ზურაბ ჭიაბერაშვილი: წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარე კაბალმა კალაპოტი არ გადმოლახოს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რეზიუმე: ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნული განცხადება მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ლაგოდეხის სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მონახულებისას გააკეთა. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დროისთვის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კაბლის სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაწყებული იყო და სტიქიის დროსაც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, კაბლის გამბიონის მოწყობის სამუშაოები 2018 წლის ზამთარშიც მიმდინარეობდა და 378 მეტრი დამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იყო დაგეგმილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სოფელ განჯალაში, მდინარე კაბლის მარცხენა სანაპიროზე 300 გრძივი მეტრი გამბიონის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, 2016-2020 წლის განმავლობაში, მდინარე კაბლის მიმდებარედ 531 ათასი ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი გამბიონი მოეწყო. აქედან გამომდინარე, განცხადება , რომ „ქართულ ოცნებას“ მდინარე კაბლის მიმდებარედ ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განუახლებია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა, მდინარე კაბლის გასწვრივ სულ რამდენი გრძივი მეტრის გამბიონის მოწყობა იყო საჭირო, არ გვიპასუხა. ისიც ფაქტია, რომ სამ თვეში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზედიზედ სამი სტიქია მოხდა, რომლის დროსაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. „ფაქტ-მეტრი“ განხორციელებული სამუშაოების ხარისხს ვერ შეაფასებს, თუმცა ამ მიმართულებით რომ პრობლემები არსებობს და ნებისმიერი უხვი ნალექი მუნიციპალიტეტის დატბორვას იწვევს, ფაქტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ უკვე განხორციელებული სამუშაოების რაოდენობა და ის - თუ კიდევ რა მონაკვეთებზეა საჭირო მსგავსი სამუშაოების განხორციელება. ვინაიდან ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ განაცხადა: „წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარე კაბალმა კალაპოტი არ გადმოლახოს“.

ლაგოდეხის რაიონში აღნიშნული სტიქია მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მოხდა.

იმ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხში, მდინარე ლაგოდეხის ხევზე, სოფელ ვერხვის მინდორში, მდინარე არეშსა და სოფელ განჯალაში - მდინარე კაბლის სანაპიროზე, წყლის დამცავი გამბიონის მშენებლობა დაწყებული იყო და მიმდინარეობდა. სოფელ ჭაბულიანში - ნაშოვარას გადასასვლელ არხზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულებული იყო. დამცავი გამბიონების მშენებლობა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 752 067 ლარს შეადგენს.

ამის მიუხედავად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში სტიქია 10 მაისს, 4 აგვისტოს და 16 აგვისტოს მოხდა, როდესაც მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების პირველი სართულები და ნათესი ფართობები დაიტბორა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის გამბიონის მოწყობის სამუშაოები 2018 წლის ზამთარშიც მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა გაავრცელა. მერის ინფორმაციით, 378 გრძივი მეტრის დამცავი გამბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებდა და პროექტის ღირებულება 349 000 ლარი იყო.

2019 წლის ლაგოდეხის მერის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სოფელ კაბლიდან სოფ ფონაში გადასასვლელ მოკლე გზასთან ფონის მხარეს მდინარე კაბლის ნაპირზე გამბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სოფელ განჯალაში, მდინარე კაბლის მარცხენა სანაპიროზე 300 გრძივი მეტრი გამბიონის მოწყობა მიმდინარეობს.ასევე, 2016-2020 წლის განმავლობაში, მდინარე კაბლის მიმდებარედ 531137 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი გამბიონი მოეწყო. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა, მდინარე კაბლის გასწვრივ სულ რამდენი გრძივი მეტრის გამბიონის მოწყობა იყო საჭირო, არ გვიპასუხა. მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი არ არის სრული სურათის შესაქმნელად. მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები რომ საკმარისი არ არის, ამის დასტური ზედიზედ მომხდარი სამი სტიქიაა, რომლის დროსაც მდინარე კაბალის ნაპირებიდან გადმოსვლის გამო მოსახლეობის საცხოვრებელი ბინები და ნათესები დაიტბორა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, ამ ეტაპზე, ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტატია განახლდება.

ფოტო: ნეტგაზეთი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი