ოთარ კახიძე: ქუთაისის მერიამ 2.5 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა ისე, რომ ის კონკრეტულ პირს მოარგო. შემდეგ კონკურსის გარეშე 1.8 მლნ ლარი დამატებით გამოუყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის ასაშენებლად გამოცხადებული კონკურსი ისე წარმართა და საკონკურსო მოთხოვნები ისე განსაზღვრა, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს - შპს „სანოს“ მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, შპს „სანომ“ მერიას კონკურსის გარეშე, დამატებით 1.8 მილიონი ლარის ღირებულების 1800 კვ.მ ფართი მიჰყიდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ქუთაისის მერიამ 1 კვ.მეტრში 1000 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით, რეალურ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა 2.0 მლნ ლარს შეადგენს. ჯამში ქუთაისის მერიამ, შპს „სანოს“ 4.3 მილიონი ლარი გადაუხადა.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ქუთაისის მერია კორუფციულ გარიგებაში ამხილა და განაცხადა: „ქუთაისის მერიამ 2.5 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა ისე, რომ მოარგო ის კონკრეტულ პირს. შემდგომ კონკურსის გარეშე 1.8 მილიონის ოდენობის დამატებითი თანხა გამოუყო, და საბოლოოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ქუთაისის მერიის პირდაპირი ხელშეწყობით მოიპარეს 2 მლნ ლარი“.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უსახლკაროთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისის საკრებულომ სოციალური საცხოვრისის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საცხოვრისის ასაშენებლად კონკურის პირობები საკრებულომ განსაზღვრა, ხოლო მერიამ კონკურსი 2016 წლის 24 ივნისს გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების თანახმად, სოციალური საცხოვრისი ჯამური საცხოვრებელი ფართი 2.500 კვ.მ, ეზოს ფართობი - არანაკლებ 1.000 კვ.მ, ხოლო აივნის ფართი საცხოვრებელი ფართის 15 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. კონკურსი პირობები ასევე საცხოვრებელი ოთახების გარემონტებას და ინვენტარით კეთილმოწყობასაც ითვალისწინებდა. 2016 წლის 24 ივნისის ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით, კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 11 ივლისი დასახელდა. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების მოსამზადებლად 18 დღე ჰქონდათ განსაზღვრული. საკონკურსო პირობებით სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 2017 წლის 1 თებერვლამდე (7 თვეში) უნდა დასრულებულიყო. კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, საცხოვრისის მშენებლობისთვის კონკურსანტს უნდა ჰქონოდა მიწა სამშენებლო გამოყენების პირობებით ან სამშენებლო ნებართვა, ან უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ:

  • პირებს, რომლებიც კონკურსის გამოცხადებიდან 18 დღეში შეადგენდნენ პროექტს და მასზე მშენებლობის ნებართვას მიიღებდნენ;
  • პირებს რომლებსაც მსგავსი მასშტაბის საცხოვრებელ ფართზე მოქმედი სამშენებლო ნებართვა უკვე გააჩნდათ;
  • პირებს, რომლებსაც მიწა სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გააჩნდათ.

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობაში გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის კონკურსის პირობები შეისწავლა და დაასკვნა, რომ მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსი ერთი პირის ინტერესებს იყო მორგებული. კერძოდ, სამშენებლო ნებართვას გასცემს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამ პროცესს 14-დან 143 დღემდე ანდომებს. შესაბამისად, დაინტერესებული პირი 18 დღეში პროექტის მომზადებას და მშენებლობის ნებართვის მიღებას, ვერ შეძლებდა.

კონკურსის პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობის მიღება იმ პირებსაც შეეძლოთ, რომლებსაც სამშენებლო ნებართვა უკვე გააჩნდათ. ქუთაისის მერიას კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე 7 ნებართვა ჰქონდა გაცემული, თუმცა საკონკურსო მოთხოვნებს მხოლოდ 1 სუბიექტი - შპს „სანო“ აკმაყოფილებდა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მას შეეძლო კონკურსში მონაწილეობა და საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილება. ვინაიდან, გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე ინფორმაცია ინახება მუნიციპალიტეტში, აღნიშნული გარემოება საკონკურსო კომისიისა და მერიის პასუხისმგებელი პირებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ასევე, კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტს სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 7 თვეში უნდა დაესრულებინა, რაც მშენებლობის მასშტაბიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო და კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შემზღუდავ გარემოებას წარმოადგენდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუდიტის დასკვნის მიხედვით, კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და წინასწარ იყო განსაზღვრული, ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული.

საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „სანომ“ მიიღო და 2016 წლის 20 ივლისს ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა. საკონკურსო პირობების მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. შპს „სანომ“ სამუშაოები ამ ვადებში ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტმა დასაბუთების გარეშე სამუშაოების დასრულების ვადა 2017 წლის აპრილამდე გაუხანგრძლივა, ისე რომ, ხელშეკრულების დარღვევისთვის არანაირი სამართლებრივი ღონისძიება არ გაუტარებია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, შპს „სანოს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ჭანტურიძე არაერთ ბიზნესში პარლამენტარ ნინო წილოსანის პარტნიორია. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“) სამოქალაქო აქტივისტისა და „ფლანგვის დეტექტორის“ მთავარ რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილისთვის ცილისწამებისთვის ( დეპუტატი მფარველობს კომპანიას, რომელიც ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებს და აუდიტის დასკვნით, არაერთი დარღვევა გამოუვლინდა) სასამართლოში ჩივილს აპირებდა.

2017 წელს 21 აპრილს მერიამ სოციალური საცხოვრისი ჩაიბარა და შპს „სანოსგან“ 2500 კვ.მ შენობა და კეთილმოწყობილი ეზო 2.5 მილიონ ლარად შეისყიდა. 2017 წლის 8 სექტემბერს მერიასა და შპს „სანოს“ შორის მორიგი ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მერიამ შპს „სანოსგან“ დამატებით იმავე შენობაში არსებული 1.872 კვ.მ ფართი (რასაც კონკურსის პირობები არ ითვალისწინებდა) 1.872 მლნ ლარად შეისყიდა. ჯამში, ქუთაისის მერიამ შპს „სანოს“ 4.372 კვ.მ საცხოვრებელ ფართში, 4.3 მლნ ლარი გადაუხადა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იმავე პერიოდში (2017 წლის მაისში) დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებისთვის შესყიდულ საცხოვრებელ ერთ კვადრატულ მეტრ ფართში 850 ლარი გადაიხადა, ქუთაისის მერიამ კი - 1000 ლარი, რაც ჯამში 655.8 ათას ზედმეტად გადახდილ ლარს შეადგენს.

2018 წლის 24 იანვარს, აუდიტის ჯგუფმა აღნიშნული სოციალური საცხოვრისის შენობა დაათვალიერა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შენობა, საცხოვრებლის ფუნქციებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, შენობას არ აქვს აივნები, ფანჯრები ისეთ სიმაღლეზეა დამონტაჟებული, რომ მანძილი ფანჯრის სახელურიდან იატაკამდე დაახლოებით 2 მეტრია, რაც მოსახლეობის მხრიდან მათ გამოყენებას ართულებს.

აუდიტის მიმდინარეობის პროცესში, 2018 წლის 5 აპრილს ქუთაისის მერიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ შპს „სანოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის ექსპერტიზა დაუკვეთა და შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ფასის დადგენა მოითხოვა. დასკვნის მიხედვით, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარს შეადგენს, ხოლო ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ გადაცემული ფართი 4288.4 კვ.მ-ია და არა 4 372 კვ.მ. (83 კვ.მეტრით ნაკლები). შესაბამისად, შენობის რეალური ღირებულება 2.3 მლნ ლარს შეადგენს და არა 4.3 მილიონ ლარს, რაც მერიამ რეალურად გადაიხადა. სხვაობა ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ღირებულებას შორის 2 მლნ ლარია.

ზემოთქმული დარღვევებიდან გამომდინარე, აუდიტორთა რეკომენდაციით, ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის არასაბაზრო ფასად შესყიდვის ფაქტი უნდა შეისწავლოს, პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები გაატაროს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი