დეზინფორმაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოვიჩოკის შექმნა დასავლეთს დააბრალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:ონლაინგამოცემა „თვალსაზრისის“ და რუსული ახალი ამბების სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერების, ნერვული აგენტების ერთობლიობა - „ნოვიჩოკის შექმნაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ადანაშაულებს“. „ნიუსფრონტი“ ამავე თემაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „აშშ “ნოვიჩოკზე” და მის მსგავს მომწამვლელ ნივთიერებებზე 70-იანი წლებიდან მუშაობდა.“ ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სინამდვილეში, „ნოვიჩოკი“ 1970-1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში შეიქმნა და აღნიშნული ონლაინ გამოცემების მიერ გავრცელებული მტკიცებულება აბსურდულია.

ანალიზი

თვალსაზრისი“ და TASS 5 სექტემბერს ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნები და ნატო „ნოვიჩოკის“ ქიმიური ნივთიერებების ჯგუფის შექმნაში დაადანაშაულა. მეტიც, TASS აღნიშნავს, რომ აშშ-ში მათი საბრძოლო გამოყენების ტექნოლოგიების შემქმნელებს ოფიციალურად 150-ზე მეტი პატენტი აქვთ გაცემული.

მოგვიანებით, პრორუსულმა ონლაინგამოცემა „ნიუსფრონტმა“ ამავე თემაზე გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჯერ კიდევ 2018 წელს, ოფიციალურად განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელსაც დასავლეთში „ნოვიჩოკს“ უწოდებენ, აშშ-ს შეიარაღებაში ირიცხებოდა. ლავროვის თქმით, ვილ მირზაიანოვი, რომელმაც ეს ნივთიერება შექმნა, საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და იქ გამოაქვეყნა „ნოვიჩოკის“ ფორმულა.“ მასალაში ისიცაა აღნიშნული, რომ აშშ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მომწამვლელ ნივთიერება „ნოვიჩოკზე“ საკმაოდ შედეგიანად მუშაობდა.

ამავე თემაზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ „ნოვიჩოკის“ ქიმიური ჯგუფის შექმნის რუსეთისთვის დაბრალებით და სანქციების დაწესებით აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას ცდილობს. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აშშ-ს ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროპაში საფრთხეს უქმნის.

„ნოვიჩოკის“ წარმომავლობა

სინამდვილეში, ნერვული აგენტების ერთობლიობა „ნოვიჩოკი“, რომელიც ითარგმნება, როგორც „ახალბედა“, 1970-1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში შეიქმნა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის თანახმად, ნივთიერების შექმნის პროგრამა საბჭოთა კავშირში „ფოლიანტის“ კოდური სახელწოდებით მიმდინარეობდა.

„ნოვიჩოკის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსმა ქიმიკოსებმა ვილ მირზაიანოვმა და ლევ ფიოდოროვმა 1992 წელს რუსულ გაზეთ „მასკოვსკიე ნოვოსტიში“ (Московские новости) გამოაქვეყნეს (სტატიის ორიგინალი დღესაც ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში. იხილეთ დასკანერებული სტატია). The New York Times-ის თანახმად, სწორედ ამ სტატიაში ვილ მირზაიანოვმა და ლევ ფიოდოროვმა რუსეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულეს, რის გამოც მირზაიანოვი ქვეყნის საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით დააპატიმრეს. 1994 წელს მირზაიანოვი ბრალდების დადასტურების არასაკმარისი საფუძვლის მიზეზით, გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, რუსი მეცნიერი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც გამოსცა წიგნი სახელწოდებით „სახელმწიფო საიდუმლოებები: რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამის შიდა ქრონიკა“, რომელშიც მან ნოვიჩოკის ფორმულა განიხილა. აქედან გამომდინარე, მირზაიანოვმა აშშ-ში გადასვლამდე, რუსეთში ყოფნის დროს დაიწყო საუბარი საბჭოთა კავშირში და რუსეთში შემუშავებულ ქიმიურ იარაღზე. სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნების, გამო მას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. მირზაიანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „აშკარა იყო, რომ რუსეთში მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი. იქ ჩემი უსაფრთხოება არ იყო გარანტირებული“.

BBC-ისა და New York Times-ის თანახმად, ქიმიური იარაღის წარმოების ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი უზბეკეთის ქალაქ ნუკუსში მდებარე „ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიების საბჭოთა სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ იყო. აშშ არა თუ არ აწარმოებდა „ნოვიჩოკს,“ არამედ პირიქით - 1999 წლიდან, უზბეკეთისა და აშშ-ს მთავრობები „ნოვიჩოკის“ და სხვა ქიმიური იარაღის წარმოების და გამოცდის ობიექტების დემონტაჟისთვის და ტერიტორიის დაბინძურებისგან გაწმენდისთვის აქტიურად თანამშრომლობდნენ.

„ნოვიჩოკის“ გამოყენების ფაქტები

„ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების გამოყენების რამდენიმე ფაქტი არსებობს და ყველა მათგანი კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი საჯარო ფიგურა გახლდათ. ბრიტანული გაზეთი The Guardian-ის თანახმად, „ნოვიჩოკის“ ქიმიური ნივთიერების ჯგუფის აგენტები პირველად 1995 წელს რუსი ბანკირის ივან კიველიდისა და მისი მდივნის ზარა ისმაილოვას მოწამვლისას გამოიყენეს. გლობალურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ (OCCRP), რომელიც სპეციალიზებულია მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ ანგარიშების შედგენაში, 1995 წელს რუსეთის სამ სამთავრობო ორგანიზაციას (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) კიველიდისა და ისმაილოვას სხეულში, აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერების გაანალიზება დაავალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და ევოლუციის ინსტიტუტმა და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა (GOSNIIOKhT) შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ნიმუშების ექსპერტიზის შემდეგ ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერების ფორმულა მიიღეს. OCCRP იუწყება, რომ ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელიც ვილ მირზაიანოვთან ერთად მუშაობდა „ნოვიჩოკის“ შექმნაზე, გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ (Новая газета) ანონიმურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასკვნებში მიღებული ფორმულები „ნოვიჩოკის“ ფორმულას შეესაბამებოდა. თვით ლივ მირზაიანოვმაც ამავე გაზეთთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ კიველიდის მოწამვლის დროს გამოყენებული ნივთიერება ეკუთვნოდა ნოვიჩოკის ჯგუფს.

„ნოვიჩოკით“ მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე უკავშირდება 2018 წლის 4 მარტს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მკვლელობის მცდელობას. 2018 წლის 22 მარტს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოძიებისა და უზენაესი სასამართლოს განაჩენის თანახმად დაადასტურა, რომ GRU-ის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლისბერიში მოწამვლისას მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო გამოყენებული. ბრიტანეთის მთავრობის გამოძიებისა და პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება რუსეთში დაამზადეს. ტერეზა მეიმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მცდელობა, დამალონ სიმართლე დეზინფორმაციის გავრცელებით, მათ ბრალეულობას კიდევ უფრო მეტად ამტკიცებდა. ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის სოლისბერიში შემთხვევას და მასზე დიდი ბრიტანეთის პასუხს დეზინფორმაციით უპასუხა. კრემლის მიერ გავრცელებულ ვერსიებში ისიც კი გაჟღერდა, რომ „ნოვიჩოკი“ თვით ტერეზა მეიმ შექმნა.

„ნოვიჩოკის“ საკითხი აქტუალური 2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამლის შემდეგ ხელახლა გახდა. ნავალნი მოსკოვის რეისით მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც იგი ომსკის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. 22 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდა. გერმანიის ბუნდესვერის ლაბორატორიამ აღებული ნიმუშების ექპერტიზის შედეგად ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ოჯახის ნერვული აგენტის კვალი აღმოაჩინა.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც „ნოვიჩოკზე“ ვსაუბრობთ, გავიხსენოთ იმ ბიზნესმენების, დისიდენტების და რუსი ოპოზიციონერების ვრცელი სია, ვისაც რუსეთი „მოღალატეებად“ მიიჩნევდა და რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. რუსეთის მიერ მოსაწამლად გამოყენებული ერთ-ერთი ნერვული აგენტი - პოლონიუმის იზოტოპი 2006 წელს მოკლულ ალექსანდრ ლიტვინენკოს სხეულში აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კოვტუნი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის და КГБ-ს ყოფილი ოფიცრის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში დაადანაშაულა. ლიტვინენკომ, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთი სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე დატოვა.

ამრიგად, ონლაინ გამოცემების „თვალსაზრისის“, „ნიუსფრონტის“ და TASS-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „ნოვიჩოკი“ აშშ-ს და ნატოს მიერ შექმნილი ნერვული აგენტების ერთობლიობაა, კრემლის დეზინფორმაციას წარმოადგენს. სინამდვილეში, ბოლო ორ წელში კრემლმა მისთვის არასასურველი ადამიანების (სკრიპალებისა და ნავალნის) წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტები თავად გამოიყენა. მეტიც - სწორედ რუსეთის ხელწერაა, როცა რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან.

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებულია, რომ ვილმირზაიანოვმა და ლევ ფიოდოროვმა 1992 წელს რუსულ გაზეთ „მასკოვსკიე ნოვოსტიში“ (Московские новости)სტატია გამოაქვეყნეს. სტატიის სათაურია - "რუსეთი აგრძელებს ქიმიური იარაღის წარმოებას; მოწამლული პოლიტიკა". ეს ნაწილი ჩვენ The New York Times-ზე დაყრდნობით დავწერეთ, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში სტატიის ორიგინალი მოვიპოვეთ და ის ჩვენი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი