულოს წევრმა კახა ბურჯანაძემაც შესწირა. მან მიმდინარე წლის 21 აგვისტოს „ევროპულ საქართველოს“ 14 925 ლარი გადაურიცხა.

„ევროპულ საქართველოს“ თანხა შესწირა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, დავით მახნიაშვილმაც. შემოწირულობა 14 985 ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ფიქსირდება.

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიას 30 000 ლარი შესწირა.

შემოწირულობა აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა 24 აგვისტოს დააფიქსირა.

თანხა პარტიას თარხნიშვილის მეუღლემაც შესწირა. ანა თარხნიშვილმა 9 სექტემბერს „ევროპულ საქართველოს“ 5 000 ლარი გადაურიცხა.

გორი - კასპის გაერთიანებულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან თარხნიშვილის სააგიტაციო მასალისთვის 1-ლი სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 950 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული თანხიდან, 450 ლარით 2 500 ცალი ტრიპლეტი დაიბეჭდა. 400 ლარით კი, 1 100 ცალი პლაკატი.

გარდა ამისა, პარტია გორში, ოფისის დაქირავებისთვის ყოველთვიურად, 1 500 ლარს იხდის.

„ევროპული საქართველოს“ ოფისი ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. პარტიამ საოფისე ფართი თეიმურაზ ხარებაშვილისგან იქირავა.

მთლიანობაში, „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობა გორიდან 62 000 ლარს სცდება. ხარჯვითი წილი კი, თვეში ოფისის ქირისათვის 1500 ლარია, სააგიტაციო მასალისთვის კი - 950 ლარი შეადგინა.

ლელო:

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ გორის შტაბის შენახვა ყოველთვიურად 5 783 ლარი უჯდება.

გორში „ლელოს“ აქვს ოფისი, სადაც დასაქმებულია და ყოველთვიურად ხელფასს 5 ადამიანი იღებს.

ოფისი გორში, ჭავჭავაძის N34-ში მდებარეობს. ყოველთვიურად პარტია ოფისის ქირაში 3 000 ლარს იხდის.

რაც შეეხება, შტაბში დასაქმებულ ადამიანებს, ოფისს ჰყავს მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ლოჯისტიკის და საარჩევნო სპეციალისტები.

ოფისის ხელმძღვანელი არის გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე, რომელიც ყოველთვიურად ხელფასის სახით 998 ლარს იღებს.

გარდა ამისა, გორის შტაბში არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ეს ფუნქცია მაია ხინთიბაძეს აქვს შეთავსებული და ყოველთვიურად ხელფასის სახით 492 ლარს იღებს. ლოჯისტიკის სპეციალისტი ილია ძამაშვილია, რომელსაც პარტია თვეში 431 ლარს უხდის.

შტაბში ასევე არის საარჩევნო სპეციალისტის პოზიცია, რომელიც დაკავებული აქვს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ იურისტს რევაზ გოგიაშვილს. იგი აღნიშნული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 554 ლარს იღებს.

ცალკეა ოფისის მენეჯერიც. ამ საქმეს შტაბში მარიამ მახარობლიძე უძღვება, რომელსაც ყოველთვიური ხელფასის სახით 308 ლარს უხდიან.

პატრიოტთა ალიანსი:

„პატრიოტთა ალიანსი“ გორის ოფისის ქირაში და ოფისის მენეჯერის ხელფასში ჯამში 1000 ლარს იხდის.

პარტიის ოფისი სტალინის N24-ში მდებარეობს. ყოველთვიურად ქირის ხარჯი 800 ლარია. „პატრიოტთა ალიანსს“ ოფისი ლაშა ბალიაშვილისგან აქვს დაქირავებული. ხელშეკრულება მათ შორის 2019 წლის 1-ელ დეკემბერს გაფორმდა და 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ნანა ქერდიყოშვილია, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვიურად ხელფასის სახით 200 ლარს უხდის.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“ ტელეკომპანია „დიასთან“ სატელევიზიო რეკლამისთვის 5 600-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი