რეზიუმე: ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 11.6%-ია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური შემცირებაა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა, ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“. 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის კლების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა. 2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 106.8 ათასით შემცირდა. 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულების რაოდენობას პირველად გადააჭარბა. თუმცა, დასაქმების სტატისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სურათი 2019 წელს იყო, როდესაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა.

2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება 200 ათასს სამუშაო ადგილის შექმნა იყო. მარიამ ქვრივიშვილმა კითხვას შესრულდა, თუ - არა დაპირება, თავი აარიდა და 2012-2019 წლების მონაცემები დაასახელა. 2012 წლის შემდეგ ბიზნეს სექტორში 222 ათასი სამუშაო ადგილი მართლაც შეიქმნა. თუმცა 2017-2019 წლებში ბიზნეს სექტორში ჯამში მხოლოდ 90.1 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილები ყოველწლიურად იზრდებოდა, მათ შორის, წინა ხელისუფლების პერიოდში, უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდა. ამასთან, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

ანალიზი

ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „ბოლო 18 წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა“. ჟურნალისტის კითხვაზე შესრულდა, თუ - არა „ქართული ოცნების“ დაპირება 200 ათას სამუშაო ადგილის შექმნაზე, მან უპასუხა, რომ „ბიზნეს სექტორში 222 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა 2012-2019 წლებში“.

„უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა“ არის გავრცელებული მანიპულაცია, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ. ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი მართლაც მცირდება, თუმცა ეს შემცირება უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარეობს და სინამდვილეში ტექნიკური შემცირებაა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად.

სტატისტიკურად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. თუმცა 2016-2019 წლებში, უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის კლების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც აკლდებიან უმუშევართა რიგებს, თუმცა არ არიან დასაქმებულები. საქსტატის მონაცემებით, 2016-2019 წლებში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 106.8 ათასით შემცირდა. 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 1. დასაქმება და უმუშევრობა 2012-2019 წლებში

წყარო: საქსტატი

დაქირავებით დასაქმებულები დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში ის ჯგუფია, რომლის დასაქმებაც უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია. თვითდასაქმებულთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაში მომუშავე პირები არიან, ხოლო მათი სამუშაო ხშირ შემთხვევაში საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მუშაობას უკავშირდება. 2012-2019 წლის მონაცემებით, 2018 წელს პირველად გადააჭარბა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულების რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ დასაქმების სტატისტიკაში ერთ-ერთი ცუდი სურათი გასულ წელს იყო, როდესაც დასაქმების მაჩვენებლის კლება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა. ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა.

გრაფიკი 4.2. დასაქმებულები სტატუსის მიხედვით (ათასი)

წყარო: საქსტატი

დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ გასულ სამ წელიწადში, 2017-2019 წლებში, დასაქმებულთა რაოდენობა სახელმწიფო სექტორში 27.8 ათასი გაიზარდა, ხოლო არასახელმწიფო/კერძო სექტორში 54.9 ათასით შემცირდა. საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და ის პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო 200 ათასს სამუშაო ადგილის შექმნა. კითხვას შესრულდა, თუ - არა დაპირება, მარიმ ქვრივიშვილი თავს არიდებს და 2012 წლის მაჩვენებელს ადარებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყნაში მართლაც შეიქმნა 222 ათასი სამუშაო ადგილი. თუმცა 2017-2019 წლებში ბიზნეს სექტორში ჯამში 90.1 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2020 წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამუშაო ადგილები მცირდება, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ერთ წელიწადში 110 ათასამდე სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლისთვის სამუშაო ადგილებზე მიცემული დაპირება იმას ნიშნავს, რომ მას დასაქმებას ჰპირდები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2016 წლიდან ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილები ბიზნეს სექტორში წინა ხელისუფლების პერიოდშიც იზრდებოდა, მეტიც, უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდა. 2009-2012 წლებში 185.2 სამუშაო ადგილი შეიქმნა, 2013-2016 წლებში 132.4 ათასი, 2017-2019 წლებში კი - 90.1 ათასი.

გრაფიკი 3: ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, 2008-2019 წლებში

წყარო: საქსტატი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი