რეზიუმე: პანდემიასთან ბროძლის პროცესში პარლამენტის ჩართულობა, ძირითადად, საპარლამენტო კონტროლზე უარის თქმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაფართოებაში გამოიხატა. პარლამენტმა განუსაზღვრელი დისკრეცია მთავრობას იმ უფლებათა შესაზღუდავად მიანიჭა, რომელთა შეზღუდვასაც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშიც კი, პარლამენტის მიერ სჭირდებოდა დამტკიცება. აღსანიშნავია ისიც, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იღებდნენ, ხოლო პარლამენტის სხვა წევრები საბჭოს მუშაობაში საჭიროებისამებრ ერთვებოდნენ. ეს თანამშრომლობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პარლამენტის სრულფასოვანი მონაწილეობა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. 14 ივლისის შემდეგ, მთავრობამ, პანდემიასთან ბრძოლის მოტივით, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო, ჩართული არ იყო. მეტიც - საპარლამენტო კონტროლოს მექანიზმი მხოლოდ ამ უფლებების გაფართოებით შემოიფარგლა, ხოლო ოპოზიციის ჩართულობა კიდევ უფრო მინიმალური იყო.

ანალიზი:

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ გაზეთები დაარიგა. გაზეთში მოცემულია ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან. ინტერვიუში არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობას აფასებს და ამბობს:„პანდემიის დროს არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ მიღებულა“.

2020 წლის 21 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პარლამენტის ბიურომ 21 მარტს დაადგინა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომები, საჭიროებისამებრ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
გაიმართებოდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგანგებო სესია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, გრძელდება. აღნიშნული ჩანაწერის მიუხედავად, ბიუროს 21 მარტის გადაწყვეტილება საგანგებო სესიის დროს, მუშაობის გეგმასთან დაკავშირებით, კონკრეტულს არაფერს ამბობს.

ვინაიდან 21 მარტიდან საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებების შეზღუდვის ბერკეტი მთავრობის ხელში გადავიდა. ასეთ ვითარებაში, (თუ პარლამენტის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირება გარკვეულ რისკებს არ შეიცავს და საფრთხეს არ უქმნის დეპუტატებს) პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ფუნქციის, მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის ჯეროვნად განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა და ამას არც კანონმდებლობა კრძალავს. მეტიც, იმისათვის რომ არ მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება, მთავრობის მიერ გატარებული თითოეული უფლებაშემზღუდავი ზომის ზედამხედველობა პარლამენტის მხრიდან პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეთოდს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის სხვა წევრები, საჭიროებისამებრ, იღებენ. თუმცა საეჭვოა, რამდენად უზრუნველყოფს ეს შემადგენლობა პარლამენტის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციური ძალების სათანადო ჩართულობას საბჭოს საქმიანობაში.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (21 მარტი- 22 მაისი) პარლამენტი რამდენიმეჯერ შეიკრიბა. შეკრების მიზეზები, ძირითადად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გაფართოება იყო.

22 აპრილს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. 23 აპრილს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა ადმინსტრაციული სამართალდარღვევა, ხოლო ზემოხსენებული დარღვევის გამეორებით ჩადენა სისხლის სამართლის დარღვევა გახდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

22 მაისს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები
შეიტანა, რომლის მიხედვითაც მთავრობის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად (2020 წლის 15 ივლისამდე) გაფართოვდა. კერძოდ, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში ისეთი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მიენიჭა, როგორიცაა შრომის უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და კონსტიტუციით დაცული სხვა უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია), 14 ივლისს პარლამენტმა მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა.

აღნიშნული ცვლილებით, მთავრობას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარი შეხედულებისამებრ, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, შეზღუდოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები. საყურადღებოა, რომ განუსაზღვრელი დისკრეციით მთავრობას იმ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობაც მიეცა, რომელთა შეზღუდვასაც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშიც კი, პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლზე უარი თქვა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პარლამენტის ჩართულობა, ძირითადად, საპარლამენტო კონტროლზე უარის თქმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაფართოებაში გამოიხატა. აღსანიშნავია ისიც, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის სხვა წევრები საჭიროებისამებრ იღებენ. ამ ჩამოთნათვალში კი არსად წერია ოპოზიციური პარტიების სავალდებულო ინფორმირებისა და ჩართულობის შესახებ. გარკვეული თანამშრომლობის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილებების მიღებაში პარლამენტის სრულფასოვან ჩართულობად არ შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციის მთლიანად გამოთიშვა აღნიშნული პროცესიდან, პარლამენტის როლს კიდევ უფრო აკნინებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ 14 ივლისის შემდეგ, მთავრობამ, პანდემიასთან ბრძოლის მოტივით, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი, არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო, ჩართული არ იყო და, შესაბამისად, პარლამენტმა, შეიძლება ითქვას, მთავრობას გარკვეული ღონისძიებების გასატარებლად თანხმობა წინასწარ მისცა, ხოლო უწყებათაშორის საქმიანობაში ოპოზიცია ჩართული არ ყოფილა. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ პარლამენტის მხრიდან ინსტიტუციური კონტროლი მთავრობაზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მეტიც, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ, პარლამენტის ნებართვის გარეშე, შეძლოს უფრო ოპერატიული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ადამიანის უფლებების დასაცავად, რჩება უფლებები, რომელთაც მთავრობა ვერ ეხება, ხოლო პარლამენტის მხრიდან ამ უფლებების შეზღუდვის დისკრეციის გადაცემა მთავრობაზე, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გაასაჩივრეს. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ პანდემიის დროს არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ მიღებულა, არის მცდარი
.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი