2020 წლის 25 ოქტომბერს, ვებგვერდზე „mynews.com.ge” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: „მთავრობა მზად არის 5 წლის განმავლობაში მოსახლეობას სესხები დაუფაროს? – გიორგი გახარიამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა“.

აღნიშნული სტატია, მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა, მათ შორის „ქართველები/Georgians“, „საქართველო/Georgia”, „sagijeti საგიჟეთი“, „შეშლილები“, „კახა კალაძე თბილისის მერი“.

სტატიის სათაური მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს მთავრობა ყველა სახის სესხებს დაფარავს. სენსაციური და ყვითელი სათაური მიუთითებს, რომ ვებგვერდი ე.წ. clickbait-ს წარმოადგენს (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ კონტენტს ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს).

ვებგვერდზე გადასვლისას, სტატიაში მოყვანილია პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ციტატა: „25 ათას მოქალაქეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის შესაძენად იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული და სამშენებლო კომპანიებმა მშენებლობები შეუჩერეს, სახელმწიფო იპოთეკურ სესხს ნაწილობრივ დაუფინანსებს.“

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება, გიორგი გახარიამ ივნისის თვეში გააკეთა, უშუალოდ ინიციატივა კი მაისის თვის ბოლოს გაჟღერდა. საუბარია საქართველოს მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის ფარგლებში წარმოდგენილ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო მოქალაქეებს, 2020 წლის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე 4%-მდე საპროცენტო განაკვეთს, 5 წლის ვადით დაასუბსიდირებს. ინიციატივის ფარგლებში, სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე. სუბსიდირება შეეხება ისეთ იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. პროგრამა 26 ივნისს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი მანიპულაციური სათაურით სტატიის გამოქვეყნება, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ მოქალაქეების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენასაც ისახავდეს მიზნად, გარდა ეკონომიკური მიზნებისა (ვებგვერდზე მნახველების რაოდენობის/ ე.წ. ტრეფიკის გაზრდა).

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი შექმნილია 2020 წლის 31 ივლისს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი