რეზიუმე: Facebook-ზე ვრცელდება კონსპირაცია, რომლის თანახმადაც როკფელერის ფონდის და გლობალური ბიზნეს ქსელის მიერ გამოქვეყნებული 2010 წლის დოკუმენტი, კორონავირუსის პანდემიის ხელოვნურად შექმნისა და გავრცელების წინასწარ შემუშავებულ გეგმას წარმოადგენს. მასალის თანახმად, დოკუმენტი ავტორიტარულ კონტროლზე დამყარებული ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას ისახავს მიზნად. სინამდვილეში, როკფელერის ფონდის დოკუმენტში წარმოდგენილი სცენარები, რომლებიც ტექნოლოგიების მომავალსა და საერთაშორისო განვითარებას ეხება, არის ჰიპოთეზები და მომავლის წინასწარმეტყველებას არ ემსახურება. გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის კავშირების შესახებ, რომელიც, „თავის მხრივ 70-იან წლებში როკფელერის ფონდთან თანამშრომლობდა“ ყალბი ამბავია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ანალიზი:

Facebook-ზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ამ პროცესებში წვლილი ლუგარის ლაბორატორიასაც მიუძღვის. ინფორმაცია Facebook-მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ მის მიერ შექმნილ Facebook-ჯგუფში „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“ 4 ოქტომბერს სტატიის სახით გამოაქვეყნა. მასალაში ლაშა მოდებაძე როკფელერის ფონდის 2010 წლის დოკუმენტის კონსპირაციული თეორიით ახსნას და პანდემიის წინასწარშემუშავებული გეგმის არსებობის დამტკიცებას ცდილობს. პოსტის ავტორი ერთმანეთთან ლუგარის ლაბორატორიასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს აკავშირებს, რომელიც, მისი თქმით, 70-იან წლებში როკფელერის ფონდთან თანამშრომლობდა. სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის ლაშა მოდებაძის პოსტი კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული კონსპირაციული თეორიის ნაწილს წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული მტკიცება, თითქოს, გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებაში როკფელერის ფონდთან თანამშრომლობდა, ლუგარის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ცნობარის მიხედვით, საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობენ აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრები (CDC), უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტი (WRAIR) და საჭიროების მიხედვით სხვა საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აღნიშნულ ოფიციალურ დოკუმენტს თავად პოსტის ავტორიც ავრცელებს.

როკფელერის ფონდის 2010 წლის დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტაციით, ლაშა მოდებაძის პოსტში ნათქვამია, რომ როკფელერების ოჯახისა და მათი ფონდის მიზანი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაა, რომელიც ავტორიტარულ კონტროლზე და შეზღუდულ ინოვაციებზე იქნება დამყარებული. პოსტის ავტორის თქმით: „ეს არის მთავარი ინსაიდერების მიერ დაწერილი გეგმა, რომლებმაც უკვე იციან თამაშის გეგმა, დღის წესრიგი და აქვთ ამის განხორციელების ძალა.“

სინამდვილეში, როკფელერის ფონდი 1913 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მისიას მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობით, ჯანმრთელობასთან, საკვებთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული გლობალური მასშტაბის გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს. არსებობის მანძილზე ფონდს 17 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხა აქვს გაცემული ათასობით ორგანიზაციისა და ადამიანის დასახმარებლად. 2010 წლის მაისში როკფელერის ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის (GBN) ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც ტექნოლოგიების მომავლისა და საერთაშორისო განვითარების 4 შესაძლო სცენარია განხილული. სცენარები ჰიპოთეზების ერთობლიობას წარმოადგენს და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებებს მეტი მზაობის შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, 2012 წელს მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. გარეული ბატებისგან გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსით 7 თვეში მსოფლიო მოსახლეობის 20% დაინფიცირდა და 8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას ჯანმრთელი ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პანდემიის დარტყმა მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკისთვისაც მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ჩინეთმა სწრაფად შეიმუშავა ყველა საჭირო ზომა სავალდებულო კარანტინიდან დაწყებული საზღვრების ჩაკეტვით და ქვეყნის იზოლაციით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ პირველმა გადალახა პანდემია.

ფაქტია, რომ სცენარში გაცილებით დიდ მასშტაბებზეა საუბარი და ამავე დროს მოქმედება არა 2019-2020 წლებში, არამედ 2012 წელს ვითარდება. ასევე დოკუმენტის დასაწყისში ხაზგასმით და მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მოცემული სცენარები არ არის მომავლის პროგნოზი, ეს არის ჰიპოთეზების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც გვექმნება წარმოდგენა სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, პოლიტიკა, ეკოლოგია და ა.შ) არსებული ჩავარდნების შესახებ და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მეტი მზაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ლაშა მოდებაძის პოსტში ასევე განხილულია „ღონისძიება 201“. Facebook-მომხმარებელი 2019 წლის 18 ოქტომბერს ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანამშრომლობით გამართული სიმულაციური სწავლების კონსპირაციული თეორიით ახსნას ცდილობს. ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ღონისძიება ქალაქ ვუჰანში ჩატარდა მსოფლიოში ვირუსის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, არის ტყუილი.

სინამდვილეში, „ღონისძიება 201“ 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო პიერში (The Pierre hotel) გაიმართა. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ღონისძიება სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად შესაძლო გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მომზადების დონის გაზრდას ისახავდა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს არ იყო მოვლენების წინასწარი პროგნოზი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღონისძიება 201“ არ არის ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჩატარებულ პირველი სიმულაციური სწავლება. მსგავსი სახის ღონისძიებებს ცენტრი 2001 წლიდან ატარებს. მაგალითად, 2001 წელს ღონისძიება სახელწოდებით „Dark Winter“ გაიმართა, 2005 წელს - „Atlantic Storm“, 2018 წელს კი ცენტრმა პანდემიის სიმულაციური ღონისძიება სახელწოდებით „Clade X“ მოაწყო.

Facebook მომხმარებელ ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი ინტერპრეტაციაა და რეალური დოკუმენტებისა და ღონისძიებების მანიპულაციურად წარმოდგენით არის მკითხველისთვის მიწოდებული. დაახლოებით მსგავსად შესაძლებელია, რომ ფილმ „დაინფიცირებას“ (contagion) კონსპირაციული ინტერპრეტაციით წინასწარმეტყველება ვუწოდოთ, რადგან ფილმში ვირუსით გამოწვეული პანდემია მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ფილმის სცენარში, ვირუსის თავდაპირველ გამავრცელებლად კი ღამურაა დასახელებული. ამდენად, ფილმისა თუ სიმულაციური თამაშების ინტერპრეტაციით კორონავირუსის წინასწარ დაგეგმილ პანდემიად გამოცხადება აბსურდულია. ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სიმულაცია ტარდება - მათ შორის საქართველოშიც და ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაც სიმულაციაში ხდება, რეალობაშიც განმეორდეს. ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამგვარი სიმულაციების მანიპულაციურად ახსნაა და კონსპირაციული თეორიებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი