დეზინფორმაცია: დევიდ როკფელერის სიტყვა და კონსპირაცია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შესახებ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-გვერდი „ქრისტიანული ახალი ამბები და ბიბლიური წინასწარმეტყველება“ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს Chase Manhattan Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ როკფელერისა და ბრიტანელი ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის ჯეიკობ როტშილდის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს შემდეგი წარწერა ახლავს თან: „გლობალური ტრანსფორმაციის ზღვარზე ვართ. რაც გვჭირდება არის სწორი მთავარი კრიზისი და ქვეყნები მიიღებენ ახალ მსოფლიო წესრიგს.“-დეივიდ როკფელერი. პოსტის სათაურში ასევე აღნიშნულია: „არ არსებობს არანაირი პანდემია, სინამდვილეში ჩვენ ვხდებით მოწმენი იუდეველთა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისა ან შექმნის მცდელობისა. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი აქვთ“. აღწერაში და კომენტარების სექციაში დევიდ როკფელერის სიტყვის ინგლისური ვერსიაცაა თანდართული: "This present window of opportunity, during which a truly peaceful and interdependent world order might be built, will not be open for too long - We are on the verge of a global transformation. All we need is the right major crisis and the nations will accept the New World Order." აღნიშნული პოსტი იმავე აღწერით სხვადასხვა Facebook-ჯგუფში: „კორონა მაფია“, „STOP 5G GEORGIA”, “ნიუს რუსთავი”, “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, “სიტყვის ძალა”, “თავისუფალი სივრცე” და სხვ. გავრცელდა.




რეალურად, პოსტის სათაურში და კომენტარებში როკფელერის სიტყვის დამახინჯებული ვერსიაა წარმოდგენილი. სიტყვის პირველი ნაწილი - „დღეს არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიო წესრიგის შექმნა, დიდხანს არ იქნება ღია“ („This present window of opportunity, during which a truly peaceful and interdependent world order might be built, will not be open for too long“) - დევიდ როკფელერმა 1994 წლის 14 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩების ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. თუმცა სიტყვის მეორე ნაწილი - „გლობალური ტრანსფორმაციის ზღვარზე ვართ. რაც გვჭირდება არის სწორი მთავარი კრიზისი და ქვეყნები მიიღებენ ახალ მსოფლიო წესრიგს“ („We are on the verge of a global transformation. All we need is the right major crisis and the nations will accept the New World Order„) - აღნიშნულ შეხვედრაზე არ გაუჟღერებია. შესაბამისად, აღწერაში თანდართული ინგლისურენოვანი ფრაზები დევიდ როკფელერს ერთად არასდროს უთქვამს.
გაეროს ელჩების ვახშამზე 18 წუთიანი სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის მოშლამ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა. ახსენა, რომ მოცემული პერიოდი მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიოს შესაქმნელად საუკეთესოა და რომ მსოფლიოსთვის მსგავსი შესაძლებლობის მომცემი მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასაწყისიც კი არ ყოფილა. როკფელერმა განაცხადა, რომ ამერიკის, როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოს როლი ამ პროცესში საკმაოდ დიდია. შესაბამისად, მისი სიტყვით გამოსვლა იუდეველთა მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ მოწოდებას არ შეიცავდა. სინამდვილეში, ის მსოფლიოში არსებული კრიზისების გადაჭრისთვის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მობილიზებისკენ და მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც სრულიად ახალ მშვიდობიან და ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოს შექმნას შეუწყობდა ხელს.

ამასთან ერთად, Facebook-გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოზე არსებული ებრაული სიმბოლო დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი ფოტომონტაჟის შედეგია. ორიგინალი ფოტო ფოტოგრაფ ანი ლეიბოვიცის მიერ როკფელერის რეზიდენციაში არის გადაღებული.

ორიგინალი ფოტო:



ამრიგად, Facebook-პოსტის აღწერის შინაარსი კორონავირუსის გარშემო გავრცელებული კონსპირაციის ნაწილს წარმოადგენს. კონსპირაციის თანახმად, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ემსახურება. თანდართულ აღწერაში დევიდ როკფელერის ციტატა დამახინჯებულადაა წარმოდგენილი და ამასთანავე, არასწორად არის ინტერპრეტირებული.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი