დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. მას შემდეგ რუსეთთან არაერთი სრული თუ მცირემასშტაბიანი დაპირისპირება გვქონდა, თუმცა, 2008 წლის შემდეგ, აღარ გვიომია. პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე, რომელსაც მეზობელთან ურთიერთობაში მივაღწიეთ. "ფაქტ-მეტრი" ამ სტატიაში სწორედ რუსულ „მშვიდობას“ მიმოიხილავს.

ის, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებები ბოლო 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა - მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ ომის არქონა საერთოდ არ ნიშნავს მშვიდობას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორის რაიონის (ე.წ. წინაგარას ზონის ოსური სოფლების გარდა) სოფლებს (103 სოფელი) აკონტროლებდა. ომის შემდეგ, ყველა ეს სოფელი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლიდან, როდესაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყო, საოკუპაციო ხაზმა სხვა სოფლებიც (32 სოფელი) მოიცვა. სუს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 353 კმ-ია. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის ხელოვნური ბარიერი დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია.

ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგის, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. მთლიანობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას განმარტებით, ბოლო 8 წელში ქვეყანამ 35 კვ კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაკარგა, ისე რომ ამ პროცესისთვის ხელისუფლებას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ამ ხელისუფლებამ 35 მლნ კვ. მეტრი, ტერიტორია დაკარგა. ეს გახლავთ 35 კვ კილომეტრი, ანუ ცხინვალი და სოხუმი ერთად. ბოლო წლებში დამატებით დაკარგული ტერიტორიებია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში, რაჭაში. ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენი მოსახლეობა ვეღარ შედის და ვეღარ სარგებლობს ამ მიწა-წყლით. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მშვიდობაზე გვესაუბრებიან, ისინი გვატყუებენ. ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიებს ყოველგვარი ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ეს პროცესი მიმდინარეა, მცოცავია. ოკუპანტი არა მარტო რეგიონში რაღაც ხაზს მიყვება ოკუპაციის, არამედ ჩვენი ტერიტორიების სიღრმეშიც კი შემოდის“,- ამბობს დავით ქაცარავა.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა ყველაზე მასშტაბური სახე 2013 წლიდან მიიღო, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ქსუისში საოკუპაციო ხაზის სიგრძემ დაახლოებით 4 კმ შეადგინა. იმავე წელს, სოფელ გუგუტიაანთკარში 143 მეტრამდე სიგრძის მავთულხლართები და მწვანე ღობეები დაინსტალირდა. ოკუპაციამ ამავე პერიოდში ქარელის რაიონის სოფლები, დვანი, თანარაშენი, კნოლევი და დირბიც მოიცვა. აღნიშნულ სოფლებში ოკუპაციის პროცესი დღემდე გრძელდება და მას ხელი პანდემიამაც ვერ შეუშალა. 2012 წლიდან დღემდე, საოკუპაციო ზოლში და მის მიღმა, კიდევ არაერთი დასახლებული პუნქტი თუ მიწის ნაკვეთი მოექცა.

საოკუპაციო ძალებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთში, სადაც ოკუპაციის საფრთხის წინაშე სოფლის სასაფლაო და საძოვრები აღმოჩნდა. ამ სოფლის პარალელურად ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცშიც გამოჩნდნენ.

უწყვეტი პროცესის გამო, 2013 წლიდან დღემდე, ოკუპირებული სოფლების რაოდენობა და ფართობები ყოველწლიურად იცვლება, რის შესახებაც ფაქტ-მეტრი პერიოდულად წერს.

ოკუპაციის გამო აღნიშნულ სოფლებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტ-მეტრთან საუბრისას ამბობს, რომ გამყოფ ხაზთან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და მიგრაციის გააქტიურებაზე მიუთითებს. მათ მძიმე ყოფას მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების გახშირებული ფაქტებიც ართულებს.

მხოლოდ წელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით 35-მდე ადამიანია დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო 8 წელში (2012 წლიდან დღემდე) ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 1 603 ადამიანი უკანონოდ დააკავეს, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით კი - 1 031 პირი. თუ 2008 წლიდან 2012 წლამდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ დააკავებულთა რაოდენობა 398 პირით განისაზღვრებოდა, 2013 წლიდან დღემდე ეს რიცხვი უკვე 2 634-ს შეადგენს. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალისა და აფხაზეთის „ბიუჯეტის“ შევსების შესახებ ფაქტ-მეტრმა არაერთი სტატიამოამზადა.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის აზრით, მდგომარეობა საოკუპაციო ხაზთან წლიდან წლამდე რთულდება და მოქალაქეთა საჭიროებები თუ სურვილები, თუნდაც ახალგორის მაგალითზე, უგულებელყოფილია. არსებულ ვითარებას კი მისივე თქმით, ვერც ომს ვუწოდებთ დ ვერც მშვიდობას.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2014 წლიდან დღემდე განსაკუთრებული სისასტიკით საქართველოს ოთხი მოქალაქეა მოკლული: 2014 წელს - 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს - 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს - 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის თანახმად, მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით ადმინისტრაციულ სასაზვრო ხაზზე დაკავებები 2009 წლიდან 2016 წლამდე სულ 14000 იყო, დაკავებულთა უმეტესობა კი, ეთნიკურად ქართველია. ვითარების სირთულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება აქტიური და ეფექტიანი მოქმედება ყველა შესაძლო მიმართულებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას ეხება“,- ამბობს უჩა ნანუაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა ჯერზე თითქმის იდენტური პასუხები აქვს:

„ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი, განვითარებული მოვლენების შესახებ ეცნობებათ ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, საკითხების ნაწილი კი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განიხილება“-აცხადებენ სუსში.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები თითქმის ყოველწლიურად ხვდება ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშებში. ორგანიზაციის შეფასებით, ოკუპანტი სახელმწიფო აგრძელებს ბორდერიზაციას საოკუპაციო ხაზებზე და ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას, ასევე ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსი ხალხების შერიგებას. ალეკო ცქიტიშვილი ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან ერთად აქცენტს პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობაზე აკეთებს და ქვეყანაში მოსალოდნელ შედეგებსაც განიხილავს, რაც მისი აზრით, სტაბილურობისა და დაცულობის განცდას მოსახლეობას ნამდვილად არ უქმნის. "შეუძლებელია ითქვას, რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა. ამავე დროს, ქვეყანაში პანდემიიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა, კიდევ უფრო შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას"- აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი "ფაქტ-მეტრთან" საუბარში.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლიდან დღემდე, ანუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ოკუპაციის გამო მკვლელობის და მშვიდობიანი მოქალაქეთა დაკავების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მსგავსი შემთხვევები გრძელდება დღესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით. უშუალოდ შეიარაღებული კონფლიქტი ამ პერიდში აღარ ყოფილა, თუმცა მმართველი გუნდის მიერ არაერთხელ ხსენებულიმშვიდობის" შენარჩუნება ქვეყანას, როგორც ხედავთ, საკმაოდ ძვირი უჯდება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი