სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეო მასალის მეშვეობით, Facebook-ის სხვადასხვა მომხმარებელი ამტკიცებს, რომ COVID – 19-ით გარდაცვალების შემთხვევები არც ისე ბევრია და სამედიცინო სექტორი პანდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობას, მატერიალური დაინტერესების გამო, ხელოვნურად ზრდის. ვიდეო მასალა კონგრესმენ ბლეინ ლუთქემეიერსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორის, რობერტ რედფილდის დიალოგის ორიგინალი ვერსიის ქართულ თარგმანს წარმოადგენს. ქართული თარგმანის მიხედვით, კონგრესმენის კითხვაზე, აქვთ თუ არა საავადმყოფოებს ფინანსური მოტივაცია, რომ ადამიანების გარდაცვალება, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული, კორონავირუსს დაუკავშირონ (მაგალითად, ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების მიზეზად COVID – 19 დააფიქსირონ), რობერტ რედფილდი, თითქოს, აცხადებს:

„მემგონი, თქვენ მართალი ბრძანდებით. იგივე სიტუაცია იყო შიდსის დროს ზოგიერთ კლინიკებში. პაციენტი, რომელსაც, შეიძლება, ჰქონოდა შიდსი, მაგრამ სინამდვილეში ის გარდაიცვალა ინფარქტისგან, კლინიკაში წერდნენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იყო შიდსი. რა თქმა უნდა, კლინიკა ირჩევს ასეთ ვარიანტს, რადგან, ასეთ შემთხვევაში იღებს დიდ ანაზღაურებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, შეესაბამება რეალობას. ჩვენ ვიღებთ მონაცემებს, რომლებსაც გვაძლევენ ექიმები, ასე რომ, სინამდვილეში, [COVID – 19-ით] გარდაცვალების შემთხვევები არც ისე ბევრია. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ საერთოდ არ არის“.

აღნიშნული თარგმანი რობერტ რედფილდის პასუხს არ შეესაბამება და მის გაყალბებას წარმოადგენს, რადგან, რეალურად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორმა შემდეგი რამ განაცხადა:

რობერტ რედფილდის პასუხის სრული ტრანსკრიპტი ინგლისურად:

“ I think you’re correct in that and we’ve seen this in other disease processes too. In the HIV epidemic, somebody may have a heart attack but also have HIV and the hospital would prefer the DRG [diagnosis-related group] for HIV because there’s greater reimbursement. So I do think there is some reality to that. When it comes to death reporting though, ultimately it’s how the physician defines it in the death certificate, and our national health statistics group here in Hyattsville, we review all those death certificates, so I think it’s probably less operable in the cause of death, although I won’t say there are not some cases. I do think though when it comes to hospital reimbursements, issues for individuals that get discharged, there could be some play in that¨.

ინგლისურ ტრანსკრიპტში ნათლად ჩანს, რომ რობერტ რედფილდმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ვფიქრობ, რომ მართალი ბრძანდებით იმ კუთხით, და ეს ჩვენ სხვა დაავადების შემთხვევაშიც გვინახავს, რომ, მაგალითად აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ეპიდემიის დროს ადამიანს შესაძლოა გულის შეტევა ჰქონოდა და ამასთან ის აივ დადებითიც ყოფილიყო, თუმცა საავადმყოფო პაციენტის მთავარ დიაგნოზად სწორედ აივ-ს უთითებდა, რათა უფრო მაღალი ანაზღაურება მიეღო. ამგვარად, ვფიქრობ, რომ თქვენი დაშვება (რომ საავადმყოფოებმა, შესაძლოა, პაციენტს გაწერის დროს კოდი მანიპულაციურად დასმულ მთავარ დიაგნოზსა და პაციენტზე გაწეულ მომსახურებაზე დაფუძნებით მიანიჭონ) გარკვეულწილად სწორია. რაც შეეხება სიკვდილიანობის ცნობებს (რომელთა საფუძველზეც სტატისტიკა იქმნება), საბოლოო ჯამში, გარდაცვალების ბარათში [პაციენტის გარდაცვალების მიზეზს] ექიმი განსაზღვრავს. გარდაცვალების ამ ბარათებს ჰაიატსვილში (ქალაქი მერილენდში) მდებარე ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სტატისტიკის გუნდი ამოწმებს. ამიტომ, ვფიქრობ, [ამ კუთხით მასიური მანიპულაცია] ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი გადაჭრით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია. რაც შეეხება საავადმყოფოებისთვის ანაზღაურების გადახდას გაწერილი პაციენტების მომსახურების საფუძველზე, შესაძლოა, რომ ადგილი ჰქონდეს გარკვეულ მანიპულაციებს.

ამგვარად, რობერტ რედფილდს არ განუცხადებია, რომ „[COVID – 19-ით] გარდაცვალების შემთხვევები არც ისე ბევრია“. პირიქით, მისი თქმით, დაბალია იმის ალბათობა, რომ კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობის სტატისტიკაზე გავლენა ექიმების მიერ გარდაცვალების ბარათების არასწორი შევსებით ხდებოდეს, რადგან მათ მიერ შევსებული გარდაცვალების ბარათების მონიტორინგს ეროვნული ჯანდაცვის სტატისტიკის გუნდი აწარმოებს. საავადმყოფოების მხრიდან პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების აღრიცხვისას კი, რასაც სიკვდილიანობასთან კავშირი არ აქვს, რედფილდი გარკვეულ ფინანსურ მანიპულაციას შესაძლებლად მიიჩნევს. ამ მხრივ, მის მიერ აივ ეპიდემიის მაგალითის მოყვანა, არ ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები პაციენტის აივ დადებითობას თხზავდნენ, არამედ, ამ კუთხით, საავადმყოფოების მიერ მანიპულირება, რასაც არც რედფილდი გამორიცხავს, იმაში შეიძლება მდგომარეობდეს, თუ ანაზღაურების მისაღებად პაციენტის მთავარ დიაგნოზად რა დაავადებას უთითებენ.

ამასთან, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო მასალის არასწორი ქართული თარგმანის გარდა, ვიდეოს აღწერა მეორე ცრუ მტკიცებას შეიცავს, თითქოს, აშშ-ში საავადმყოფოებს ფულს პაციენტების გარდაცვალების მიზეზად COVID–19-ის დასახელებაში უხდიან, მსგავსი შეთანხმებული მოქმედებით კი, იმის ილუზიას ქმნიან, რომ მსოფლიოში პანდემია არსებობს:

იხ. ვიდეო მასალის აღწერა

აშშ-ში საავადმყოფოები ფედერალური დაზღვევის, Medicare-ის ფარგლებში, ანაზღაურებას DRG (diagnosis-related group - დიაგნოზთან დაკავშირებული ჯგუფი) სისტემის საფუძველზე იღებენ. პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს, საავადმყოფო მას სპეციალურ კოდს ანიჭებს, რომელიც, როგორც წესი, პაციენტის მთავარი, ძირითადი დიაგნოზისა და მასზე გაწეული მომსახურების გათვალისწინებით ფიქსირდება. იმის გამო, რომ DRG-ის ფარგლებში სპეციალურად COVID – 19-ის კოდი არ არსებობს, საავადმყოფოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურებისთვის ანაზღაურება მსგავსი რესპირატორული ინფექციებისთვის გაწერილი წესით გაიცემა. ამ მხრივ, ჰოსპიტალიზაციისთვის საშუალო ანაზღაურება, დაახლოებით, 13 ათასი აშშ დოლარია, თუმცა, თუ პაციენტისთვის სასუნთქი აპარატის გამოყენება 96-ზე მეტი საათის განმავლობაში გახდა საჭირო, ანაზღაურებამ შესაძლოა, დაახლოებით, 40 ათასი აშშ დოლარიც შეადგინოს. გარდა ამისა, სახელმწიფო საავადმყოფოებს, COVID – 19-ით ინფიცირებული პაციენტების მომსახურებისთვის, არსებულ ტარიფებთან ერთად, მომსახურების ღირებულების დამატებით 20%-ს უხდის. თუმცა, რასაკვირველია, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღებულ ანაზღაურებას გარდაცვლილი პაციენტების სიკვდილის გამომწვევ მიზეზთან საერთო არაფერი აქვს, რადგან საავადმყოფოები თანხას არა COVID – 19-ით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით, არამედ მათ მიმართ გაწეული მომსახურებისთვის იღებენ.

მსგავსი ყალბი ამბები აშშ-ში ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა და მას ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Factcheck.org-იც გამოეხმაურა. Factcheck.org-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ Medicare-ის ფარგლებში საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებულები პაციენტების მომსახურებისთვის შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ, COVID – 19-ით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება შემჩნეული არ ყოფილა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადეს, რომ COVID – 19-ით გარდაცვალების სტატისტიკის მონაცემები არა ხელოვნურად გაბერილი, არამედ, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის რეალური მასშტაბი.

იხ: მანიპულაციური ვიდეო მასალის გამავრცელებელი წყაროები

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი