რეზიუმე:ქართულ Facebook- ჯგუფებში გაეროს საიდუმლო პროგრამის - „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ პოსტები გავრცელდა. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ცნობილი ებრაელი რაბინი ამნონ იცჰაკი საზოგადოებას საიდუმლო დოკუმენტის შინაარსს აცნობს. ვიდეოს თანახმად, მომავალში ეროვნული სუვერენინეტი გაუქმდება და ცენტრალური მსოფლიო ბანკით, ერთიანი ვალუტითა და მსოფლიო არმიით ერთიანი მსოფლიო მთავრობა ჩამოყალიბდება. ასევე, ვიდეოში საუბარია კერძო საკუთრების და ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე, საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციაზე და სხვა. აღნიშნულ პოსტებსა და ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და გამოგონილ ამბებს ეფუძნება.

ანალიზი

2020 წლის 1-ლ ოქტომბერს Facebook-ჯგუფებში „ანტი-მასონობა ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი(NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ და „კორონა აფიორა“ Facebook-მომხმარებლის Nina Marji-ის პოსტი გავრცელდა, რომელსაც თან რუსულად გახმოვანებული ვიდეო ერთვოდა. აღნიშნული ვიდეოს მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პროგრამა „ახალი მსოფლიო წესრიგი“ შექმნა. ავტორს ვიდეოს ქართული თარგმანი პოსტში აღწერის სახით აქვს გამოტანილი. სინამდვილეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსგავსი პროგრამა არ შეუქმნია და ზემოაღნიშნულ პოსტსა და ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია ყალბია.

ვიდეოს მიხედვით, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პროგრამა 20-ზე მეტ მიზანს მოიცავს. ამ მიზნებს შორისაა ერთიანი მსოფლიო მთავრობის, უნაღდო მსოფლიო ვალუტისა და მსოფლიო არმიის შექმნა; ეროვნული სუვერენიტეტის გაუქმება; სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მთავრობის მფლობელობაში გადაცემა; 5G სისტემების ელექტრომოწყობილობებთან დაკავშირება; ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლანტაცია; კერძო საკუთრებისა და ოჯახის ინსტიტუტის გაუქმება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პროგრამის შესახებ ყალბი ამბავი ფოტოს ფორმატით Facebook-სივრცეში ჯერ კიდევ მაისის თვეში გავრცელდა. ამ პოსტს მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ (Politifact.com; Usatoday.com; factcheck.afp.com) მისი ნამდვილობა შეამოწმა. მათი დასკვნით მოცემული ინფორმაცია ყალბია.

სავარაუდოდ, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ კონსპირაციული თეორია გაეროს „დღის წესრიგი 21“-სა (პროგრამა 21) და „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამაზე“ (პროგრამა 30) დაყრდნობით არის შექმნილი. „დღის წესრიგი 21“ არის არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს. რეზოლუციაში გაწერილია სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გლობალური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

რაც შეეხება „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამას“, ეს არის გაეროს შემუშავებული ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სემქტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. ეს მიზნებია:

წყარო: unicef

გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის მიზნებსა და Facebook-ზე განთავსებულ პოსტის მიზნებს შორის რამდენიმე საკითხში თანხვედრაა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში პოსტში ეს მიზნები ან გაზვიადებულია, ან დამახინჯებული.

მაგალითად, გაეროს 2030 წლის განვითარების პროგრამა ყველა ადამიანისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების მიცემაზე, ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფასა და ვაქცინების კვლევისა და განაწილების ხელშეწყობაზე საუბრობს. თუმცა, სასწავლო დაწესებულებების სახელმწიფოს მფლობელობაში გადასვლაზე, სასარგებლო წიაღისეულის ამოწურვასა და მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციაზე არაფერს ამბობს, როგორც ეს Facebook- პოსტსა და ვიდეოშია აღნიშნული.

ამასთანავე, გაეროს დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი ერთიანი მსოფლიო მთავრობის, ერთიანი მსოფლიო არმიის, ერთიანი მსოფლიო ვალუტის, 5G ტექნოლოგიის, ადამიანებში ჩიპების იმპლემენტაციის, გადაადგილების კონტროლის, კერძო საკუთრებისა და ოჯახის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ.

აგრეთვე, „პროგრამა 21“ და „პროგრამა 30“ არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტები. მათი შესრულება სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ვიდეოს, მასში ცნობილი ებრაელი რაბინი ამნონ იცჰაკი არის წარმოდგენილი. პერსონაჟი ანიმაციურია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შეინიშნება. რაბინი საზოგადოებას გაეროს საიდუმლო დოკუმენტის შინაარსს აცნობს. აღნიშნული ვიდეო დღესაც ხელმისაწვდომია რუსულ youtube- არხებზე. Youtube-მომხმარებლის Josef Shmuel-ის ატვირთულ ვიდეოზე ლოგო - წარწერა „Шок-инфО“ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად ვიდეო youtube-სივრცეში სწორედ ამ არხმა გაავრცელა. თუმცა, დღეს აღნიშნულ არხზე მსგავსი ვიდეო აღარ იძებნება.

პროგრამა „ახალი მსოფლიო წესრიგი“ სინამდვილეში არ არსებობს. გაეროს მსგავსი დოკუმენტი არ შეუქმნია და არც Facebook-ზე გავრცელებულ პოსტსა და ვიდეოში ჩამოთვლილი მიზნები გაეროს სხვა ოფიციალური დოკუმენტების მიზნებთან თანხვედრაში არაა.

ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული პოსტები და ვიდეო, რომ გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტი აქვს სიმართლეს არ შეესაბამება და ის კონსპირაციული თეორიაა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი