ზურაბ ჭიაბერაშვილი: ლარი ორჯერ არის გაუფასურებული ბოლო 8 წლის განმავლობაში, არასწორი ეკონომიკის [ეკ. პოლიტიკის] გამო


ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე


რეზიუმე: საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს ლარის კურსის დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურება წარმოადგენს. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 80%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი გაუფასურება დაახლოებით 90%-ს შეადგენს. ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც შეიძლება პირობითად ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთლიანი სურათის განხილვა.
გარე ფაქტორები პრობლემატური იყო როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია დოლარის გამყარება, რასაც დოლართან მიმართებით, თითქმის ყველა ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. მეტნაკლებად უფასურდებოდა უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 352%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით.

ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, როგორც ეკონომიკური, ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მოწყვლადი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები აღმოჩდნენ. საქართველო ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანას არ წარმოადგენს, მისი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორებისგან განსხვავებით. თუმცა, რყევები მათ ეკონომიკაში თუ სავალუტო სტაბილურობაში, ჩვენზეც აისახება. გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდი საკმაოდ რთული, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით დატვირთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მძიმეა მიმდინარე პანდემიის შედეგები მსოფლიო ეკონომიკური კონიუნქტურისთვის.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებები თუ უმოქმედობა და მთელი რიგი შეცდომები მოქმედებდა , მათ შორის საგარეო კრიზისებზე რეაგირების მიმართებით. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა ე.წ გავრილოვის კრიზისსაც, რომელიც არა თუ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებითაც მძიმე შეცდომას წარმოადგენდა.


ანალიზი:
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ლარის კურსის შემცირება (გაუფასურება) დოლართან და ევროსთან მიმართებით. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრის პერიოდში დაიწყო და დაახლოებით 80%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი გაუფასურება დაახლოებით 90%-ს შეადგენს."

გრაფიკი 1: საშუალო თვიური ლარის კურსი დოლართან მიმართებით, 2012-2020 წლებში



წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც პირობითად შეიძლება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთლიანი სურათის განხილვა.
გარე ფაქტორები პრობლემატური იყო როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია დოლარის გამყარება, რასაც თითქმის ყველა ვალუტის გაუფასურება მოყვა დოლართან მიმართებით. გრაფიკი 2 ასახავს დოლარის ინდექსის ცვლილების ტენდენციას. აღნიშნული ინდექსი ასახავს დოლარის ე.წ. „სიძლიერეს“ სხვა ვალუტებთან და იანგარიშება აშშ-ს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ერთგვარ კალათასთან მიმართებით, როგორც შეწონილი გეომეტრიული საშუალო. კალათა შედგება ევროს, იაპონური იენის, ბრიტანული სტერლინგის, კანადური დოლარის, შვედური კრონასა და შვეიცარიული ფრანკისგან. შეწონვის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ევროს აქვს მინიჭებული. როდესაც დოლარის ინდექსი იზრდება, სხვა თანაბარ პირობებში, მსოფლიოს სხვა ვალუტების გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ეცემა (გაუფასურება).


გრაფიკი 2: დოლარის ინდექსი 2012-2020 წლებში

წყარო: Tradingview.com


ასევე, უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, მეტნაკლებად უფასურდებოდა. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 352%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით. ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, როგორც ეკონომიკური, ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მოწყვლადი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები აღმოჩდნენ. საქართველო ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანას არ წარმოადგენს, მისი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორებისგან განსხვავებით. თუმცა, რყევები მათ ეკონომიკაში თუ სავალუტო სტაბილურობაში, ჩვენზეც აისახება. გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდი საკმაოდ რთული, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით დატვირთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია გადატრიალების მცდელობა თურქეთში და ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა დასავლეთთან, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სირიის კრიზისი, განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა მიმდინარე პანდემია და ა.შ. ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილს, უარყოფითი გავლენა ექნებოდა ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და ეროვნული ვალუტების სიძლიერეზე, როგორც საქართველოში, ასევე დასახელებულ ქვეყნებში. ასეთ დროს ლარის გაუფასურებაც გარდაუვალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა (რადგან საქართველოს ექსპორტი გაძვირდებოდა, ხოლო იმპორტი გაიაფდებოდა) და მაღალი ალბათობით, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდოდა. მცურავი სავალუტო კურსის დანიშნულება სწორედ ეს არის - საგარეო შოკის ეფექტი კურსში აისახოს და ქვეყნის ეკონომიკის კლება არ გამოიწვიოს.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებები თუ უმოქმედობა და მთელი რიგი შეცდომები მოქმედებდა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ (იხ.ბმული1;ბმული2;ბმული3). ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა ე.წ გავრილოვის კრიზისსაც, რომელიც არა თუ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებითაც მძიმე შეცდომას წარმოადგენდა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელშიც ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე საუბრობს - სიმართლეა. რაც შეეხება იმას, თუ რით არის გამოწვეული ლარის კურსის ვარდნა, ბევრი სხვდასხვაგვარი ახსნა შეიძლება მოვისმინოთ. ეს არის როგორც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, ასევე ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შედეგიც. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი