მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის პერიოდში ვაზს ჩეხავდნენ, სუბსიდირების სურვილი თუ ჰქონდა, გამოეხატა თვის დროზე

ვერდიქტი:„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე: 2007-2010 წლებში მაშინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“) „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ჯამში 1.559 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ და, ამასთანავე, მისი საღვინედ გამოყენება კანონმდებლობითაც აკრძალულია. დასახელებული მიზეზის გამო (ყურძენზე მოთხოვნის შემცირება), 2004-2014 წლის პერიოდში, საქართველოში ვაზის ფართობი 4 ათასი ჰექტრით, 37 ათასიდან 33 ათასამდე შემცირდა (აქედან თითქმის 1000 ჰექტარი დასახელებული პროგრამის ფარგლებში). 2017 წლის მონაცემებით, ვაზი უკვე 36 ათას ჰექტარზეა გაშენებული, ეს პერიოდი ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე რუსული ემბარგოს გაუქმებას (2013 წელი) ემთხვევა. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე კვლავ შევიდა და, შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობამ ვენახების გაშენება ისევ დაიწყო. აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ნაციონალების დროს ვაზი იჩეხებოდა, არის ფაქტებით მანიპულირება. განცხადების მეორე ნაწილი, თითქოს წინა ხელისუფლების დროს ყურძნის ფასის სუბსიდირება არ ხდებოდა, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. სუბსიდირების პროგრამა სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს (2008 წელს) დაიწყო და მათივე მმართველობის ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და იმავე მიზანს ემსახურებოდა (რუსული ემბარგოს ნეგატიური შედეგების განეიტრალება), რასაც - წლევანდელი ყურძნის ფასის სუბსიდირება (კრიზისის შედეგების დაბალანსება).

ანალიზი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას,აღნიშნა: „ვაზს ჩეხავდნენ მის [მიშა სააკაშვილის] პერიოდში და ქართველისთვის ამაზე ცუდი რა შეიძლება რამე იყოს?! სუბსიდირების სურვილი თუ ჰქონდა, გამოეხატა თავის დროზე“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2007-2010 წლებში მაშინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“) „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, 2007-2008 წლებში, ფერმერი ერთი ჰექტარი ვაზის გაჩეხვისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარს იღებდა, ხოლო 2009-2010 წლებში ეს თანხა 1000 ლარამდე შემცირდა. ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან ჯამში 1.559 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა.

„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამას“ [1] მაშინდელი „სამტრესტი“ (ახლანდელი „ღვინის ეროვნული სააგენტო“) ახორციელებდა. „ფაქტ-მეტრი“ დასახელებული პროგრამის მიმდინარეობაზე ადრეც წერდა. ჩვენ მაშინ ღვინის ეროვნულ სააგენტოში შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად რას წარმოადგენდა დასახელებული პროგრამა და რა მიზანს ისახავდა ის. კონსულტაციისთვის სააგენტოს მთავარ სპეციალისტს, პეტრე მესხიძეს მივმართეთ, რომელიც ვაზის ჩანაცვლების პროგრამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

„პროგრამა 2007- 2010 წლებში ხორციელდებოდა და მიზანი ჰიბრიდული ჯიშის ვაზის და აგრეთვე დედოფლისწყაროს (სამთაწყარო და ფიროსმანი) და ყვარლის (გავაზი) რაიონის სოფლებში ამორტიზებული, დაძველებული ვენახების ამოძირკვა იყო. ამ პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ. „ღვინის და ვაზის შესახებ“ (მუხლი 17. პუნქტი 4,5,6) კანონის თანახმად, ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ყურძნის საღვინედ გამოყენება იკრძალება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იმ ფერმერების სიები შედგა, რომლებსაც ჰიბრიდული ვენახის ამოძირკვა სურდათ. პროგრამის საწყის ეტაპზე საკომპენსაციო თანხა 2000 ლარი იყო, მაგრამ მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ შემდგომ წლებში თანხა 1000 ლარი გახდა. ეს თანხა მხოლოდ ვენახის ამოსაძირკვად იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ ფერმერს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, გამოთავისუფლებულ მიწაზე ისევ ვაზს ჩაყრიდა, თუ სხვა კულტურას მოიყვანდა. რაც შეეხება ყვარლის და დედოფლისწყაროს რაიონებს, იქ ასევე მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ძველი, ამორტიზებული ვენახების ამოძირკვა“,- განაცხადა მან „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში.

„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამა“ საჭირო და დროული პროგრამა იყო, მაგრამ საზოგადოებაში მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, მხოლოდ ვაზის აჩეხვად აღიქმებოდა, ხოლო მიზეზს და შედეგს არავინ კითხულობდა. 2010 წელს ეს პროგრამა შეჩერდა“ ,– დასძინა პეტრე მესხიძემ.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვენახები 37 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული. 2014 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის მიხედვით კი მათი რაოდენობა 33 ათას ჰექტრამდე შემცირდა. აქედან, თითქმის 1000 ჰექტარი ვაზი „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში გაიჩეხა, დანარჩენი კი მოსახლეობამ თავად გაჩეხა. ვენახების რაოდენობის შემცირებას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ვენახების ფართობის შემცირება 2006-2013 წლების რუსეთის მიერ ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე გამოცხადებულმა თითქმის 7 -წლიანმა ემბარგომ განაპირობა. ნახევრად ტკბილ ღვინოებზე („ხვანჭკარა”, „უსახელოური” და „ტვიში”) მოთხოვნა შემცირდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ვენახების აჭრა დაიწყო და ვენახების საერთო ფართობიც შემცირდა. 2013 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე ემბარგო გააუქმა, შედეგად, გასაღების ბაზარი კვლავ გაჩნდა, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასმა აიწია და ამის გამო 2013-2014 წლებში მოსახლეობამ ახალი ვენახების გაშენება დაიწყო. საქსტატის ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლისთვის ვენახების რაოდენობა 36 ათასს ჰექტრამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ყურძნის ფასის სუბსიდირებას, [2] როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2006 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგო დააწესა. ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენეხეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. 2008-2017 წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 165 მლნ ლარი გამოიყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირება იყო.

მიმდინარე წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდიას ის ღვინის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეისყიდის და გადაამუშავებს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდის.

1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითლისთვის - 0.30 ლარი და 1 კგ კახური მწვანესთვის - 0.30 ლარი. ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნის ნაკლებობის შემთხვევაში, სახელმწიფო მმართველობაში არსებული სს „აკურა"ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც წინა წლებში, ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს შეისყიდის.

როგორც აღვნიშნეთ, ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება. აქედან გამომდინარე, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლიდან ხუთ წელიწადს ყურძნის სუბსიდირებას ახდენდნენ. შესაბამისად, განცხადების კონტექსტი, თითქოს წინა ხელისუფლება ყურძნის ფასს არ ასუბსიდირებდა, მცდარია.

ასევე, მამუკა მდინარაძე ყურძნის სუბსიდირებას დადებით მოვლენად წარმოაჩენს. იგი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნების წინ ყურძნის სუბსიდირებასა და ყურძნის ფასზე აპელირებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ მიწოდება (მოსავალი) გაზრდილია, მოთხოვნა კი (დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე) შემცირებული, ყურძენზე ფასიც, ბუნებრივია, უნდა შემცირდეს. თუმცა პოლიტიკოსების მიერ წლების განმავლობაში გაცემული დაპირებები (ყურძნის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა, ყურძენი ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს) მევენახეებში გადაჭარბებულ მოლოდინს ქმნის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაზე დახარჯული სოლიდური თანხების მიუხედავად, ისინი ყურძნის ფასით მუდმივად უკმაყოფილო რჩებიან.

მევენახეების მუდმივი სუბსიდირება დარგის განვითარებას, შეიძლება ითქვას, ერთგვარად აფერხებს კიდეც. მათ მუდმივად აქვთ მოლოდინი (ხელისუფლების დაპირებებიდან გამომდინარე), რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ და მხოლოდ ამაზე არიან ორიენტირებულნი, საკუთარი ღვინის საწარმოებლად არც საკმარისი რესურსები და უკვე, ალბათ, არც სურვილი აღარ აქვთ, რადგან დღევანდელი გარანტირებული შემოსავალი ურჩევნიათ, თუნდაც ღვინის გაყიდვით მთელი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს. მევენახეების ცოდნა ბიზნესშიც საკმაოდ მწირია. ამიტომ უმჯობესი იქნება სუბსიდირების ნაცვლად მათ ხელისუფლებამ დახმარების ალტერნატიული ფორმები შესთავაზოს (მაგ: ცოდნის ასამაღლებელი პროგრამები, საგრანტო პროგრამები, კოოპერატივების ხელშეწყობა, საოჯახო და მცირე მარნების განვითარება და სხვა), რაც პერსპექტივაში უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ყურძნის ფასის ხელოვნური გაზრდა.

[1] ჰიბრიდული ჯიშის ვაზი - ვაზი, რომელიც სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგად არის მიღებული. ჰიბრიდული ჯიშების სამეურნეო მაჩვენებელი მეღვინეობის კუთხით ძალიან დაბალია, აქვს არასასურველი გემო და ხარისხიანი მეღვინეობის კუთხით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამ ჯიშის მთავარი პლუსი არის დაავადებებისადმი გამძლეობა და ამის გამო მოიკიდა ფეხი როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში.

[2] სუბსიდია - ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს ან ცალკეულ პირებს. რთველის სუბსიდირების შემთხვევაში, სახელმწიფო ახდენს ყურძნის ფასის სუბსიდირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მევენახეს თითოეულ კილოგრამ ყურძენზე, საბაზრო ფასის ზემოთ, წინასწარ განსაზღვრულ თანხას უხდის.

ფოტო: მამუკა მდინარაძის პრესსამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი